კანადელი ჯაზ-პიანისტი და მომღერალი დაიანა კროლი შემოდგომაზე, 23 ოქტომბერს, თბილისში კონცერტს გამართავს. ღონისძიება თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კონცერტის ორგანიზატორი - "ისთერნ პრომოუშენი" 7 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას მომღერალთან, რომელიც უარის მიზეზად საქართველოში სასტუმროების ქსელის - "Four Season" არარსებობას ასახელებდა.
კონცერტის შესახებ ინფორმაცია "ისთერნ პრომოუშენის" დამფუძნებელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კანდელაკმა გაავრცელა.
დაიანა კროლმა პირველი ალბომი 1993 წელს გამოუშვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდული აქვს 6 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო მსოფლიოს მაშტაბით მათი რაოდენობა 15 მილიონს აჭარბებს. 2009 წლის 11 დეკემბერს ჟურნალმა „Billboard"-მა იგი 2000-2009 წლების საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა. დაიანა კროლი არის ერთადერთი ჯაზ-მუსიკოსი, რომლის ზედიზედ რვა ალბომმა „Billboard"-ის ჩარტში გამოსვლისთანავე პირველი ადგილი დაიკავა. კროლი არის ხუთი გრემის და რვა ჯუნოს მფლობელი. მიღებული აქვს ცხრა ოქროს, სამი პლატინისა და შვიდი მულტი-პლატინური დისკი.