ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთან საუბრის დეტალებზე ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური გაზეთ „ყველა სიახლესთან" ყვება. როგორც მოდელი აცხადებს, ლეონარდო დი კაპრიომ მას უთხრა, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც და ახლაც საქართველოს უჭერდა მხარს. ქართველი მოდელის თქმით, ის დი კაპრიოს კანში შეხვდა.
„დი კაპრიო ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი მსახიობია და მის გაცნობაზე ვერც ვიოცნებებდი. კანის შემდეგ პარიზშიც ვნახე. რამდენიმე წვეულებაზეც მოგვიწია ერთად ყოფნამ. ვისაუბრეთ კიდეც, მერე ვიცეკვეთ. ლეონარდო ძალზედ უშუალოა, ადვილად შემოდის კონტაქტში. ჯერ რატომღაც იტალიურად გამომელაპარაკა. მკითხა: იტალიელი ხარო? ვუთხარი, რომ ქართველი ვარ და იქვე დავუწყე ახსნა, რომ ამერიკის ჯორჯიიდან კი არა, აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან ვარ.
მითხრა, რომ იცის საქართველოს შესახებ. ისიც თქვა, რომ ახსოვს რუსეთ-საქართველოს ომი და რომ ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერდა და უჭერს. ეს ჩემთვის საოცრება იყო, გადავკოცნეთ ერთმანეთი და მადლობა გადავუხადე, საქართველოშიც დავპატიჟე და ვუთხარი, რომ ის აქ ძალიან უყვართ",- აცხადებს ქრისტინე ძიძიგური.