reportiori.ge - მთაწმინდა ჩაფიქრებულა... საზოგადო მოღვაწეთა საფლავები ინგრევა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:15
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მთაწმინდა ჩაფიქრებულა... საზოგადო მოღვაწეთა საფლავები ინგრევა!
ავტორი:
07 სექტემბერი, 2015. 15:30


რამდენიმე დღის წინ მამადავითისკენ მიმავალ ქვაფენილიან აღმართს შევუდექი. მიხვეულ-მოხვეული გზების ავლის შემდეგ, პირველად ალექსანდრე გრიბოედოვისა და მისი მეუღლის, ნინო ჭავჭავაძის, საფლავთან შევისვენე. ჭაღარა მამაკაცი უცხოელ ტურისტებს XIX საუკუნეში დასაფლავებულ რუს პოეტსა და მის მეუღლეზე უყვებოდა... ეს ადამიანი, პანთეონის მომვლელი, 67 წლის ოთარ გაგუა გახლდათ, კაცი, რომელიც ზუსტად 15 წლის წინ ექსკურსიამძღოლობას გვიწევდა მე და ჩემს კლასელებს.


„ჩემთვის მთაწმინდის პანთეონი მეორე ოჯახია..."

 

15 წელია, მისი ყოველი დილა პანთეონში მოსვლით იწყება. ტერიტორიას ფოთლებისგან ასუფთავებს და შემდეგ ყველა საფლავს საგულდაგულოდ წმენდს.


ოთარ გაგუა: - „მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე. 90-იან წლებში, ბიზნესი წამოვიწყე - რუსეთიდან საკვები პროდუქტი შემომქონდა. კარგად ვცხოვრობდი, მაგრამ მერე ყველაფერი აირია და მოსკოვიდან საქართველოში დავბრუნდი. სამსახური ვერსად ვიშოვე და დეპრესია დამეწყო. ამ ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა იოანე, ჩემი ბავშვობის მეგობარია. მისი კურთხევით დავიწყე მუშაობა პანთეონში. მას შემდეგ აქა ვარ, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, დილის 8 საათიდან საღამომდე. დილა საფლავების დასუფთავებით იწყება, შემდეგ ნარგავებს ვრწყავ, ფილებს ვრეცხავ. ჩემ გარდა, აქ ერთი ქალიც მუშაობს, ერთად ვუვლით აქაურობას. ყველა თავისებურად ცდილობს, ჩვენი შრომა რაღაცით დააფასოს. მაგალითად, ყოველ შაბათს ან კვირას აუცილებლად მოდის მერაბ სეფაშვილის სიდედრი, ქალბატონი ტატა, და სიგარეტის ფულს მაძლევს. მეუხერხულება და ვეუბნები, რომ არ არის შეწუხება საჭირო, მაგრამ მაინც მიტოვებს. შენ ეს დაიმსახურეო, მეუბნება. ბევრი მადლობას გვიხდის გაწეული შრომისთვის. მე კი ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, რომ ყოველდღიურად ბუმბერაზი ადამიანების საფლავებს შევეხო.


სტალინის საზოგადოება" და პროკლამაციები..."


- ერთი საყვარელი ადგილი მაქვს. როცა ვიღლები, გრიშაშვილის საფლავთან ქვის სკამზე ჩამოვჯდები და ვუყურებ აქ მოსულ ადამიანებს. იცით, გული რაზე მწყდება?


სამწუხაროდ, მოდიან ადამიანები, რომლებიც არც იცნობენ ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს. დღის განმავლობაში 300-მდე კაცი მაინც მოდის როგორც ტაძარში, ისე პანთეონში. ძირითადად, უცხოელები არიან. ქართველები უმეტესად საღამოობით, მთაწმინდის პარკიდან რომ ჩამოდიან, მაშინ შემოივლიან. წლების წინ, როცა პანთეონში დაცვა არ გვყავდა, ხშირად მოდიოდნენ ნასვამი მამაკაცები და გალაკტიონისა და ვაჟას საფლავებთან სადღეგრძელოებს ამბობდნენ. მას შემდეგ, რაც დაცვა დააყენეს, მსგავსი აღარაფერი ხდება. ადრე ხშირად „საზოგადოება სტალინის" წევრები სტალინის დედის საფლავზე პლაკატებს აკრავდნენ, რომლებსაც მათი წასვლისთანავე ვხსნიდი. ახლა ყვავილები მოაქვთ და თაიგულების ქვეშ მალულად დებენ პროკლამაციებს"."

 

სარესტავრაციო საფლავები


საფლავების ნაწილს რესტავრაცია სჭირდება. როგორც ოთარ გაგუა ამბობს, რამდენიმე მათგანის შეკეთებას წლებია თავად ცდილობს.


- „დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი დაზიანდა, ცხვირის ფრაგმენტი ჩამოტყდა. ჩოხოსნების დახმარებით, რესტავრატორმა აღადგინა. ბიუსტი კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა დააზიანა. სიმონ ჯანაშიას საფლავი დეფორმირებულია, ხის ნაჭრები ჩავულაგე და ზემოდან ცემენტი დავასხი, მაგრამ არაფერი ეშველა. ნახეთ, ლადო გუდიაშვილის საფლავის თაღი როგორ მაქვს დაწებებული. წებოს საღებავი შევურიე, რომ აგურისფერი მარმარილოს ფერი მიმეღო და იმით დავაწებე, თუმცა უხარისხოდ.

ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილის საფლავიც ცუდ მდგომარეობაშია, გამოცლილი აქვს საძირკველი. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მიწა დავბარო და ყვავილები დავრგო, რომ ეს ხინჯი დაიფაროს.


იყო შემთხვევა, როცა უცხოელ ტურისტებს საზოგადო მოღვაწეთა ისტორიას ვაცნობდი, კლდიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა და სასწაულით გადავრჩით.


ხშირად მეკითხებიან, რომელია ყველაზე ძნელად მოსავლელი საფლავიო. ძნელად მოსავლელი არც ერთი არ არის. ყველა მათგანს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვუვლი, თითოეული მათგანის ღვაწლი ისეთი დიდია ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ მათ ამაგს ვერასდროს გადავიხდით".


მარინა დავითაშვილი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის დირექტორი:


- ათი წელია, რაც ამ თანამდებობაზე ვარ. ადრე პანთეონის ტერიტორია ძალიან მოუვლელი იყო: აყრილი იყო ფილები, მოსავლელი იყო მწვანე ნარგავები. ეს ყველაფერი მოწესრიგდა.

 

- ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საფლავი, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია.


- ძირითადად, ძველი საფლავებია სარესტავრაციო. ყველაზე საშური ილია ჭავჭავაძის საფლავის მიხედვაა, კედელი მოჩუქურთმებული ქვებით აქვს შემკობილი და გრუნტის წყლებისგან იშლება. კედლის ქვედა მხარე უფრო ცუდ მდგომარეობაშია.


თბილისის მერიას მივმართეთ წერილით და როგორც კი საშუალება გამოჩნდება, მაშინვე დაიწყება საფლავების რესტავრაცია.



მთაწმინდის პანთეონი


მთაწმინდაზე პირველი სამლოცველო VI საუკუნით თარიღდება. წმინდა თორმეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, დავითმა, რომელიც დავით გარეჯელად იწოდება, VI საუკუნეში მთაწმინდაზე სენაკი და მცირე სამლოცველო ააგო. სწორედ წმინდა დავით გარეჯელს უკავშირდება მთაწმინდის მეორე სახელი - მამადავითი. მთაწმინდაზე პირველი სამარხები XVI საუკენეში ქართლის მეფე დავით X-ის პერიოდს მიეკუთვნება. XIX საუკუნეში დროთა განმავლობაში დანგრეული ტაძარი ხელახლა ააშენეს. მის ირგვლივ მოედანი გააკეთეს და ქალაქთან შემაერთებელი ახალი გზა გაიყვანეს. იმ პერიოდში მთაწმინდა წარჩინებულ პირთა სასაფლაოდ ითვლებოდა. XIX საუკუნეში დაასაფლავეს აქ რუსი პოეტი ალექსანდრე გრიბოედოვი და მისი მეუღლე, ნინო ჭავჭავაძე. მთაწმინდის ისტორიაში ახალი ერა ახალ საუკუნესთან ერთად დაიწყო. XX საუკუნის დამდეგს წიწამურთან ილია მოკლეს... ქართველმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის დაკრძალვა მთაწმინდაზე გადაწყვიტა. მას შემდეგ აქ მხოლოდ ერის რჩეულები ხვდებიან. რვა წლის შემდეგ მთაწმინდაზე დაკრძალეს აკაკი წერეთელიც. საბჭოთა რეჟიმის დროს პანთეონი სამი წლით დაიკეტა, თუმცა მას შემდეგ მსგავსი რამ აღარ განმეორებულა... რეპრესიების სისხლიან წელს (1937 წელს) პანთეონში მხოლოდ ერთი ადამიანი, სტალინის დედა, ეკატერინე (კეკე) გელაძე დაკრძალეს ვაჟა-ფშაველას საფლავის გვერდით. ვაჟა-ფშაველას შემდეგ დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე ნიკოლოზ ბარათაშვილი, შემდეგ კი იაკობ გოგებაშვილი გადაასვენეს. 1950-დან 1989 წლამდე მამადავითის ეკლესიის ეზოში მეცნიერების, მწერლების, პოეტების, მსახიობების 17 ახალი საფლავი გაჩნდა. 1959 წელს გალაკტიონ ტაბიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ახლოს დაკრძალეს. XXI საუკუნის დამდეგს პირველი, ვინც მთაწმინდაზე დაასვენეს, ექვთიმე თაყაიშვილი იყო - ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი 2002 წელს დიდუბიდან გადმოასვენეს და ილიას გვერდით დაკრძალეს. რამდენიმე წლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს. ამჟამად მამადავითის ეკლესიის ეზოში 51 საფლავი და ერთი ძვალთსაცავია, სადაც ივანე მაჩაბლის ნეკნები ინახება. 2009 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდის პანთეონი დაიხურა.


პანთეონის ტერიტორიაზე ორი ეკლესია დგას: მთავარი მამა დავითის სახელობისაა, ხოლო მეორე, უფრო მცირე, ფერისცვალების სახელს ატარებს.



***

- ბაბუ, რა არის გარდაცვალება?

 

- გარდაცვალება სხვა სამყაროში გადანაცვლებას ნიშნავს...


- სხვა სამყარო სად არის?

 

- ცაში. მზესთან, მთვარესა და ვარსკვლავებთან...


- მაშინ სასაფლაო რატომ არის? იქ რატომ მიჰყავთ მიცვალებულები? ან სიკვდილი რაღა არის?

 

- ბაბუ, სიკვდილსა და სასაფლაოზე არავინ ოცნებობს, მაგრამ არსებობს სასაფლაო, რომელიც საოცნებოა. რომ გაიზრდები, ამას მერე მიხვდები...


- რატომ?

 

- იქ ჩვეულებრივი მოკვდავი უკვდავი ხდება.


- სად არის ის ადგილი, სადაც უკვდავები ხდებიან?

 

- ამ ადგილს მთაწმინდის პანთეონი ჰქვია, ბაბუ...


ათიოდე წლის შვილიშვილისა და ბაბუის ამ დიალოგს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სკვერში შევესწარი... ყოველ პასუხს ახალი კითხვა მოსდევდა. მათი საუბარი დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ცნობისმოყვარე ბიჭუნამ ბაბუისგან დაპირება მიიღო, რომ უკვდავების სასაფლაოზე აუცილებლად აიყვანდა...


ჩემი ბავშვობა გამახსენდა. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა რაიონიდან თბილისში ექსკურსიაზე მამადავითზე ავედით. ეზოში მამაკაცი დაგვხვდა - მომვლელი, რომელიც ექსკურსიამძღოლობასაც გვიწევდა. მაშინ პირველად დავინახე ხელისგულივით გადაშლილი თბილისი მთაწმინდიდან...


თორნიკე ყაჯრიშვილი

„კვირის პალიტრა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016