reportiori.ge - კაცი, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას აბრალებენ, ალაპარაკდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
ინტერვიუ
კაცი, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას აბრალებენ, ალაპარაკდა!
ავტორი:
08 სექტემბერი, 2015. 18:45


ვინც ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებს თვალს ადევნებს და ბოლო დროს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ დაწყებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეცნობა, დამერწმუნება, რომ ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელებს შორის სულ უფრო ხშირად გაისმის ძმები გია და გოჩა სარიების, ბეჟან წურწუმიას, ბადრი ზარანდიას, ბესო ხარებავასა და გია ჭანიას გვარ-სახელები...


ამ ექვსი კაციდან მხოლოდ ერთია გარდაცვლილი - ბადრი ზარანდია, დანარჩენები ცოცხლები არიან...


რამდენიმე დღის წინათ ძველი ნაცნობ-მეგობრის საშუალებით დამიკავშირდა ბეჟან წურწუმია. მეგობარმა მითხრა, რომ წურწუმია თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ჩემთან შესახვედრად მზად იყო. გარკვევით ითქვა - კაცი უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველაფერს იტყვისო!


ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე, მე და ჩემი თანამშრომელი დათო კიკნაძე, რომელსაც ვიდეოკამერა და შტატივი მოემარჯვებინა, შუამავალთან ერთად მივადექით ბეჟან წურწუმიას საცხოვრებელ კორპუსს. რკინის კარი თეთრი პირისახის, ბრგე, ოდნავ გამელოტებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა გააღო, რომლის წვრილი თვალების ჭრილს კეხიანი ცხვირი აშორიშორებდა. სასტუმრო ოთახში სანდომიანი სახის ქალბატონი დაგვხვდა - ბეჟან წურწუმიას მეუღლე.


მასპინძელი, შუამავალი და მე - თქვენი მონა-მორჩილი მაგიდას მივსხედით... ბეჟან წურწუმიას ვუთხარი - გარეთ ჩემი თანამშრომელი ვიდეოკამერით გველოდება, დავუძახებ და ბარემ ინტერვიუც დავიწყოთ-მეთქი!


კატეგორიული უარი მივიღე... წურწუმია არც ვიდეო და ფოტოგადაღებაზე არ დამთანხმდა და არც ისურვა, საგაზეთო ინტერვიუ დიქტოფონის საშუალებით ჩამეწერა.


საბოლოოდ წურწუმია ინტერვიუს აუდიოჩაწერაზე დაგვყაბულდა, თუმცა, ფოტოსურათის გადაღებაზე კვლავ მტკიცე უარი გვითხრა!


ადამიანი, რომლის ინტერვიუც ქართულ პრესაში პირველად ქვეყნდება და რომელსაც ოპონენტები უპატიებელ დანაშაულში - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ამხელენ, წინდაწინ გავაფრთხილე, რომ მასთან უმძიმესი საუბარი მექნებოდა! მასპინძელს ჩემი ნათქვამი დიდად არ გაჰკვირვებია, თუმცა, ნერვიულობა მაინც დაეტყო და, როგორც დიაბეტიანმა, საგანგეო შპრიცით ინსულინი გაიკეთა.


- ბატონო ბეჟან, ვინა ხართ, საიდან მოდიხართ?

 

- დავიბადე ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში 1972 წლის 1 დეკემბერს. ეროვნულ მოძრაობაში ჩავები 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ - მაშინ სულ ბავშვი ვიყავი, სკოლის მოწაფე - და მიტინგებზე დავიწყე სიარული. მარტვილში 9 აპრილს დაღუპული აზა ადამია რომ ჩამოასვენეს, მის გასვენებაშიც ვიყავი...


- სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების დროს, როცა ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი და ხელისუფლება დაამხეს, სად იყავით?

 

- როცა თბილისში ომი დაიწყო, მაშინ სანკტ-პეტერბურგში, ჩემს დასთან და სიძესთან ვიყავი ჩასული ახალდაბადებული დისშვილის მოსანახულებლად. ჩემი სიძე კახათელია... საქართველოში რომ დავბრუნდი, პრეზიდენტი ქვეყნიდან წასული იყო, ხოლო მთელ სამეგრელოში „მხედრიონი" და ხუნტის სხვა ბანდები აწიოკებდნენ ხალხს. პეტერბურგიდან საჩუქარი გამომატანეს, რომელიც ფოთში უნდა ჩამეტანა. მანქანა რომ გამოვიყვანე და ფოთისკენ წასვლა დავაპირე, მამიდაჩემმა გამაფრთხილა - შვილო, სად მიდიხარ, „მხედრიონი" ყველას ძარცვავს, კლავს და ასეთ დროს ფოთში წასვლა იქნებაო?! მაინც წავედი. ფოთში რომ ჩავედი, იქ „მხედრიონთან" შეტაკება მოხდა. არანაირი იარაღი არ მქონდა და თავის დასაცავად ერთი დაჭრილი ბიჭის ავტომატი ავიღე. გურიაში გადასასვლელ ხიდთან 15 კაცი ტყვედ აგვიყვანეს. ჩაგვიყვანეს გურიაში, საიდანაც ქუთაისში გადაგვიყვანეს. 9 დღე-ღამის განმავლობაში მცემდნენ. დედაჩემი და მამაჩემი ჩამოვიდნენ მეათე დღეს და ჯონი ქარჩავას, რომელიც მაშინ უფროსი იყო, ჩემი სიცოცხლე სთხოვეს - ბავშვს ნუ მოგვიკლავთო! ჯონი ქარჩავამ დედაჩემს უთხრა - გჩუქნით ამ ბავშვის სიცოცხლეს, მაგრამ ანაკლიაში ჩვენ წინააღმდეგ ჯგუფს ამზადებენ და ვიცი, რომ ეს ბიჭი მაინც იქ მივა და ჩვენ წინააღმდეგ იომებსო! ისე ვიყავი ნაცემი, მშობლებმა ვერ მიცნეს. ასე ჩავები ეროვნულ მოძრაობასა და ომში.


- თქვენ ბადრი ზარანდიას დაჯგუფების წევრი იყავით?

 

- კი!


- რამდენი კაცი შედიოდა ამ დაჯგუფებაში?

 

- ასეული შედიოდა.


- დავიწყოთ პირველი ბრალდებით, რომლის თანახმადაც ხუნტის გენერალმა გია გულუამ თქვენ სპეციალურად ჩაგნერგათ და მიგაგზავნათ ბადრი ზარანდიასთან, რათა ზარანდია ნარკოტიკებზე „შეგესვათ". რას იტყვით?

 

- მაშინ 18 წლის ვიყავი, ხოლო ბადრი ზარანდია ჩემზე ბევრად უფროსი იყო. მოკლედ გიპასუხებთ - სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში და სკოლაში, სადაც ბადრი ზარანდია სწავლობდა, გაიკითხონ, ვინ იყო ბადრი!


- რას გულისხმობთ?

 

- ჰკითხონ მეომრებს, თუ ვინ იყო ბადრი, რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ნარკოტიკებთან და მიიღებენ პასუხს!


- იმას მეუბნებით, რომ ბადრი ზარანდია თავიდანვე ნარკომანი იყო?

 

- მე ვერ გეტყვით! ჰკითხონ ბიჭებს, იკითხონ სკოლაში, უნივერსიტეტში და მიიღებენ პასუხს.


- ბატონო ბეჟან, გია და გოჩა სარიებს თუ იცნობთ?

 

- კი, ვიცნობ!


- სარიების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვება ჭირს; ხან გვეუბნებიან, ერთი ძმა გარდაცვლილიაო, ხან - ცოცხლები არიანო!

 

- არა, ცოცხლები არიან. გოჩა სარია ამერიკაშია, რადგან მაგისი ქალიშვილი დიალიზზეა, ხოლო გია სარია ზუგდიდში.


- თქვენი ოპონენტების  განცხადებით, გია და გოჩა სარიების სახლში, ზუგდიდში, გენერალ გია გულუას ხელმძღვანელობით გაიმართა დიდი შეხვედრა, რომელსაც თქვენც ესწრებოდით. ამ შეხვედრაზე ხელის აწევით კენჭი უყარეს ზვიად გამსახურდიას სიკვდილს და ყველამ თანხმობა განაცხადეთ, რომ პრეზიდენტის მოსაკლავად მზად იყავით! რას იტყვით?

 

- გულუას პირველად აფხაზეთში, კოდორში შევხვდი სოხუმის დაცემის დღეებში. მაშინ იქ ჩვენ, ბიჭები ვიბრძოდით და გულუა თავის რაზმთან ერთად სოხუმს ტოვებდა. გია გულუას არც სარიების სახლში და არც არსად შევხვედრივარ, მხოლოდ ერთხელ შევხვდი და ისიც ბადრი ზარანდიამ მთხოვა - მე ვერ წავალ, გია გულუა იმყოფება ამ და ამ ოჯახში და მარტვილამდე მიიყვანეო!


- ე.ი. სარიების სახლში არანაირი შეხვედრა არ გამართულა?

 

- გეტყვით, როგორც იყო... შეხვედრაზე გია გულუა არ იმყოფებოდა და იქ არანაირი კენჭისყრა არ ყოფილა. იქ იყვნენ ბადრის და ზური შონიას („პუშკინას") ცოლები და შვილები. ბადრი გავიდა ორი-სამი საათით. მაგას „პროპუსკი" ჰქონდა და ქალაქში დადიოდა ჩვეულებრივად. მე არც „პროპუსკი" მქონდა და არც ქალაქში გავდიოდი. ბადრი რომ მოვიდა, მახსოვს, „სტეჩკინი" ვუნახე და ვკითხე - ბადრი, საიდან ეს „სტეჩნიკი"-მეთქი? მიპასუხა, - გია გულუამ მაჩუქაო! მანამდე სულ ერთად ვიყავით და ბადრის „სტეჩნიკი" არ ჰქონია... ბადრი ზარანდია ბოლო დროს ძალიან არეული იყო, დილით ერთს მეუბნებოდა, საღამოს - მეორეს. სარიების სახლში რომ მოვიდა, ესეც გვითხრა - მთხოვეს, ზვიადის პოვნასა და ლიკვიდაციაში დაგვეხმარეო! ზუგდიდის ტაქსოპარკთან, სადაც შევარდნაძის ხალხი და რუსი თუ უკრაინელი სპეცრაზმელები იყვნენ დაბანაკებულები, ბადრი შეხვედრია მაგათ და იქ ყოფილა ეგ ლაპარაკი. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ თეკლათთან მე აფეთქებაში მოვყევი და ამ დროს ვიწექი.


- ბატონო ბეჟან, ლოთი ქობალიამ გაიხსენა ეგ აფეთქება და მითხრა, რომ თქვენ სერიოზული არაფერი გჭირდათ და მხოლოდ გაკაწრული იყავით.

 

- აბა, საავადმყოფოში ლოთი ქობალია იწვა? საავადმყოფოში ვიწექი! მეორე თუ მესამე დღეს შევარდნაძის ხალხი შემოვიდა ზუგდიდში. ზური შონიამ და ბადრიმ მომაკითხეს - აქ შენი დარჩენა სახიფათოაო და გამიყვანეს, კარგად რომ ვყოფილიყავი, ორი კაცი არ დამჭირდებოდა საავადმყოფოდან გამოსასვლელად. კონტუზია მქონდა და ერთი თვე ახლობლის სახლში ვიწექი. მხოლოდ მაშინ დავდექი ფეხზე, როცა ბადრიმ მუჟავადან შემომითვალა - თუ შეგიძლია, შემოგვიერთდიო!


- პრეზიდენტი მაშინ მუჟავაში იყო?

 

- არა, ბატონი ზვიადი მუჟავადან სამი-ოთხი დღის წასული იქნებოდა.


- ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის გარდაცვალების მომენტში ფეხზე იდექით, ხომ?

 

- კი, მაშინ ფეხზე ვიდექი!


- თქვენ ბრალს გდებენ იმაში, რომ სარიების სახლში ზური შონიასა და ბადრი ზარანდიას ცოლ-შვილი დაატყვევეთ და ამ გზით აიძულებდით შონიასა და ზარანდიას, პრეზიდენტის წინააღმდეგ ემოქმედათ!

 

- თუ ზური შონიას ცოლ-შვილი დავატყვევე, ორ საათში როგორ გავუშვი?! ჰკითხონ ზური შონიას ცოლს მაიას - თუ მყავდა დატყვევებული. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ოჯახებით, ერთმანეთთან მივდიოდით, ვენდობოდით, ვჭამდით, ვსვამდით, თუ ბადრი ზარანდია ამ ყველაფერს ჩემზე წერს, ე.ი. თავს იცავს.


- თავს რატომ იცავს?

 

- იმიტომ, რომ ბოლოს მე და ბადრი ხშირად ვკამათობდით...


- ბატონო ბეჟან, ბადრი ზარანდია დღიურში  თქვენ შესახებ გარკვევით წერს - ბეჟან წურწუმია პირდაპირ იწევდა პრეზიდენტისკენ და მეუბნებოდა, ზვიად გამსახურდიას მე მოვკლავო!

 

- დანარჩენს არ წერს და დანარჩენი არ ყოფილა, ხომ?! თუ ბადრი ტყვედ იყო აყვანილი, წამალს როგორ იკეთებდა და „ნაშებში" როგორ დადიოდა?! „სტეჩნიკი" ჰქონდა ჩამოკიდებული და თავისი ცოლ-შვილი „პლენად" როგორ იყო აყვანილი? სარიების სახლში არც კენჭისყრა ყოფილა და არც გულუა ყოფილა, მე და ზურა შონია ვიყავით და ბადრი რომ შემოვიდა, ზური შონიას ვანიშნე - ჩუმად იყავი, ეს რაღაც ნორმალურად არ არის-მეთქი!


- კიდევ ვინ იყო იმ დღეს სარიების სახლში?

 

- მე, ზური შონია, ბადრი,  ბესო ხარებავა იყო თუ არა, არ მახსოვს.


- გია ჭანიაც ხომ არ ყოფილა?

 

- არა!


- თუ ბადრი ზარანდია გია გულუას მიერ ნაჩუქარი „სტეჩკინით" შემოვიდა სარიების სახლში, გულუა მთელ თავის საძაღლეთთან ერად ზვიად გამსახურდიას მოსაკლავად დასდევდა და ეს ამბავი რატომ არ გააპროტესტეთ?

 

- გია გულუა ზუგდიდის ციხიდან ბადრი ზარანდიამ გამოუშვა. ბადრიმ მაშინ მითხრა - ეს შეთანხმება იყო და გულუა ჩვენს მხარეს იქნებაო! გია გულუა რომ დაიჭირეს, მაგისი ძმა - გუჯა ჩამოვიდა და ბადრის შეხვდა. ბადრიმ მითხრა, გულუას გათავისუფლების სანაცვლოდ შევარდნაძის ხელისუფლება 100 ათას დოლარსა და 300 ავტომატს იძლევაო! გულუას ძმა პრეზიდენტთან და გუგუშვილთან ცდილობდა შეხვედრას, რათა ეს საკითხი გაერკვია. ბადრი დაჰყვებოდა გუჯა გულუას მაგ საკითხის გასარკვევად აქეთ-იქით.


- ოპონენტები თქვენზე უთითებენ, რომ მუჟავაში გამართულ შეხვედრაშიც მონაწილეობდით, სადაც გულუას ხელმძღვანელობითა და სარიების მონაწილეობით კენჭი ისევ უყარეთ და დაეთანხმეთ ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ ლიკვიდაციას!

 

- არა, როგორც გითხარით, მაგ დროს ახლობლის ოჯახში ვიწექი, დაჭრილი ვიყავი.


ბესო ხარებავა ადასტურებს, რომ მუჟავაში მაგათ აიყვანეს გია გულუა, სადაც იყვნენ ძმები სარიები და შეხვდნენ ბადრის. მე იქ არ ვყოფილვარ.


- საერთოდ, ზვიად გამსახურდიას სიკვდილს კენჭი უყარეს და ხელის აწევით პრეზიდენტის მკვლელობის სურვილი ვინმემ სადმე დაადასტურა?

 

- არ ყოფილა ასე, ეგ ტყუილია!


- სიმართლე გითხრათ, ბადრი ზარანდია ჩემში ეჭვებს იწვევს თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო დროს ის ჯაბა იოსელიანთან გაერთიანდა. მაგრამ რამ უბიძგა ზარანდიას, თავის დღიურებში ხელი თქვენკენ გამოეშვირა და დაეწერა, რომ პირდაპირ ითხოვდით ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ ლიკვიდაციას - მიმიშვით, პრეზიდენტს მე ვესვრიო?

 

- ხო გითხარით, ძალიან დაძაბული იყო ჩვენ შორის ურთიერთობა, და საერთოდ, ბადრი ბოლოს არეული იყო. დიდი ჩხუბები გვქონდა ერთმანეთში და ბადრი ზარანდია არაერთხელ ვცემე. ტყვიაც ვესროლე და ეს ყველამ იცის. ქოქია ვაჩიბერიძე, ჩემი ძმაკაცები, ახლობლები იყვნენ იქ, როცა ბადრიმ შემომითვალა - ფულს მივცემ, სანკტ-პეტერბურგში წავიდეს, ოღონდაც თავი გამანებოსო!


- სად, რა სიტუაციაში ესროლეთ ბადრი ზარანდიას?

 

- ბადრი ზარანდიას ვაკონტროლებდი „პუშკინას" მეშვეობით, რომელიც მაგის მოადგილედ გავუშვი. „პუშკინა" სულ მეუბნებოდა, ბადრი რას და როგორ აკეთებდა და ა.შ. მე ბადრის ოჯახში ვცხოვრობდი, ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა მის ოჯახთან, მაგრამ ოჯახმა რა იცოდა, ჩემსა და ბადრის შორის რა ხდებოდა? დათვრებოდა და ხალხს ათას რამეს ჰპირდებოდა...


- ზარანდიას სად ესროლეთ?

 

- ზუგდიდში, რუსთაველის პროსპექტზე ვესროლე, ფიფიების სახლის წინ. ბადრი ნასვამი იყო და ქუჩაში მყოფ ბიჭებს უმიზეზოდ აუტეხა სროლა, ამიტომაც ვესროლე. თუ გამოძიებას დასჭირდება, მე ყველაფერს ვიტყვი!


- როგორც მითხრეს, არსებობს თვითმხილველი და საჭიროების შემთხვევაში ის ამას იტყვის, რომ როცა ფეხმოჭრილი ბადრი ზარანდია ზუგდიდის საავადმყოფოში იწვა, თქვენ თქვენს მეგობრებთან ერთად მის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდით - დავადგინოთ, რომელ პალატაში წევს და „ლიმონკა" შევუგდოთ, თორემ მაგან ისეთი რამ იცის, ყველას დაგვღუპავსო! ამაზე რას იტყვით?

 

- ბიჭები შეკრებილები იყვნენ ზუგდიდის სასაფლაოზე, სადაც იმყოფებოდა დათო შენგელიაც, რომელიც ბადრის ეხმარებოდა. მე იქ არ ვყოფილვარ. საუბარი იყო საავადმყოფოდან ბადრის გამოყვანაზე და არა მის მოკვლაზე. ბადრიმ ისეთი რა იცოდა, რომ მომეკლა? პირიქით, ბადრის უნდოდა ჩემი მოკვლა, რადგან მე ყველაფერი ვიცოდი. როგორც თავის დღიურებში წერს, ბადრის დანებების სანაცვლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონის უფროსობას, თავისი ბიჭების შენარჩუნებასა და ერთ მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ! იარაღი რომ ჩააბარა, მაგაზეც სერიოზული დაპირისპირება მომივიდა და ვუთხარი - ბადრი, იარაღი რა უფლებით ჩააბარე, ეს იარაღი ჩვენთვის არც ქობალიას მოუცია, არც პრეზიდენტს, ზოგი შევარდნაძის ხალხს წავართვით, ზოგი ჩვენით შევიძინეთ-მეთქი?! ჰკითხეთ, გურამ ლაკიას, როგორ ვიბრძოდით აფხაზეთში და როგორ ჩაგვტოვეს იქ, როცა სულ ბოლოს ჩვენ გამოვედით სოხუმიდან. 18 წლის ვიყავი მაშინ და ვინ მანდობდა პრეზიდენტის ლიკვიდაციის ოპერაციას, როცა „მხედრიონი", პოლიცია, უშიშროება, რუსებისა თუ უკრაინელების „სპეცრაზმი" - ყველა იქ იყო? ანდა ეს რომ გამეკეთებინა და პრეზიდენტი მომეკლა, ვინ გამიშვებდა ცოცხალს?


აქ ჩემი რესპონდენტი ანერვიულდა, რაც მის მეუღლეს, ქალბატონ ეკას შეუმჩნეველი არ დარჩენია და სასწრაფოდ სისხლში შაქრის შემცველობა გაუზომა. აღმოჩნდა, რომ დასაშვების ნაცვლად შაქრის მაჩვენებელი 5-ჯერ იყო გაზრდილი. წურწუმიამ ისევ გაიკეთა ინსულინი და ნანემსარ მკლავზე, საიდანაც სისხლმა გამოჟონა, ხელი მოიჭირა.


- ბატონო ბეჟან, დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ, თუ გნებავთ, შევწყვიოთ ინტერვიუ!

 

- რაც არ გამიკეთებია, იმას რომ მაბრალებენ, მაგაზე ვნერვიულობ. ვნერვიულობ კი არა, ღამეები არ მძინავს და ცრემლები მდის!


- პირდაპირ გეტყვით, თქვენს მდგომარეობაში ყოფნას არავის ვუსურვებ!

 

- არ გამიკეთებია, პრეზიდენტი არ მომიკლავს! თანაც 18 წლის ვიყავი, უკან არ დამიხევია, ვიბრძოდი, ბიჭები არ დამიტოვებია, დაჭრილი გამომიყვანია, ჩემი ტანსაცმელი გამიხდია და სხვისთვის ჩამიცმევია.


- სურვილი არ გაგჩენიათ, ვიდრე ბადრი ზარანდიას მოკლავდნენ, შეხვედროდით და გაგერკვიათ, რატომ იშვერდა თქვენკენ ხელს და რატომ წერდა, რომ პრეზიდენტის მოსაკლავად ძალიან მოწადინებული იყავით?

 

- ვიყავი მაგასთან მაგ საქმეზე ასული... პრეზიდენტის სიკვდილის ამბავი რომ გავიგე, ძმები გეწაძეების ოჯახში ავედით. მაგ ოჯახში შვილივით ვარ მიღებული და იქ მითხრეს - ბადრი ზარანდია ბებიამისთან არის მისული ოდიშშიო! ავედი ბადრისთან, ხუთი კაცი ახლდა. გადავკოცნე ბადრის ბიძა, ბებია და ზარანდიას ვუთხარი, - ბადრი, წამოდი, შენთან სალაპარაკო მაქვს-მეთქი! ჩავედით წყლის პირას. იქ იყვნენ ბესო ხარებავა, „პუშკინა", ჰამლეტ გულორდავა... ბადრის ვეუბნები - პრეზიდენტის მკვლელობის საქმეში ჩემზე რომ ჭორები დადის, საიდან მოდის-მეთქი! აგერაა ხალხი, თავდაყირა დადგა და მიპასუხა - მე არაფერი მითქვამს, მაბრალებენო!


- ე.ი. ხმები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი თქვენ მოკალით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთანავე გავრცელდა?

 

- დიახ, გავრცელდა და ამ ხმებს, როგორც ჩანს, მივრცელებდა ბადრი ზარანდია.


- სარიების სახლში მაინც რისთვის შეიკრიბეთ?

 

- თავის გადასარჩენად შევიკრიბეთ! გია გულუა სარიების ნათესავი იყო და იმედი გვქონდა, რომ დაგვეხმარებოდა. ამიტომაც შევეფარეთ სარიებს.


- გულუა სარიების როგორი ნათესავი იყო?

 

- გოჩა სარიას მეუღლე არის გია გულუას მკვიდრი ბიძაშვილი. ბადრი ზარანდიამ ერთ-ერთი სუფრის შემდეგ თავის ბიჭებს დაავალა - ბეჟანი ამ მხარეს წავა და ჩაცხრილეთო! თვითონ ხომ იარაღები ჩააბარა და რაც იარაღი მქონდა გადამალული მამაჩემის დეიდაშვილთან საჩინოში, მხედრიონელებს „ბეტეერი" მიაყენებინა და სუყველაფერი წაიღეს. „პუშკინას" დავუნახე ჩემ მიერ გადამალული ავტომატი და „მაკაროვი", კინაღამ გავგიჟდი - ამ იარაღს თქვენთან რა უნდა-მეთქი?! ბადრის გარდა სხვამ არავინ იცოდა იმ იარაღის ადგილსამყოფელი.


საქართველოს, ქართველი ხალხის, ღმერთის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წინაშე მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხო! დამიძახონ დღესვე, ჩემი ფეხით მივალ და გამოძიებას ჩვენებას მივცემ! სანამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავს არ გამოიკვლევენ, საქართველოდან არ წავალ! ბატონი ლოთი ქობალია რომ წერს ჩემზე რაღაცებს, ბატონმა ლოთიმ დატოვა საქართველო, მიატოვა პრეზიდენტი, მიატოვა შეიარაღებული ბიჭები და თვითონ მიხედოს თავის საქმეს და იმ ჩვენებებს, რასაც გამოძიებას აძლევდა. ქობალია თვითონ გაერკვეს იმაში, თუ რა ჩვენებები მისცა მაგან ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ლოთი ქობალიამ პრეზიდენტი სად იმყოფებოდა ის არ იცოდა და ბეჟან წურწუმიამ კონტუზია მიიღო თუ გაიკაწრა - ეს იცოდა?


- სამეგრელოში სერიოზული „რაზბორკებია" დაწყებული. როგორც ვიცი, თქვენც გიბარებენ ამ „გარჩევაზე".

 

- გასვენებაში ვიყავი სოფელში, ჩვენი თანამებრძოლი ბიჭი დაიღუპა და იქ ერთ-ერთს ველაპარაკებოდი, როცა გია მესხიამ („კონგი") გვერდით ჩამიარა. რამდენჯერმე გავიფიქრე, მივალ-მეთქი, მაგრამ ბიძაშვილმა მითხრა, გაჩერდი, გასვენება არისო! გია მესხია მიცნობს, ერთად ვომობდით, გაჭირვება ერთად გამოვიარეთ და ტყეშიც ერთად ვიყავით...


- გია მესხიამ მითხრა, რომ თითქმის ოცი წელიწადია, რაც არ უნახიხართ და იმ გასვენებაში ვერ გიცნოთ, თორემ აუცილებლად მოვიდოდა!

 

- მიკვირს, გია მესხია ზაზა გაბედავას რომ დაუკავშირდა. გაბედავა, საერთოდ, ვინ არის? თუ ეგ პრეზიდენტის მომხრე იყო, მოსკოვში რა უნდოდა?

 

- გია მესხიას თანხმობითა და სურვილით მე მისი ტელეფონის ნომერი გადმოგეცით, მესხიას დაურეკეთ?

 

- არა, არ დამირეკავს „კონგთან" და ჯერ არც ვაპირებ დარეკვას! „კონგსა" და ჩემს შორის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვში იყო ლაპარაკი. მე თვითონ ჩავედი მოსკოვში, მთავრობის წევრებთან მინდოდა შეხვედრა. იქ იყვნენ: ზური შონია, გოგუა, გურამ აბსანძე. გია მესხია იჯდა ჩემგან მარჯვნივ და იქ ყველაფერი ავხსენი. ამის შემდეგ სუფრას მივუჯექით. თუ მკვლელი ვიყავი, თუ ცუდი ვიყავი, 60 კაცი იყო იქ შეკრებილი და ეთქვათ!


- ბატონო ბეჟან, თუ დაგიძახებენ იმ „რაზბორკაზე", ჩახვალთ?

 

- კი, ჩავალ! მაგრამ თავის მოწყობილ შეხვედრაზე, დეზერტირების მიერ მოწყობილ შეხვედრაზე არ ჩავალ! კი, გია მესხია მეომარი კაცია, მაგრამ მოლაშხიას გასვენებაში რომ ვიყავი, იქ მეც მკითხეს - გია მესხია ასე რატომ და როგორ დადის, ბიჭები დახოცა, ამდენი ხალხი დახოცაო?! მე ვუთხარი - რა ვიცი, შეხვედრა რომ იქნება, მაგას ვკითხავ-მეთქი! გია მესხიასთან კონფლიქტი არასოდეს მქონია, ხოლო გაბედავა ორჯერ თუ სამჯერ მყავს ნანახი. ავადმყოფი კაცი ვარ და ვინც ასეთ რამეს მაბრალებს, პასუხს მოვთხოვ კანონით! აგერ ვარ ცოცხალი კაცი, არსად ვიმალები და დამკითხონ! საქართველოს მოქალაქე ვარ და ვიზა თუ არ მომცეს, საქართველოდან ვერ გავალ! გაპარვა რომ მინდოდეს, საზღვარზე ისე გადავალ, ვერავინ გაიგებს. ბინა აჩუქესო, ჩემზე რომ წერენ, 1995 წელს ვიყიდე ეს ოროთახიანი ბინა 1850 დოლარად. სამი ძროხის ფული ღირდა მაშინ. საბუთიც მაქვს და ვისგანაც ვიყიდე, ის კაციც ცოცხალია.


 ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?

 

- არ ვიცი!


P. S. იმ წყევლა-კრულვიან ამბავს, რომელიც 1993 წლის მიწურულს სამეგრელოში დატრიალდა, საქართველო ბევრჯერ წამოჰკრავს ფეხს.


რაც შეეხება ბეჟან წურწუმიას, ამ კაცმა თავისი სიმართლე უნდა დაამტკიცოს და გულწრფელად ვუსურვებ, იმ საქმეში, რასაც აბრალებენ, ბავშვივით უცოდველი იყოს!


თავიანთი სიმართლე უნდა დაამტკიცონ ბესო ხარებავამ, გია ჭანიამ და ძმებმა გია და გოჩა სარიებმა.


ერთადერთი, ვინც ვეღარ ილაპარაკებს, ბადრი ზარანდიაა!


მიცვალებულები არ ლაპარაკობენ!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016