„ქართული ერთობის დარბაზი" მწერლის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„კაცი, რომელიც ყოველთვის დიდი საქმეების სათავეებთან იდგა.
დიდი პოეტი წავიდა. დიდი ქართველი. რეზო ჭეიშვილი - ეროვნული განწყობის და პლანეტარულად მოაზროვნე კაცი. კაცი, რომელიც ყოველთვის დიდი საქმეების სათავეებთან იდგა.
„ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები ვართ ამაყნი, რომ რეზო ჭეიშვილი იყო იმ გამორჩეულ მოღვაწეთა შორის, რომელნიც 2015 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში, „ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესის გახსნას ესწრებოდა. ჩვენ ვართ ამაყნი, რომ ბატონმა რეზომ ჩვენი ქვეყნის მეცნიერების და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად მოაწერა ხელი საპროგრამო დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტი", რითაც დიდი ქართული შემოძახილი გააკეთა.
„ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები ვართ ამაყნი, რომ სწორედ გელათში, სწორედ დავითობას, ჩვენი დარბაზის პირველ კონგრესზე სახალხო აღიარების დამადასტურებელი „პატივდების სიგელი" გადავეცით ყველასათვის საყვარელ, გამორჩეულ პოეტს.
აწ გარდაცვლილ ქუთაისელ პოეტს, ელდარ მიქაძეს ეკუთვნის გამოთქმა: „ცა პოეტების სასაფლაოა". დიდი ქართველი პოეტი რეზო ჭეიშვილი ცად ამაღლდა. და სამუდამო სასუფეველში დაიმკვიდრა ადგილი", - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები: ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი