ქალაქ ბათუმში კომპანია „სოკარის" წარმომადგენლობის ოფისში ელისო ბოლქვაძის ფესტივალის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში და კომპანიამ „სოკარ ენერჯი ჯორჯია" საზეიმო მიღება გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მსოფლიოში ცნობილი აზერბაიჯანელი პიანისტი ფერჰად ბადალბეილი, აგრეთვე იუნესკო-ს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მოწვეული სხვა ცნობილი პირები. საზეიმო მიღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრნენ.
„პირველად ვიმყოფები ბათუმში. ულამაზესი და შესანიშნავი, ზღაპრული ზღვისპირა ქალაქი გაქვთ. მიხარია, რომ ბათუმში ცნობილი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის ფესტივალის ფარგლებში ჩამოვედით. ქალბატონი ელისო ამ ფესტივალის დაარსებით უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის. მოხარული ვარ, რომ ვიცნობ ისეთ ცნობილ პიანისტებს, როგორიცაა ლექსო თორაძე, ელისო ვირსალაძე და თავად ელისო ბოლქვაძე. ამ ადამიანებმა საქართველოს მსოფლიოში გაუთქვეს სახელი",- განაცხადა ფერჰად ბადალბეილიმ და აღნიშნა, რომ მომავალშიც სიამოვნებით ეწვევა საქართველოს.
„ჩვენი ფესტივალი მესამე წელია, რაც დაარსდა და მისი მიზანია პოპილარიზაცია გაუწიოს კლასიკურ მუსიკას, ნორჩი ტალანტების აღმოჩენას და მათთვის განვითარების კარგი შანსების მიცემას შეუწყოს ხელი. ის, რომ ფესტივალში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, ფესტივალის დიდ სახელზე მეტყველებს. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საზეიმო მიღება გაგვიკეთა „სოკარის" წარმომადგენლობამ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.