რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც „ქრონიკა" ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ წერდა - რომ ქართულ კაზინოებში ხდებოდა კლიენტთა ფარული, უკანონო მიყურადება და ჩაწერა. კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით იმასაც ვაცხადებდით, რომ, ასევე, ჩვენს კაზინოებში დამონტაჟებული იყო ფარული, მინიატურული სათვალთვალო კამერები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა კლიენტთა გადაღება და შემდეგ, ამ ყველაფერს მათი დაშანტაჟების მიზნით იყენებდნენ. შემდეგ ხდებოდა მათთვის თანხების გამოძალვა. ახლა ოფიციალურ განმარტებასაც გაგაცნობთ:
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „კაზინო აჭარის" მმართველი დირექტორი ვედრან ბაიატი, მიუხედავად სამორინეების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვისა, არღვევდა ლიცენზირების პირობებს და სისტემატურად ახდენდა მოთამშეებზე ფსონების დასადებად სესხების უკანონოდ გაცემას, რითაც შპს „კაზინო აჭარამ" 7 თვის განმავლობაში მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი. იურიდიულ პირს შპს „კაზინო აჭარას" ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით - უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის და სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.
ბრალდებულებმა ვიქტორ ტროიცკიმ და ვედრან ბაიატიმ საქართველოს ტერიტორია დატოვეს და თავს არიდებენ გამოძიებას. ვედრან ბაიატისთვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე, ხოლო ვიქტორ ტროცკის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.
„ქრონიკაში" იმასაც ვწერდით, რომ ქართულ კაზინოებში ფარულ მოსმენებსა და გადაღებებს ვანო მერაბიშვილის დროინდელმა სპეცსამსახურებმა დაუდეს სათავე. კერძოდ, ამ საქმეს კუდ-ი აკეთებდა. ის აიძულებდა კაზინოების მეპატრონეებს, უპირველესად, უცხოელებზე გაეკეთებინათ აქცენტი. ლაპარაკია საქართველოში უცხოეთის ქვეყნების ელჩების, საელჩოების თანამშრომლებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების თბილისის ოფისის წარმომადგენლებზე. უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე, თბილისში ვიზიტად ჩამოსულ სხვადასხვა სახელმწიფოთა და სხვადასხვა დონის წარმომადგენლებზე. ამ ხალხზე ჩანაწერებს ვანო მერაბიშვილი აგროვებდა და შემდეგ ხდებოდა ამ ადამიანების კომპრომეტირება - ცხადია, ვინც ჩამოვთვალე, ამ კატეგორიის ხალხს ნაღდად არ აწყობს, რომ მათი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების ფაქტები საქვეყნოდ გახდეს ცნობილი. ასეთ შემთხვევაში სამსახურებს ხომ დაჰკარგავდნენ და რეპუტაცია ისე შეელახებოდათ, საერთოდ იშოვნიდნენ თუ არა სხვა სამსახურს, კაცმა არ იცის. სააკაშვილის ხელისუფლება ამ კომპრომატების გამჟღავნების მუქარით, ამ ადამიანებს მათთვის სასურველ საქმეს აკეთებინებდა. კუდ-ი აქტიურად ნადირობდა მუსლიმანური ქვეყნების იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად იყვნენ ჩამოსულნი. ზოგიერთი მათგანი კაზინოებსაც მიაშურებდა ხოლმე გასართობად, რადგან მათ ქვეყნებში ყველანაირი აზარტული თამაშები არათუ აკრძალულია, აზარტული მოთამაშე, შარიათის კანონით უმკაცრესად ისჯება. შანტაჟის შიშით, ეს ბიზნესმენი ყველაფრის დასათმობად მზად იყო, კუდ-ის აგენტი კი მას, ცხადია, საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდას სთხოვდა, ასევე, საჭირო შემთხვევაში, კუდ-თან თანამშრომლობასაც. ბიზნესმენიც იხდიდა ამ თანხას და საქართველოდან უკანმოუხედავად გარბოდა, აქ ინვესტიციების ჩადება ხომ ფიქრადაც აღარ გაუვლიდა. ამგვარი კომპრომატებით სააკაშვილს ხელისუფლებამ არაერთი უცხოელი მუსლიმანი ბიზნესმენი აიძულა, დიდი ფული გადაეხადა. ამ თანხებს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ სპეცანგარიშებზე არიცხვინებდნენ, რომელსაც უშუალოდ ვანო მერაბიშვილი განკარგავდა. მაშინ ჩვენმა წყარომ ისიც გვითხრა, რომ სათვალთვალო და მოსასმენი ფარული აპარატურა დამონტაჟებული იყო არა მხოლოდ ტრადიციულ კაზინოებში, არამედ თბილისის, ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის სასტუმროების კაზინოებშიც.
წელიწად-ნახევრის წინ, როცა ამ ყველაფრის შესახებ „ქრონიკაში" ვწერდი, „ნაციონალთა" მხარდამჭერებმა მატყუარა ჟურნალისტი მეძახეს.. ჩემთვის უცნობია, კაზინო „აჭარის" მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ვიქტორ ტროიცკი ამჯერადაც ხელისუფლების დაკვეთით ახდენდა კლიენტთა ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას თუ საკუთარი ინიციატივით. თუმცა, ეს ფაქტი იმის ვარაუდის საფუძვლიან საშუალებას ნამდვილად იძლევა, რომ ეს კაცი, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც „ნაციონალთა" მმართველობისას კუდ-ის დავალებით კლიენტებზე კომპრომატებს აგროვებდა და მერე მას გადასცემდა. რაც შეეხება კაზინო „აჭარას" მმართველ დირექტორს, ვედრან ბაიატის, ეს პიროვნება მოთამაშეებს აძლევდა სესხს, რომელიც არსად ფიქსირდებოდა და 7 თვის განმავლობაში „აჭარამ" მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „აჭარაში", ისევე როგორც ყველა კაზინოში, იყო ე.წ. სანდო მოთამაშეების სია, რომლებიც ნებისმიერ ვალად აღებულ თანხას იხდიდნენ. „აჭარას" ჰქონდა სპეციალური ფონდი და ამგვარ მოთამაშეებს ნებისმიერ თანხას ასესხებდა ხოლმე მოკლე ვადით. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილა შემთხვევები, რომ მოთამაშეები ვერ იხდიდნენ კაზინო „აჭარის" ვალს და მისი მფლობელების ახლობლებისთვის ვალის სანაცვლოდ, მათ საკუთრებაში არსებული ბინები და კომერციული ფართები გადაუფორმებიათ, ამ ყველაფერს კი ვედრან ბაიატი აგვარებდაო. ამ სპეცსიაში იყვნენ როგორც ქართველები, ასევე უცხოელები და ყოფილა შემთხვევები, რომ ერთი მოთამაშისთვის ერთ ჯერზე, 2-3 მილიონიც კი უსესხებია კაზინოს!
მარიკა არევაძე: ამან საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მთელ ქვეყანას თუ არა, ნახევარს მაინც ბანკები ახრჩობს!
„კვირის ქრონიკის" 24-30 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ „ახალგაზრდა ადოვკატთა" თანადამფუძნებელთან, მარიკა არევაძესთან სათაურით: „რომელ სესხს ეწოდება სამართლებრივად „ხანდაზმული" და რა შემთხვევაში არ იხდის კლიენტი საკრედიტო დავალიანებას?!". მარიკა არევაძე ამ ინტერვიუში განმარტავდა, რომელი საბანკო სესხი იყო ხანდაზმულლი და ბანკის კრედიტორებს აკვალიანებდა, სამართლებრივად როგორ უნდა მოეხერხებინათ ამ კრედიტების ჩამოწერა. ალალად ვიტყვი, ბოლო ერთი წლის მანძილზე „კვირის ქრონიკასა" და „ალიაში" გამოქვეყნებულ ჩემს არც ერთ პუბლიკაციას არ გამოუწვევია იმხელა აჟიოტაჟი, არ გამომხმაურებია იმდენი ადამიანი, რაც არევაძის ამ ინტერვიუს მოჰყვა და კიდევ ერთხელ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მთელ ქვეყანას თუ არა, ნახევარს მაინც ბანკები ახრჩობს. ასზე მეტმა ადამიანმა დამირეკა და მარიკა არევაძესთან დაკავშირებას მთხოვდა. რა თქმა უნდა, ყველას მივეცი მისი კოორდინატები. ჩემი არ იყოს, ამ დღეებში არც მარიკა არევაძე ყოფილა მოსვენებული, უამრავი ადამიანი დაკავშირებია და დახმარება უთხოვია. უმეტესობა ის ხალხი იყო, რომელთაც მე დამირეკეს და მათ არევაძის ტელეფონის ნომერს ვაძლევდი.
მარიკა არევაძე:
- ფაქტია, ამ თემაზე არაერთი ინტერვიუ მიმიცია სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არც ერთს არ მოჰყოლია. უამრავი სატელეფონო და ინტერნეტ-კონსულტაცია მქონდა ბანკის კლიენტებთან, უშუალოდაც ბევრს შევხვდი, ახლაც მოდიან ჩვენთან ოფისში და ეწერებიან რიგში. ამ ეტაპზე მხოლოდ კონსულტაციას ვუწევ, სამართლებრივ დახმარებას ჩვენი ასოციაციისა და პირადად ჩემი რესურსით ვერ მოვახერხებთ. თუმცა, მთავარია, საზოგადოებამ გაიგო, რომ ხანდაზმული ვალები ჩამოწერას ექვემდებარება და ბევრი მათგან თავდაღწევის სამართლებრივ გზას ახლა უკვე უჩემოდაც მონახავს. ახლაც ბევრი ადამიანია ჩაწერილი რიგში და მომსვლელთა რაოდენობა არ წყდება. უნდა გითხრათ, რომ თქვენს გაზეთში ჩემი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენს ასოციაციაში კონსულტაცია უფასოა და მიუხედავად ამ გადატვირთული გრაფიკისა, ყველას დავეხმარები, ვინც მომმართავს.
თქვენმა პუბლიკაციამ ნამდვილად კარგი საქმე გააკეთა!
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"