გვიან ამიფრიალა სიყვარულის დროშები ცხოვრების ნავრუზობამ, მაგრამ განა ჩემი ბრალია, თუ სანიკო მაშინ შემომხვდა, როცა ჩემი სიყვარულის ეპილოგი უნდა იწერებოდეს? - დღეს ქართველი მწერლისა და პოლონური წარმოშობის ქალბატონის სასიყვარულო მიმოწერაზე გიამბობთ, რომელიც თითქმის ორი ათეული წელი გაგრძელდა.
მწერალი დავით ჩხეიძე, რომელსაც საზოგადოება თურდოსპირელის ფსევდონიმით იცნობს,1888 წელს დაიბადა.
მწერლობის ნიჭი ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გამოავლინა, კიევის უნივერსიტეტში სწავლისას კი უფრო განავითარა.
1909 წლიდან თურდოსპირელი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრია.
1918 წლიდან კი სამწერლო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
მისი თაოსნობით 1927 წელს დაფუძნდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
რატომ არჩია პარიზში ემიგრანტობას თელავსა და დუშეთში ცხოვრება, როგორ გაიცნო პოლონელი მეუღლე და რატომ ეკონტაქტებოდა წლების მანძილზე მას წერილებით?
ამაზე მწერლის შვილი, რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ყოფილი მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გვიამბობს:
- არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა: მამა დავით ჩხეიძე, რომელსაც საზოგადოება თურდოსპირელის ფსევდონიმით იცნობს და დედა ალექსანდრა კრემენსკაია.
მამა მენშევიკი იყო, სიცოცხლის ბოლომდე აღმერთებდა ჟორდანიას.
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი და საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ რეალური საფრთხე დაემუქრა. როცა მენშევიკები ქვეყნიდან გადიოდნენ, მამასაც ჰქონდა საფრანგეთის ვიზა, მაგრამ ბათუმიდან მასობრივი გამგზავრების სურათმა იმდენად იმოქმედა, რომ ვიზა დახია და, პარიზის ნაცვლად, დუშეთში გაემგზავრა. ბოლშევიკებმა მამას თბილისში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ჩამოართვეს, ამიტომ იძულებული იყო, ერთი რაიონიდან მეორეში ევლო და ემუშავა. თელავი, ველისციხე, მუკუზანი, წინანდალი, ნაფარეული, ფშაველი, სვანეთი, შუამთა...
- პოლონელი მეუღლე კიევის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო?
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ისინი ერთმანეთს თელავში შეხვდნენ. რაც შეეხება კიევს, მამა იქ ერთ ქალბატონს ეტრფოდა, რომელსაც ფრიდრიკოდ მოიხსენიებდა. სამოქალაქო ომისა და არეულობების დროს ფრიდრიკოს ოჯახმა უკრაინა დატოვა. მამამ ქალბატონი ყვავილებით გააცილა და პირობა დადეს, რომ ერთმანეთს აუცილებლად მოძებნიდნენ, მაგრამ ფრიდრიკოს გზები დაიკარგა, მამა კი საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოში დაბრუნებული მამა ელენე მიქელაძეზე დაქორწინდა და ორი შვილი - მზია და დალი შეეძინა.
რაც შეეხება დედასთან - ალექსანდრა კრემენსკაიასთან შეხვედრას, ეს ცალკე ისტორიაა...
- როგორ მოხვდა პოლონელი ქალბატონი თელავში?
- იმ დროს თელავში იდგა ნიკოლოზ მეორის დაქვემდებარებაში მყოფი პოლონეთის პოლკი, რომელშიც ახალგაზრდა ოფიცერი ალექსანდრე კრემენსკი მსახურობდა. ისე მოხდა, რომ კრემენსკიმ თვალი მოჰკრა ბებიას და თავდავიწყებით შეუყვარდა. სოფიო ზახაშვილი ულამაზესი ქალი იყო, მაგრამ მისი ოჯახი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა პოლონელთან ქორწინებას. საბოლოოდ, კრემენსკიმ თავისი გაიტანა და ბებიასთან იქორწინა. ერთ დღეს თელავის ფოსტა გაქურდეს და კრემენსკიმ ყაჩაღების დევნის ოპერაცია განახორციელა. ოფიცერი ყაჩაღებს ცხენით დაედევნა, მაგრამ ორმხრივ სროლაში დაიღუპა. მაშინ ბებია 5 თვის ფეხმძიმე იყო... ამ საშინელი ტრავმის შემდეგ ულამაზესი სოფია აღარასოდეს გათხოვილა. მეუღლის სიყვარულით შვილს ალექსანდრა დაარქვა და ცხოვრების ბოლომდე მარტო ზრდიდა. დედას სკოლაში მიყვანის დროც რომ დადგა, კრემენსკის მშობლებმა და ნათესავებმა მისი მოძებნა გადაწყვიტეს და საქართველოში ჩამოვიდნენ. ბებიამ რატომღაც ჩათვალა, რომ ბავშვის წართმევას უპირებდნენ და სკოლის უფროსთან ერთად, დედა გადამალა. პოლონელებმა დედა რომ ვერ ნახეს, უკან წავიდნენ და ასე გაწყდა ის ძაფი, რომელიც დედას პოლონეთთან აკავშირებდა.
- დავით თურდოსპირელისა და ალექსანდრა კრემენსკაიას ურთიერთობაზეც გვიამბეთ. როგორც ვიცი, მამათქვენი დედაზე 20 წლით უფროსი იყო...
- მამა თელავის კოლეჯში ლექციებს კითხულობდა. დედა სტუდენტი იყო და ისე მოიხიბლა მამას საუცხოო გარეგნობით, მეტყველებითა და თხრობის მანერით, რომ წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღფრთოვანებას გამოხატავდა მამას მიერ წაკითხული ლექციის გამო. ამის მერე, მამა დაინტერესდა, როგორ მოხვდა პოლონური გვარის მქონე გოგონა მის კოლეჯში და წერილითვე უპასუხა. ეს მიმოწერა ჯერ - მეგობრობაში, შემდეგ კი დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ერთ-ერთ წერილში მამა წერს: „გვიან ამიფრიალა სიყვარულის დროშები ცხოვრების ნავრუზობამ, მაგრამ განა ჩემი ბრალია, თუ სანიკო მაშინ შემომხვდა, როცა ჩემი სიყვარულის ეპილოგი უნდა იწერებოდეს? 40 წლის ვარ, მაგრამ ვერა ვგრძნობ ამას, რადგან სანიკოს ვუყვარვარ".
როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა, მაგრამ მამას თბილისში მუშაობის უფლება ისევ ჩამორთმეული ჰქონდა, მე კი სკოლაში თბილისში შემიყვანეს.
- მამა თქვენთან არ ცხოვრობდა?
- ჩვენს სანახავად თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა. ძირითადად კი რაიონებში ცხოვრობდა. 1926 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა თელავის ათწლედის გამგის მოადგილედ, პედაგოგიური ტექნიკუმის მასწავლებლად, კახეთის განათლების განყოფილების ინსპექტორად.1933 წელს ველისციხის საშუალო სკოლის დირექტორად მიიწვიეს. 1936 წელს სამუშაოდ სვანეთში, ლენტეხის საშუალო სკოლის დირექტორად გადაიყვანეს. 1939 წელს უკვე ნაფარეულის საშუალო სკოლის დირექტორია... მოკლედ, მამას ხან სად აგზავნიდნენ და ხან - სად... დედა და მამა ერთმანეთის მონატრებას წერილებით იკლავდნენ და დღეში ორჯერ მაინც უგზავნიდნენ. ათასობით წერილი დაიწერა ამ ჩვიდმეტი წლის მანძილზე და ასე გაგრძელდებოდა, მამას უმძიმესი დაავადება რომ არ შეჰყროდა... მეორე მსოფლიო ომის დროს მამა ფშავში, სკოლაში მუშაობდა და იმავე სკოლაში ცხოვრობდა. ერთხელ შუაღამეს კარზე დაუკაკუნეს. კართან უცნობები იდგნენ, რომლებმაც მამას პირდაპირ უთხრეს: ბატონო დავით, გერმანელები მოგვადგნენ კარზე. თქვენ უნდა გაგვიწიოთ წინამძღოლობა და გერმანელებს პურმარილით უნდა დავხვდეთო.
წარმოიდგინეთ მამას მდგომარეობა. მენშევიკური წარსულის მქონე, ძლივს გადარჩენილი და ამ დროს, არ იცის, ეს ადამიანები ეროვნული მოძრაობიდან არიან თუ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან. მამას იმ ღამეს ნერვიულობისგან პარკინსონის დაავადება დაემართა... ამ დროს 56-57 წლის იყო. მამა 1948 წლის დეკემბერში, თბილისში გარდაიცვალა. აუსრულებელ ოცნებად დარჩა რომანის დაწერა, რომელსაც დედას მიუძღვნიდა, მაგრამ სამაგიეროდ, დატოვა ულამაზესი და სიყვარულით გამთბარი ათასობით ბარათი, რომლებიც ადასტურებს, რომ ნამდვილი სიყვარული არც ბერდება, არც ბეზრდება და არც ოდესმე კვდება...
დავით ჩხეიძის წერილებიდან:
„საშინელებაა იმის გაგება, რომ შენ გიყვარს ადამიანი, მაშინ, როდესაც გამძიმებს 39 წელიწადი. 39 მძიმე ტანჯვით და ქარიშხლებში გამონამსხვრები წელი. და ახლა ეს ორეული იჩოქებს შენ წინ, ძვირფასო სანია და შემოგღაღადებს, მოგვეცი ნება, რომ ვილოცოთ, ვილოცოთ. მოგვეცი ნება, რომ მხოლოდ ვეამბოროთ თქვენს ნაკვალევს. შენ შეხვდი მდიდარი გრძნობების პატრონს, მაგრამ ჟამმა ყაჩაღების სივერაგით გაქელა იგი. დრო-ჟამმა იგი გააპარტახა მისი სულის გამოქვაბულში. დარჩა მხოლოდ მისი ობოლი, დაღლილი გული და ეს რას შეძლებს... შენ ისეთი ყვავილები გინდა, რომლის მსგავსი საუკუნეში ერთხელ თუ გაიშლებიან. მე ვიყავი ოდესღაც მდიდარი ამ ყვავილებით, მაგრამ, მეგობარო, არ შემხვდი თავის დროზე. არ შემხვდი და ახლა რა ვუყო? შემოდგომამ დამიჭკნო ისინი".
„ჩემო ყრმობის მტრედისფერო სიზმარო, ჩემო ჭაბუკობის დაუმღერებელო მელოდიავ, ჩემო მშვენიერო სანიკო, ვიჩოქებ შენ წინაშე და შენს ნატერფალს ვეამბორები. ამდენის ყურადღებისთვის. ამდენის თანაგრძნობისთვის, მეგონა, მე შენ უკვე გიცნობდი. მეგონა, შენს სრულყოფილობას ვეზიარე და აი, დღეს მივიღე შენი წერილი და იქიდან შუქურვარსკვლავსავით ამოფრინდა ახალი სანიკო. ვრწმუნდები, რომ საზღვარი არა ჰქონია შენს სათნოებას, კდემას მშვენიერებასა და სასოებას. ჩემო ლამაზო ღვთაებავ".
„კარგო, კარგო სანია. აი, წინ მიდევს თქვენი ეპისტოლე და ვკითხულობ. ნუგბარ სიტყვათა ფრქვევა, გრძნობათა წვა, ეს შემჭევრება რჩეულთათვისაც დასანანია. აბა, მე ვით დავიმსახურებდი მასა და მიკვირს, რათ არ ვღებულობ შეურაცხყოფად. რაც გაზვიადებულია, ის არ წარემართება, ვითარცა ნისლი მთებისკენ და მე კი მაინც არ ვშმაგობ, არ გემდურით. პირიქით, ხავერდის შრიალით მინანავებენ თქვენი სიტყვები. იების სიცილით მეალარსებიან, თუმცა ამავე დროს, თვალები მიცრემლიანდება და ვჩივი, რატომ იოტისოდენაც მაინც არ ვარ ღირსეული რჩეული, რომელიც დაუსახნია სანიას მდიდარ ბუნებას და ოცნებას".
„მინდა, ვიწყო წერა ჩემი მტრედისფერი რომანისა. მინდა სანიკოს სახელი სასოების ცრემლის მინანქრით ავამეტყველო, მაგრამ როდის დავაღწევ თავს ყოველდღიურ წვრილმან საქმეებს, რომლებიც მქურდავენ მუხანათურად. ჩემო სიცოცხლევ, მინდა შენზე დიდი რომანი დავწერო. ცალკეული თავებიცა მაქვს ფრაგმენტებად დალაგებული, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მალე შემომაღამდა. სადაცაა ჩაიწვება ჩემი ცხოვრების პატრუქი..."
წყარო: funtime.ge