ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ მოსახლეობა მთაში,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რაჭის სოფელ უწერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა უწერას მცხოვრებთ რიონის კალაპოტის გამაგრებას, გაზიფიკაციას და მიწების დაკანონების პროცესში დახმარებას დაჰპირდა. მანშეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მთის კანონის შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთის კანონი 1 იავრიდან ამოქმედდება და მთაში მცხოვრებთათვის მთელი რიგი შეღავათები დაწესდება: განსხვავებული ხელფასები და დახმარებები, საწარმოები მთლიანად გათავისუფლდებიან მოგების და ქონების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისგან კი 10 წლის განმავლობაში. ახლდაბადებულ ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად 100 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს მიიღებს.
„წლების განმავლობაში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა მთას და ამის შედეგი არის ის უმძიმესი სურათი, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მთა იცლება, ოჯახები ტოვებენ სახლ-კარს და მიდიან ქალაქში, რაც არის დიდი შეცდომა. ჩვენ დავიწყეთ წინა მთავრობების შეცდომების გამოსწორება. მივიღეთ მთის კანონი, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და რომელიც 1 იანვარს შევა ძალაში. გაწერილია მთელი რიგი ღონისძიებები, შეღავათები, რომელსაც ჩვენ დავუწესებთ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას. კერძოდ, განსხვავებული ხელფასები ექნებათ პედაგოგებს, ექიმებს. პენსიონერებს გაეწევათ დახმარებები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთაში საწარმოები მთლიანად გათავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადისგან. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებულები 10 წლის განმავლობაში. ამას გარდა, დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებლად, თითოეულ ახალდაბადებულზე 100 ლარს მიიღებს ოჯახი თვეში, ყოველ მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს, რაც ვფიქრობ იქნება კარგი დახმარება მთავრობის მხრიდან. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ შეღავათების ამოქმედების შემდეგ მთაში უნდა დაიწყოს სერიოზული ცვლილებები. ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის და აქ ყიდულობს სახლს, მაშინ როცა ჩვენი მოქალაქეები, ქართველები მიდიან და ტოვებენ სახლ-კარს. ამიტომ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთაში დავამაგროთ მოსახლეობა და გავაძლიეროთ მთა და სოფელი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.