„რუსთავი 2"-ის გენრალურ დირექტორი, ნიკა გვარამია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ, კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, „თელასმა" მილიონი დოლარის სანაცვლოდ საგადასახადო შემოწმება აიცილა.
„ეს ჩვენი (ხეთაგური-დამენია-გვარამია) საქმის ახალი ვერსიაა ეტყობა. საქმის, რომელიც ბოლომდე ჩამოეშალა პროკურატურას. ახლა ამ „ქალამანა-ფოსტალას" ახალი ვერსია გამოაგდებინეს - ქრთამი საგადასახადო შემოწმების ნაცვლად. ეგ როგორ მოხდა ნეტავი? ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა, როგორ აიღო ქრთამი იმაში, რომ ფინანსთა მინისტრის ფუნქციას არ შეასრულებდა და საგადასახადო შემოწმებას არ ჩაატარებდა? ამის მერე, ფინანსთა მინისტრად რომ გადაიყვანეს, პირველი რაც გააკეთა, თელასის საგადასახადო შემოწმება დაიწყო. ნუ მილიონიანი ქრთამი სკლეროზს იწვევს ალბათ. ინფუზორია კალაძე, შენს საქმეს მიხედე, დღეგამოშვებით რომ შუქი ქრება და ზამთარში კაცმა არ იცის რა მოხდება. ქრთამს რაც შეეხება, ინვესტორების წილში ჩამჯდომების ამბები ჩვენამდეც აღწევს", - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილ ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარეობს.
პროკურატურის ცნობით, ნიკა გვარამია იყო ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი "კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის", რომლის შედეგადაც, მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო "ინტერ რაოსგან". გამოძიების ვერსიით, გვარამიამ 2012 წლის 26 ივლისში მის მეგობარს გიორგი ნემსიწვერიძეს შპს "ელენდეფ სერვისი" შეაქმნევინა, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ფულადი თანხები ჩაირიცხა, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარი, "ინტერ რაო ესის" კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან - სს "ხრამჰესს 1," "ხრამჰესი 2", ასევე "მტკვარი ენერგეტიკიდან" და "თელასიდან".