reportiori.ge - მაია ბათიაშვილი: „შეცდომა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მაია ბათიაშვილი: „შეცდომა“
ავტორი:
13 სექტემბერი, 2015. 01:04

შეცდომა...

თავის ოთახში იჯდა ჩუმად. არაფერს აკეთებდა. საშინელი შეგრძნება ისევ დაეუფლა. ვერაფრით მოიშორა. როგორ არ ეცადა, მაგრამ ის მაინც ბრუნდებოდა - დამთრგუნველი, ძლიერი გრძნობა უსახური არარაობის. თითქოს ნივთია, როგორც ეს ოთახი, სკამი, დივანი, კარადა, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ამ ოთახს მისი სახელი ქვია - "ლევიკოს ოთახი". ზოგჯერ ეჩვენება, რომ ამ სახელის გარდა არაფერს წარმოადგენს. თავი ასტკივდა. ხელის გულები შუბლზე მიიჭირა. უკვე მერამდენედ ემართება. ისეთი ტკივილები აქვს, თვალები ებინდება. არც უცდია მათთვის ეთქვა, ან რა შედეგს მოიტანს. სიას კიდევ ერთი შეცდომა მიემატება. კარადასავით გაშეშებული დღეები ჰქონდა. კედლის კუთხეში მიმდგარ კარადას გახედა.


თვალწინ პატარა ბიჭუნა დაუდგა. თავის ოთახში კარადის გვერდით შეკუჭულიყო. უხმოდ ტიროდა. ვეღარ გაიხსენა, რატომ ტიროდა საბრალო, თითქოს მიზეზი საგულდაგულოდ დაემალა ვიღაცას. გვერდით ოთახდან უეცრად გამვარდნილი სიტყვები მოესმა: "ჩემი შვილი მაინც არ იყოს!" მამაკაცს ბოხი ხმა მახვილივით ესობოდა პატარა ბიჭუნას და ისიც სულ უფრო ეკვროდა კედელთან მდგარ მუხის კარადას. მუხლები ხელებში მოექცია - "მისი შვილი არ უნდა რომ ვიყო" - გაიფიქრა. "რატომ მოიქეცი ასე..." - ბიჭუნას გონებამ სასოწარკვეთილებით აირეკლა ფიქრები და შიშნარევი ცრემლები ჩუმად გადაყლაპა. პატარა სახე უსაზღვრო დარდს დაენისლა. გულმოდგინედ ცდილობდა, გაერკია მიზეზი, მაგრამ მაინც ვერ მიმხვდარიყო, რა დააშავა.


"ლევიკო" - შემოესმა. დიდი და უსაშველოდ გრძელი კარი გაიღო და ოთახში შემოსულმა ახალგაზრდა ქალმა იქაურობა მოათვალიერა.


"სად მიმჯდარხარ. რა არის? რატომ ტირი? შენ ხომ ბიჭი ხარ. არ იტირო ჩემო საყვარელო." - ხელი მოკიდა და წამოაყენა - "იატაკზე ნუ დაჯდები. გაცივდები. მოდი ჩემთან". - ბავშვს მოეხვია და ხელში აიყვანა. ბავშვი იატაკს ჩაშტერებოდა. მათ არ იცოდნენ მას რომ ესმოდა.

ტელეფონმა დარეკა. უცბად გამოერკვა. წარსულის ზმანება სადღაც გაქრა. წუთით წამოდგომა დაპირა. აპარატი გვერდით ოთახში იდგა. "ტელეფონი მხოლოდ მოგაცდენს"... გაახსენდა. მწარედ გაეღიმა - "ისინი ვერ ხვდებიან, რომ გავიზარდე". ტელეფონი დადუმებას არ აპირებდა. კარებისკენ გაემართა. სწრაფი ნაბიჯების ხმა მოესმა. ნახევრად გაღებული კარები უკანვე მიხურა.

"ლევიკო სახლში არ არის". - მკვახედ უპასუხა ქალბატონმა.

სიტყვები გარკვევით ესმოდა. არ შეეკამათა აზრი არ ჰქონდა. სახეზე სისხლი მოაწვა. ღრმად ჩაისუნთქა.

"რა ბიჭი გეზრდებათ". - დეიდა ნელის ძალიან უყვარდა ლევიკო. დაბადებიდან ანებივრებდა.

"ჰო, რა ვიცი, აბა. მე მგონი კარგი ბიჭია არა? ვნახოთ რა გაიზრდება". - მიუგო ლანამ და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა. ბიჭუნა თავჩაღუნული იდგა. - "არ მინდა გავათამამო". - გაუღიმა.

"და მაინც, ლევიკოზე უკეთესი მე არავინ მეგულება". - დაიხარა დეიდა ნელი და ბავშვი გემრიელად ჩაკოცნა.

თვალები უბრწყინავდა. მასაც ძალიან უყვარდა დეიდა ნელი, "ნელიკო" - ასე ეძახდა მაშინ.

"ჰო, ამაზე ტკბილი ნამდვილად არ არსებობს რამე". - მეგობარს დაემშვიდობა. ციცქნა, პაწაწუნა ხელი მის რბილ ხელში მოექცა...

ოთახის კარი გაიღო.

"ლევიკო, დღეს ეკლესიაში რომ მივდივართ, ხო არ დაგავიწყდა? დაისვენე ჩემო საყვარელო, რამდენი ხანია მეცადინეობ". - შუბლზე აკოცა - "ცუდად ხომ არ ხარ? ცხელი მეჩვენები. ფერიც არ მომწონს. სიცხეს გაგიზომავ". - ოთახიდან გავიდა და მალევე თერმომეტრით ხელში დაბრუნდა. დაფერთხა. კიდევ ერთხელ შეამოწმა და გაუწოდა. - "ჩაიდე. შეეცადე მაისურს არ მოედოს". - შეყოვნდა. ახლა-ღა შეამჩნია, რომ მხოლოდ ის ლაპარაკობდა. - "უგუნებოდ ხარ ჩემო პატარავ?" - მიეფერა - "არა, მემგონი დღეს ძალიან გადაიღალე. ნუღარ მიუჯდები კომპიუტერს." - თავი გააქნია.

"კარგი დედა". - მორჩილად უპასუხა.

ქალი დაბნეული უყურებდა შვილს.

დედა შეეცოდა და გაუღიმა.

"ნუ ნერვიულობ. კარგად ვარ. ეკლესიაში წავიდეთ". - თერმომეტრი გამოიღო, დახედა და გაუწოდა - "სიცხე არ მაქვს".

დედა თერმომეტრს დააკვირდა.

"მაინც დღეს გარეთ გასვლაზე, ალბათ, თავი უნდა შეიკავო". - თქვა ჩაფიქრებულმა. ამ ბოლო დროს უმიზეზოდ შფოთავდა. ვერ მიმხვდარიყო, რა აღელვებდა. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც სურდა. მისი ლევიკო სამაგალითო იზრდებოდა, მაგრამ რაღაც მაინც აფიქრებდა. ოთახიდან გავიდა.

ეკლესიაში პატარაობიდან დაჰყავდათ. ერთხელ წლოვან ქალბატონს უთქვამს: "ეკლესიაში ატარეთ და ცუდისკენ არ გაიხედავსო". იმ დღიდან ყოველ კვირა ქაშუეთში ჩადიოდნენ. ყველა საეკლესიო წესი თითქმის ზეპირად იცოდა. უყვარდა ტაძარში ყოფნა... ისინი ერთად მიდიოდნენ და უხმოდ ბრუნდებოდნენ. რაღაც აწუხებდათ, მაგრამ მდუმარებაში ეძებდნენ პასუხს.

ეკლესიაში აღარ წავიდნენ. საღამო ხანს სკოლის მეგობარი ესტუმრა. შუა ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ.

კარებზე დარეკეს. შემოსასვლელში მამამისის და ძია ოთარის ხმები გაისმა. პირდაპირ მისაღებ ოთახში შევიდნენ. ბიჭები ფეხზე წამოდგნენ და მიესალმნენ.

"შენ ოთახში შედით. ოთარს რაღაც საქმეზე უნდა ველაპარაკო."

მოურიდებლად ნათქვამმა სახე აულეწა. ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა.

"მე წავალ. უკვე გვიანაა". - მეგობრის სიტყვებში უხერხულობა იგრძნობოდა.

"ჰო". - მექანიკურად უპასუხა. ადგილიდან არ განძრეულა.

"ხვალ წამოხვალ?"

"არ ვიცი. შეიძლება". - თვალები დაუმძიმდა, ვერ გარკვეულიყო ცრემლებისგან, თუ ტკივილისგან. მეგობარს თვალი მოარიდა. ფანჯრისკენ შეტრიალდა. დაუწყობელ სახის ნაკვთებში გარდატეხის ქარიშხალი ჩასდგმოდა.

"დაგირეკავ". - ისე მიუგო, არ მოტრიალებულა. ანთებული თვალებით ნაწვიმარ ქუჩას გაჰყურებდა.

სტუმრად მისულ მეგობარს კარგად ესმოდა მისი, მაგრამ სიტყვებს თავი აარიდა, კარი გამოაღო და უხმოდ მიიხურა.

ხმა არ ამოუღია. სადარბაზოდან გამოსულ მეგობრის სილუეტს ჩააშტერდა; წვიმის წვეთებით დამძიმებული 14-15 წლის ბიჭი თავჩაღუნული მიაბიჯებდა უკაცრიელ ქუჩაში.


მაია ბათიაშილი 2001 წ. "ჩვენი მწერლობა"




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016