„ალი და ნინოს" ქანდაკების ადგილმონაცვლეობის დროს დაზიანებული ნინოს ნაწილი სრულად აღდგენილია და სკულპტურა ძველი ადგილიდან 50 მეტრში "ეშმაკის ბორბლის" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა.
„ალი და ნინოს" ქანდაკების გახსნის ცერემონიას ძეგლის ავტორი, მოქანდაკე თამარ კვესიტაძე დაესწრო.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქანდაკების განთავსება დასრულდა, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. სასიამოვნო იყო, რომ გავიგე ამდენი გულშემატკივარი ჰყავდა ნამუშევარს. რაც შეეხება ადგილს, მგონი კარგი ადგილია. ერთადერთი, რაც არა მგონია მხოლოდ ჩემი აზრი იყოს, ეშმაკის ბორბლის გვერდით მდგომ ქანდაკებას ვერ გაიგებ, ესეც ატრაქციონია თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ან ეშმაკის ბორბალი შეიცვლის ადგილს ან ქანდაკება", - განაცხადა თამარ კვესიტაძემ.