6 სექტმბერი - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის თენგიზ სულხანიშვილს დაბადების დღეა. ჟურნალისტი ნუგზარ ფოფხაძე მის შესახებ წერს:
„53 წლის წინ გავიცანი... 52 წლის განმავლობაში თვალს ვადევნებ მის შემოქმედებას... საქართველოს ტელევიზიაში ჩემი პირადი რეკომენდაციით მიიღეს (მადლობა ბ-ნ კარლო გარაფხაძეს ნდობისთვის). ვიყავი მისი ხელმძღვანელიც. საბჭოთა ტელევიზიის წამყვანი პროგრამის "ვრემიას" ქართული ჯგუფის თავკაცად მე გავამწესე... და ამის შემდეგ, ვფიქრობ, მაქვს მორალური უფლება ვთქვა: ვიცნობ! და დღემდე ურყევად მიმაჩნია, რომ საქართველოს ტელეჟურნალისტიკას მსგავსი ნიჭის, გაქანების, მასშტაბის რეპორტიორი არ ყოლია და... ჯერაც არ ყავს!
ერთი ფაქტი: ყოველკვირეულად ჯამდებოდა (სათანადო შეფასებით) საუკეთესო სიუჟეტი"ვრემიაში". როგორც წესი, წლის ბოლოს გამარჯვებულის (ანუ, წლის საუკეთესო რეპორტიორის) წოდებას ისაკუთრებდა... ქართველი თენგო სულხანიშვილი. რაოდენ მაგარი უნდა ყოფილიყო ამ ჯილდოს მფლობელი, რომ ეს ეღიარებინა უმაღლესი კვალიფიკაციის და "წამყვანი" ეროვნების პროფესიონალთა ჯგუფს..
არ ვიცი შემორჩა თუ არა არქივს (ან ვინმეს) მოულოდნელი წყალდიდობისას დატბორილ "პლეხანოვის პროსპექტზე" გასაბერი ნავით "მოსეირნე" სულხანიშვილი... ან, ბათუმის დელფინარიუმის უჭკვიანეს ბინადრებთან მოსაუბრე თენგიზი, რომელმაც ყველასათვის, მათ შორის ოპერატორისთვისაც მოულოდნელად, რეპორტაჟი გააგრძელა აუზში ოსტატური ნახტომით და დელფინებთან სიყვარულის ახსნით...
აღარაფერს ვამბობ მის ლიტერატურულ, საფეხბურთო მიღწევებზე, მის ყამირულ ბიოგრაფიაზე, მის შეხვედრებზე ლ.ბრეჟნევთან, აკად. ვ.აფანასიევთან... მის უკიდეგანო და განუმეორებელ იუმორზე, მის ლეგენდარულ სამეგობროზე (მართლაც მსოფლიოს მასშტაბით), მის შვილიშვილებზე...
ერთადერთი ნაკლი, რაც სიჭარმაგეში გამომჟღავნდა, ის არის, რომ საქართველოდან მოშორებით ცხოვრებისას და მხოლოდ სუბიექტურ-სატელეფონო კავშირებზე დაყრდნობით, შეცდომას უშვებს ზოგიერთი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური" მოვლენის თუ ამ სფეროებში მოღვაწე ამა თუ იმ პერსონის შეფასებისას (მაგ. მეგრული სულგუნი ურჩევნია საირმისას, ან ბ-ნი კიკა უფრო კოლორიტი იყო თბილისისთვის თუ ქ-ნი მარინა)...
ძალიან გვიყვარს თენგიზ სულხანიშვილი მეც და მთელ ჩემს ოჯახს, მთელ სამეგობროს. გვენატრება. ველით", - ნათქვამია ნუგზარ ფოფხაძის წერილში.
თენგიზ სულხანიშვილი 6 სექტემბერს დაიბადა:
„გილოცავ... არ მყოფნის გამოვხატო ის რისი თქმაც მსურს. 19 წლისამ გაგიცანი! ლაღი, იუმორიანი, მომღიმარი, არასტანდარტული გარეგნობის, მამაკაცური ღირსებებით შემკული, საოცრად თბილი და მუდამ მზად მყოფი დახმარებისთვის. განებივრებული იმ "არმია " თაყვანისმცემლებისგან რომლებიც თავს გეხვია, არ მახსოვს "შეგეფეროს' ან და გეტრაბახოს. სრულიად შემთხვევით გავიგე შეჭირვების ჟამს რამდენ კოლეგას დაეხმარე(ბუკვალურად გადაარჩინე).... ალბათ შენისთანა ადამიანზე უნდა თქვა რა დედამ გაზარდაო! დაილოცოს შენი აღმზრდელი! და კიდევ ერთი: შენი გვარ სახელის გაგონებაზე მხოლოდ ღიმილი და სითბო მეღვრება, მიხარია რომ კარგად ხარ და ხარობ შენი მონაგარით, ულამაზესი შვილიშვილებით! ჯიში და გენი არ იკარგება! დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო!"- ასე ულოცავენ მეგობრები და კოლეგები იუბილარს დაბადების დღეს.
„რეპორტიორი" ულოცავს თენგიზ სულხანიშვილს იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს...
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=75530