დიდი ქართველი მწერლის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„რეზო ჭეიშვილი წიგნის მოყვარულთათვის, მართლაც, ქართული ლიტერატურის დინოზავრია.
„ქალაქში დინოზავრები დადიან" - ამ ნაწარმოებით შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში რეზო ჭეიშვილი და დინოზავრის კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურაში. მე არ ვიცი მეორე მწერალი, რომელიც ისე ჩაწვდა ქუთაისის სულს, როგორც ეს რეზო ჭეიშვილმა შეძლო, მისი „მეოთხე სიმფონია" ჩემთვის იგივეა ლიტერატურაში, რაც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია მუსიკაში.
რეზო ჭეიშვილი არც ერთი ხელისუფალის მსახური არ ყოფილა, მისი ძალა სწორედ იმაში იყო, რომ ყველა ხელისუფალი ქართული საქმის მკეთებლად მოაქცია.
ვიხსენებ ბევრ რამეს: სოლომონ მეფის გადმოსვენება თურქეთიდან... ქალაქის ცენტრში უმოწყალოდ დანგრეული სობოროს აღდგენის, ქალაქის ისტორიული ნაწილის მუზეუმის შექმნის იდეით ხელისუფლების „დაავადმყოფება"... გელათის მეცნიერებათა აკადემიის, ბაგრატის ტაძრის აღდგენა... მდინარე რიონი და თეთრი ქვები... მწვანეყვავილა... წლების განმავლობაში ეძებდა იმ ადგილს, სადაც 1937 წელს დახვრიტეს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის სამწერლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დია ჩიანელი - რეზო ჩხეიძის მამა. მიაგნო კიდეც. დღეს იქ რეპრესირებულთა მემორიალია. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ეს პირველი გახლავთ. რამდენადაც დიდი მწერალი იყო, იმდენად რთული იყო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, უკომპრომისო იყო სიმართლისა და სამართლიანობისათვის ბრძოლაში. ყველა რანგის ხელისუფალს უგრძვნია ეს. მიგრძვნია მეც. როგორც ქალაქის მერს და იმერეთის გუბერნატორს.
ვამაყობ იმით, რომ თბილისისაკენ გზად მდგომი რეზო ჭეიშვილი ქუთაისისკენ მოვაბრუნე.
ვარ ბედნიერი, რომ არაერთგზის მქონდა საშუალება, მის მამაპაპისეულ სახლში ბუხართან მამა-შვილურად, ძმა ძმას რომ დაელაპარაკებოდა, ისე გვისაუბრია. ვარ ბედნიერი, რომ მასთან ერთად 2003 წლის 19 აგვისტოს, „ფერიცვალებას" ვიყავი „რკინის ჯვარზე", იმ ბიბლიურ მთაზე ხარაგაულში, სადაც პირველი საუკუნის 30-იან წლებში სვიმონ კანანელმა, ანდრია პირველწოდებულმა და მათათამ ჯვარი აღმართეს... დღესაც, როგორც ზღაპარს ისე ვიხსენებ სკამზე მოცეკვავე 70 წლის რეზო ჭეიშვილს ხარაგაულელების გარემოცვაში.
რეზო ჭეიშვილი ყოველთვის დიდი საქმეების სათავეებთან იდგა. 2015 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათში, „ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესი გაიხსნა. მიღებული იქნა „მოქმედების მანიფესტი" - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო". რეზო ჭეიშვილი იქ იდგა, როგორც ბურჯი . სწორედ გელათში, „ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლებმა, ცნობილმა მოღვაწეებმა დიდ პოეტს მათ მიერ ხელმოწერილი სახალხო აღიარების დამადასტურებელი „პატივდების სიგელი" გადასცეს.
დიდი მწერალი, ძალიან დიდი მწერალი ამაღლდა ზეცად. „მწვანეყვავილა" იყო მისთვის მთელი სამყარო . დამკვიდრდა სამუდამო სასუფეველში: ცაში - ღმერთთან ახლოს, „მწვანეყვავილაზე" - ქუთაისთან . .. კაცი, რომელიც ცხოვრობდა ეროვნული განწყობით და აზროვნებდა სამყაროს მსოფლშეგნებით", - წერია თემურ შაშიაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცახდებაში