(გაგრძელება)
აუცილებელია, „ტალღის ამგორებელთა" შესახებაც (სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტი, მედიასაშუალებები) ითქვას ორიოდ სიტყვა:
მინდა ვიფიქრო, რომ სახალხო დამცველი გარემოებების უნებლიე მსხვერპლია, მაგრამ იმას რა მოვუხერხოთ, რომ თემის გააქტიურებას აშკარად წინასწარ შემუშავებული სცენარის სახე აქვს? სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ჰაერიდან მოტანილი, საარჩევნო ხმების გამოთანაბრების, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პრობლემის" (რაც არ უკავშირდება საარჩევნო სისტემის შეცვლას) მოგვარების მოთხოვნით (შეიძლებოდა, მარტივად, პარლამენტისთვის მიემართა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, „ტალღის აგორება" არ გამოვიდოდა); საკონსტიტუციო სასამართლომ, მისთვის არადამახასიათებელი ოპერატიულობით, გამოავლინა რა სრული არაკომპეტენტურობა (მარტო არითმეტიკაში რომ იყოს საქმე, სასამართლოში მათემატიკოსები ისხდებოდნენ და არა იურისტები), დააკმაყოფილა ომბუდსმენის მოთხოვნა.
როგორც ძველი „ენჯეოშნიკი", ბატონი უჩა, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს ძველი ვალდებულებებიდან თუ ვალებიდან (გრანტებს ლამაზი თვალებისთვის არ იძლევიან) თავის დახსნას და იძულებული გახდა (საუკეთესო შემთხვევაში), სცენარით გათვალისწინებული პირველი ნაბიჯი თავის თავზე აეღო.
აქ ერთი ჩანართი უნდა გავაკეთო - ჩვენი პირველი წერილის გმირი არასამთავრობოების ერთმა ჯგუფმა, არა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის გამოქვეყნების მერე („ტალღისთვის" ხელი რომ არ შეეშალა), არამედ მას შემდეგ, რაც - პრეზიდენტთან სავალდებულო რიტუალი შეასრულეს; „დემოკრატიის მხსნელი" დოკუმენტი პარლამენტის კანცელარიაში დაარეგისტრირეს; ინტერვიუები ჩამოარიგეს; „ოცნების" პასუხამდე მცირე პაუზა აიღეს და „ოცნების" პოზიციაც მოისმინეს; ერთი-ორი დღეც ივიშვიშეს - სასხვათაშორისოდ „გაიხსენეს", რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ (როდის ვამბობდი, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებაა-მეთქი) შეიძლება რაიონების ხელოვნური დაყოფა-გაერთიანება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არაკომპეტენტურობა სწორედ ისაა, რომ მისი ვერდიქტი როგორც საარჩევნო, ისე პოლიტიკურ გარემოს უარესობისკენ ცვლის. ეს ისეთი მნიშვნელობის არაკომპეტენტურობაა, მავნებლობის ხარისხში რომ ადის. ქართულ საზოგადოებასთან იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ძველი რეჟიმის ამ გადმონაშთის (შემადგენლობას ვგულისხმობ) მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი, უადგილოდ და უხერხულადაც კი მიმაჩნია. უბრალოდ, ვცდილობ, კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით წარმოვადგინო, ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებული, დღეს შექმნილილი რეალობის სრული კონტექსტი, თავისი მოქმედი პირებითა და შემსრულებლებით.
დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიწვევს ტრადიციულ რაიონულ დაყოფაში უხეშ იძულებით ჩარევებს, ზოგან გამსხვილების, ზოგან დანაწევრების გზით, რაც ადგილებზე აუცილებლად მოახდენს არაჯანსაღი პროცესების პროვოცირებას.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ: საქართველოს რაიონულ დაყოფას საფუძვლად დაედო ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერთა დეტალური კვლევები და ისტორიული, გეოგრაფიული, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, ტრადიციული, კუთხურ-ტრადიციული და სხვა მრავალი ნიშნის გამოწვლილვითი ანალიზიდან გამომდინარე, გაივლო შიდა ტერიტორიული საზღვრები. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობდა ღირსეული ქართველი, დიდი საზოგადო მოღვაწე პავლე ინგოროყვა.
საარჩევნო ხმების გამოთანაბრებასთან დაკავშირებით მხოლოდ დიფერენცირებულ მიდგომას შეიძლებოდა მივეყვანეთ სწორ გადაწყვეტილებამდე. მაჟორიტარული არჩევნების პირობებში (აღნიშნულის გადასინჯვა არც მომჩივანს მოუთხოვია (ვერც მოითხოვდა) და, აქედან გამომდინარე, არც სასამართლოს ამოცანას წარმოადგენდა), ერთგვაროვან (თუ შეიძლება ასე ითქვას) საარჩევნო ოლქებში (მაგალითად, თბილისში) დაყოფა, ან შეერთება არ მოიტანდა მტკივნეულ შედეგებს, ხოლო რაიონებში, ყველაფერი უცვლელად უნდა დარჩენილიყო.
მაგრამ ერთია საკითხის სამართლებრივი მხარე და მეორე კერძო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ნაბიჯები. აშკარად იკითხება, რომ გათვლა შეგნებულად კეთდებოდა სახალხო დამცველისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ვითარების გაუარესებაზე, რათა ე.წ. ოპოზიციის (22 ინგრედიენტიანი აჯაფსანდალი) მოთხოვნას მეტი აქტუალობა შეეძინა. დესტრუქციულ ძალთა მცდელობა, ხელისუფლება ერთგვარ კავკასიურ ცარცის წრეში შეეთრია, ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, მარცხით დასრულდა.
სახალხო დამცველისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორ ხმაში შესრულებული პარტიის შემდეგ კადრში მსხვილი პლანით შემოდის ქვეყნის „პრეზიდენტადწოდებული". არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს გიორგი მარგველაშვილის, ან კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუციის შეურაცხყოფის სურვილი მომერია. უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი მოქალაქეობრივი ღირსება დავიცვა - არ (ვერ) შევეგუო შანტაჟითა და იძულებით თავსმოხვეული პერსონის დაუმსახურებელ სტატუსში ყოფნას, თუნდაც რიდითა და მოკრძალებით ირგებდეს „საჩუქარს".
როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ქილიკით იხსენებენ, როგორ დაატარებდა ბიძინა ივანიშვილი სოფელ-სოფელ თავის „შემოულაწუნე" კანდიდატს, ეს არგუმენტია გიორგი მარგველაშვილის, როგორც პიროვნების წინააღმდეგ, მაგრამ არ არის არგუმენტი იმ „გაუგებარი" აქტივობების წინააღმდეგ, რომელიც ამ პიროვნებისგან მოდის.
მინდა მცირე ამონარიდი შემოგთავაზოთ ერთი ჩემი ძველი წერილიდან (For.ge - 17.12.2014): „საოცარი და განსაცვიფრებელი იმაში არაფერია, რომ გეგმა „B"-ს ახალი ეტაპი გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო. ჯერჯერობით მისი ფუნქცია ჭიქა წყალში ქარიშხლის ტრიალით ყურადღების მიპყრობა, ხელისუფლების მუშაობაში დაძაბულობის, შესაძლებლობის შემთხვევაში დეზორგანიზაციის შეტანა და ძალთა მობილიზაციისთვის ფონის შექმნაა. ტაქტიკა მარტივია - სპორტის ენაზე რომ ვთქვათ, „მარგველა" მუდმივად ჯარიმის ზღვარზე თამაშობს, ხოლო ხანგამოშვებით მცირე ფოლის პრინციპს იყენებს. ის სისტემატურად სცდება პრეზიდენტისთვის მიკუთვნებულ უფლება-მოვალეობებს, მაგრამ ამას ისე აკეთებს, რომ ქვეყანას კონკრეტული ზიანი არ მიაყენოს. ზიანი რომ თავისთავად კონსტიტუციის დარღვევაა, ამისთვის პარლამენტი „ჯერ ვერ იცლის", საკონსტიტუციო სასამართლო ვისიცაა, კარგად მოგეხსენებათ, ხალხიც დუმს."
საქმე ისევ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების „ვერგაგებასთან" გვაქვს. ახალ რეალობაში პრეზიდენტი ერთგვარი არბიტრის ფუნქციითაა აღჭურვილი. ამის საპირისპიროდ, გიორგი მარგველაშვილი დიდი ხანია გადართულია ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში. მისი დამცველები ამას გავლენებიდან გათავისუფლების და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილით ხსნიან. ჩანასახშივე მცდარი შეფასებაა. თუ საქმეს ფორმალური კუთხით შევხედავთ, არბიტრის როლი სწორედ რომ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პირობაა, მაგრამ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს არ არის მთავარი.
გარდა აღნიშნულისა, დაგროვილი პოლიტიკური გამოცდილება გვკარნახობს და „პრეზიდენტადწოდებულსაც" კარგად მოეხსენება, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ყოფნის შესაძლებლობა მან ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა, როცა ბიძინა ივანიშვილს თანხმობა განუცხადა, „კვარცხლბეკზე" სრულიად დაუმსახურებლად მოკალათებულიყო. დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი, მორალურ-ზნეობრივი საკითხი უფროა, ვიდრე პოლიტიკური, ან, მითუმეტეს, ტექნიკური. „აღარ მინდა შენთან და მორჩა", ქალაქურად რომ ვთქვათ, „არმოსული ამბავია". შევეცდები, თემის პოლიტიკური მხარეც ავხსნა და მორალურ-ზნეობრივიც:
პოლიტიკა გუნდური თამაშია. პოლიტიკის სუბიექტია პოლიტიკური გაერთიანება, პარტია. პარტიის ნდობა პერსონის მიმართ ვადიანია. თუ ნდობით განსაზღვრულ ვადაში პერსონის შეხედულებები მნიშვნელოვნად შორდება წარმდგენი პარტიისას, მან უარი უნდა განაცხადოს ნდობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებაზე და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. აქ იგულისხმება ის შემთხვევა, როცა პიროვნებამ როგორც თავისი პარტიის, ისე საზოგადოების წინაშე დაიმსახურა, აღჭურვილიყო მაღალი პასუხისმგებლობით. მაგრამ როცა ხარ ერთპროცენტიანი და შენს გათრევას (მაპატიეთ, სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე) აკრძალული ხერხების გამოყენება სჭირდება (მაგალითად, შანტაჟი - ამაზე ადრეც ვწერდი), კეთილი ინებე და თავი დაბლა დახარე...
თემის მორალურ-ზნეობრივ ნაწილს კიდევ უფრო გავამძაფრებდი, რადგან მოარული აზრი, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია და უზნეობის ასპარეზია, ანგრევს პოლიტიკას და, აქედან გამომდინარე, ქვეყანას. პოლიტიკაში დამოუკიდებლობის პირობა პოლიტიკის წესების დაცვით მოპოვებული ავტორიტეტია. ზნეობრივი კომპრომისი პოლიტიკაშიც ისეთივე მძიმე დამოკიდებულებებს იწვევს (ჩვენთანაც უნდა იწვევდეს), როგორც ჩვეულებრივ ყოფაში - ოჯახურ ცხოვრებაში, სამეგობროში, სამეზობლოში და სხვ.
გიორგი მარგველაშვილის ყოველი ცალკეული აქტივობა იქით არის მიმართული, რომ მმართველ პარტიასთან იმყოფებოდეს მუდმივ კონფლიქტში, მოირგოს დაჩაგრულის იმიჯი შიდა თუ გარე მოხმარებისთვის და ამით შექმნას პირობა იმ პროპაგანდისთვის, რომ „ოცნება" ებრძვის ყველას, ვინც გავლენის ქვეშ ვერ მოიქცია. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოვლენათა განვითარებაც ამის თვალსაჩინო ნიმუშია.
აღნიშნული კამპანიის მიზანი რომ „სამართლიან" არჩევნებში წარმატების სურვილს არ უკავშირდება (იციან, რომ ამის თეორიული შანსიც არ არსებობს, რადგან საზოგადოება, როგორც წესი, მსგავს შეცდომებს „ერთ ცხოვრებაში" ორჯერ არ უშვებს) და რომ ის სულ სხვა გეგმის შენიღბვას ემსახურება (მაგალითად, „მაიდანის" მსგავსი პროცესების პროვოცირებას), ერთი მარტივი არითმეტიკული ანალიზით შეიძლება დავასაბუთოთ:
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზი გვაჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნების, დღეისთვის არსებული, 73 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 40-ში აქვს 50%-ზე მეტი მხარდაჭერა (50%-იანი ბარიერის დაწესება ნიშნავს დემოკრატიის ხარისხის მაქსიმუმამდე გაზრდას. წინა ხელისუფლებების პირობებში ამაზე ოცნებაც წარმოუდგენელი იყო. ეს ერთი მიზეზიც კმარა, რომ ატეხილ ჟივილ-ხივილს უტიფრობა ვუწოდოთ). ახალი მოსალოდნელი გადანაწილებით ხელისუფლების „აქტივები" საგრძნობლად კლებულობს, რადგან ოლქების რაოდენობა იმ დასახლებულ პუნქტებში იზრდება (სავარაუდოდ, 16 ერთეულით), სადაც „ოცნებას" ძალიან არ ემადლიერებიან და შესაბამისად, მცირდება იქ, სადაც ის პრობლემებს არ უნდა ელოდეს. ახალი ბალანსი - ოცდაოთხი (24) ორმოცდაცხრის (49) წინააღმდეგ(!) - დამეთანხმებით, ხელისუფლებისთვის „განცხრომით ყოფნის" პირობას არ ქმნის.
შემოთავაზებულ მარტივ არითმეტიკულ ანალიზში თავისთავად იკითხება მარტივი დასკვნა - თუ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიები გამოავლენენ ერთსულოვნებას და ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს, უმრავლეს შემთხვევაში, წარმატებისთვის ხელისუფლებაზე მეტი შანსი ექნებათ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ არითმეტიკაა, რაც შეიძლება არ იცოდნენ ნანუაშვილმა და მარგველაშვილმა (უბრალოდ, „თამაშის წესებს" ემორჩილებიან), მაგრამ კარგად იციან ბოკერიამ, მაჭავარიანმა, გოგორიშვილმა, კაციტაძემ, ნათელაშვილმა, კუკავამ.., საიამ, „სამართლიანმა არჩევნებმა".., პაპუაშვილმა, „რუსთავი-2"- მა და ყველა იმ უცხოელმა „მეგობარმა", „ნაცების" თვალში დირეებს რომ ვერ ხედავდა და „ოცნების" თვალში ბეწვის აღმოჩენაზე რომ არის გაფაციცებული.
კარგად იციან, რომ თავისუფალი (არაძალადობრივი) არჩევანის შემთხვევაში, კრიტიკულ მომენტში (ასეთად მოიაზრება მომავალი საპარლამენტო არჩევნები), ხალხი სახელმწიფო დამნაშავეებს და მათ თანამოაზრეებს (თუნდაც „მხოლოდ ერთ თემასთან" დაკავშირებით) საკადრისს მიუზღავს, პოლიტიკის ენაზე - ნდობას არ (ვერ) გამოუცხადებს.
დასასრულ, პოლიტიკურ თემებზე ჩვენი საუბრების მიზეზთა მიზეზზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა: საზოგადოების სურვილია, ცხოვრობდეს განვითარებულ და დაცულ ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს მისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას. ქვეყნის გაძლიერების საფუძველი ძლიერი ხელისუფლებაა. დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ „ქართული ოცნება" რჩება უალტერნატივო პოლიტიკურ ძალად, რადგან ალტერნატივა წარსულში დაბრუნებაა. ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში მოვითხოვოთ (და მივაღწიოთ) ხელისუფლების ცალკეულ შტოთა გადახალისება-განახლება პროფესიონალიზმის წინა პლანზე წამოწევის გზით. მხოლოდ ასეთი მიდგომა შექმნის მყარ გარანტიებს ორმხრივი (სამოქალაქო საზოგადოება - ხელისუფლება) პასუხისმგებლობის გაზრდისა და ქვეყანაში ძირეული რეფორმებისთვის პოლიტიკური ნების განმტკიცებისა და გაძლიერების თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, იქნება წარმატების პირობა სახელმწიფოს შენების რთულ და ძნელ საქმეში.
ბიძინა დვალი
08.09.2015
დასაწყისი იხილეთ: http://www.reportiori.ge/?menuid=48&id=68380