რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ინფორმაცია ჰერეთს მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავადაც დაუდასტურა.
კითხვაზე იხურება თუ არა ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი-პოლიტიკური თოქ-შოუ, გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მიშველაძე არსად მიდის.
"ის ჩვენი თანამშრომელია და არსად არ მიდის. ჩვენ თავად გადავწყვეტავთ დარჩება იგი ამ გადაცემაზე თუ სხვა გადაცემაზე იქნება. საზოგადოებრივ მაუწყებელს ემატება პოლიტიკური მაუწყებლობა, თუ იყო აქამდე ერთი გადაცემა, ახლა იქნება ყოველდღიური. იცვლება სხვადასხვა გადაცემის ფორმატებიც", - დასძინა ბარათაშვილმა.
ვინ იქნებიან ახალი გადაცემების წამყვანები და რა პოზიციები ექნებათ ამჟამინდელ თანამშრომლებს ბარათაშვილი ვერ ასახელებს.
დაიხურა თუ არა მიშველაძის პოლიტიკური თოქ-შოუ "პირველი სტუდია", ამაზე პასუხის გაცემა უჭირს თავად გადაცემის ავტორსა და წამყვანს ეკა მიშველაძესაც, რომელიც იმედს იტოვებს რომ მედიაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებელი "გონივრულად მოიქცევა".
წყარო: heretifm.com