საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ აკვაპარკ "ჯინო ფერედაისში" იმყოფებოდა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის, „ეკო გრინ სითის" გაშენება იგეგმება.
მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია "ჯინო ფერედაისის" დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ წარუდგინა.
პრეზენტაციას ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანიაც ესწრებოდა.
ახალი ეკოლოგიური ქალაქის აშენება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ მიწის ფართობზე იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებები, კურორტოლოგიური და სარეაბილიტაციო ობიექტები, პარკები, სპორტული მოედნები, სავაჭრო უბნები და სხვა. ენერგიის 90% გამომუშავებული იქნება მზის, ქარის, წყლის და ბიო გაზის მეშვეობით. ამ მიმართულებით გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე ენერგეტიკული დანადგარები, მზის კოლექტორები, ინვენტორები, კოოგენერაციული და ტრიგენერაციული დანადგარები.
„ამ კომპანიის პროექტების მოცულობა ას მილიონ დოლარზე მეტია, რაც არის დამატებითი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავდროულად, ეს არის ის კარგი გამოცდილება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რაც განაპირობებს წარმატებულად დასრულებულ და განხორციელებულ პროექტებს" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თბილისის გარდა, კომპანია „ჯინო ფერედაისი" მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გუდაურსა და ბაკურიანშიც გეგმავს.