reportiori.ge - ბიძინა სონღულაშვილი: გუბერნატორობის შემდეგ „ბოჩკებს“ ვრეცხავდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:54
ინტერვიუ
ბიძინა სონღულაშვილი: გუბერნატორობის შემდეგ „ბოჩკებს“ ვრეცხავდი
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 15:42


თემის გაგრძელება

 

 

950 მეტრი მიწის ქვეშ შუა ქალაქში

 

ბიძინა სონღულაშვილმა მეტრომშენში სადგურ წერეთლის" გვირაბგამყვანად დაიწყო მუშაობა საქვეყნოდ ცნობილი ბრიგადირების _ ჟორა მესხისა და ამირან ზარქუას ხელმძღვანელობით. მეტრომშენს მაშინ სათავეში დიდი მშენებელი და სახელმწიფო მოღვაწე ვიქტორ გოცირიძე ედგა.

 

_ სხვადასხვა თანამდებობაზე მომიწია მუშაობა და, როცა ვიქტორ გოცირიძესავით დიდმა მშენებელმა უშანგი გოჯიაშვილმა ჩაიბარა ეს უწყება, მის მოადგილედ დამაწინაურეს. 1997 წლიდან მეტრომშენის სამმართველოს უფროსი ვიყავი.

 

სწორედ ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიზანშეწონილად ჩათვალა ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე მეტროს ღია მეთოდით მშენებარე სამუშაოების დამთავრება, ხელქმნილი ხრამივით რომ გაჰყვებოდა თბილისის ამ მჭიდროდ დასახლებულ უბანს და ქალაქის კომუნიკაციებს, მრავალსართულიან შენობებს, ასევე, მოქმედ მეტროპოლიტენს მუდმივი საფრთხით ემუქრებოდა. ეს ერთი.

 

და მეორე, რაც მთავარია, უნდა ამოქმედებულიყო ბოლოს და ბოლოს მეტროს ახალი ხაზი სადგურ ვაჟა ფშაველას" ჩათვლით.

 

უკიდურესად გაჭირვებულ და პოლიტიკური ბრძოლებით გართულ ქვეყანაში ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო სახსრები მაინც გამოიძებნა და, მოკლედ ვიტყვი, ეს საშვილიშვილო საქმე დაიწყო და დასრულდა ბიძინა სონღულაშვილის დროს, ანუ იმ პერიოდში, როცა იგი მეტრომშენს ედგა სათავეში.

 

იხსენებს ამ წლებს ბატონი ბიძინა.


- აქტიურად გვიჭერდა მხარს მეტროპოლიტენის ხელმძღვანელი გურამ გაბუნია და სხვები, ყველას გახსენება ახლა ძნელია, - ამბობს რესპონდენტი, - უდიდესი მხარდაჭერა გვქონდა მოსკოვის მეტრომშენის ხელმძღვანელობის, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი კარგა ხნის დაშლილი იყო. წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციის მმართველი იური ნიკოლოზის ძე კოშელევი იყო, რომელიც ბატონ ვიქტორ გოცირიძის უახლოესი მეგობარი გახლდათ. თბილისში რამდენიმეჯერ იყო ჩამოსული, კახეთში მე თვითონ ვმასპინძლობდი.


- სანთელ-საკმეველმა თავისი გზა არ დაკარგა?


- რა თქმა უნდა. მეტროს მშენებლობის სპეციალური ტექნიკით მოსკოველების დახმარება რომ არა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილების შესრულება ძალიან გაგვიჭირდებოდა.


ბიძინა სონღულაშვილი დეტალურად ყვება, როგორ შეწყვიტა დიდი თათბირი კოშელევმა მაშინვე, როგორც კი მოახსენეს ქართველი სტუმრების ჩამოსვლის შესახებ. ყურადღებით წაიკითხა ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერილი თხოვნა (განცვიფრდა და გაუხარდა კიდეც") და სამმართველოების უფროსებს ორ კვირაში აუცილებლად შესასრულებელი დავალებები მისცა.

- ერთ თვეში ჩამოვიდა ორი ტრაილერი სპეციალური სანგრევი ჩაქუჩებით, მილებით, საბურავებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით დატვირთული.

 

დავიწყეთ მუშაობა და 2000 წლის 3 აპრილს სადგური „ვაჟა ფშაველა" (ცალმხრივი მოძრაობით) საექსპლუატაციოდ გადავეცით.


ორი თვის შემდეგ ბიძინა სონღულაშვილი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად გადაიყვანეს კახეთის რეგიონში - გუბერნატორად.

 

მეტროს ახალი ხაზის დამთავრებისთვის საჭირო სამუშაოები შეწყდა. განახლებამდე ხანგრძლივი 15 წელიწადი გახდა საჭირო.

 

ბიძინა სონღულაშვილის მეტროს პერიოდზე" მკითხველისთვის სრული წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ყულევის ტერმინალის მშენებლობა და დიდი მოცულობის სამუშაოც შესრულდა; თბილმეტრომშენის სპეციალისტებმა შეიმუშავეს თურქეთის ქალაქ სამსუნის 12-კილომეტრიანი მეტროს პროექტი. ამ მეტროს სამსუნის სამრეწველო რაიონი საუნივერსიტეტო ქალაქთან უნდა დაეკავშირებინა. მეჯლისმა პროექტი დაამტკიცა, მაგრამ 1996 წელს მას განხორციელება არ ეწერა.

 

ეს ყველაფერი და, ამასთან ერთად, თბილისის საჭიროებისთვის შესრულებული მრავალფეროვანი და საკმაო მოცულობის არაპროფილური სამუშაოები მეტროს მშენებლობის პარალელურად ხორციელდებოდა.


- ერთ მომენტსაც დავუმატებ, - ამბობს ბატონი ბიძინა, - იური კოშელევის შემოთავაზებით და სოსო ორჯონიკიძის მხარდაჭერით, რომელიც მაშინ მოსკოვის მერის _ იური ლუჟკოვის მოადგილე იყო, 250 მეტრომშენებელი მოსკოვში გვყავდა ჩაყვანილი. ამათგან 150 კაცს მოსკოვის ავტობანის მესამე რკალი გაჰყავდა. ამას გარდა, ჩვენი 175 სპეციალისტი ქალაქ სვერდლოვსკის მეტროს მშენებლობას შეუდგა, რასაც ბადრი პატარკაციშვილს უნდა ვუმადლოდეთ.


- ესე იგი, სვერდლოვსკის მეტროს პირველი სვრელი", თქვენ გაიყვანეთ?


- დიახ, სვერდლოვსკის, ამჟამად ეკატერინებურგის, მეტროს პირველი მშენებლები ჩვენ ვიყავით - ქართველები. მთავარი ინჟინერი თამაზ ასანიძე იყო, ბატონი უშანგი გოჯიაშვილი - საერთო ხელმძღვანელი.

 

- ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში უმუშევრობა მძლავრობდა.


- დიახ. სწორედ მაშინ მოსკოვში 250 ქართველი კვალიფიცირებული მეტრომშენებელი მუშაობდა, სვერდლოვსკში - 175, თბილისში - 1300 კაცამდე.


მოსკოვში ახლაც მუშაობენ, მათ შორის, უმაღლესი კვალიფიკაციის ისეთი გამოცდილი სპეციალისტები, როგორებიც არიან გრიშა ბოკუჩავა, თამაზ ასანიძე, თენგიზ შურღაია. მაშინ, როცა ორი წლის წინათ თბილისის მეტრომშენებლებმა ბოსფორის სრუტის ქვეშ სამი კილომეტრისა და 900 მეტრის სიგრძის გვირაბი გაიყვანეს გვირაბგამყვანი კომბაინით, განა შეიძლება, რომ თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურის დასამთავრებლად შემთხვევითი ადამიანები მოგვყავდეს?!



ქვეთავი, რომელშიც 4 წელიწადი ჩაეტია

 

გია არსენიშვილის საქართველოს სახელმწიფო მინისტრად გადაყვანის შემდეგ კახეთის რეგიონს ბიძინა სონღულაშვილი ჩაუდგა სათავეში.

- ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, - ამბობს ბატონი ბიძინა და ეს არ არის ამგვარ შემთხვევებზე მორგებული და გაცვეთილი ფრაზა, - დიდი მოვალეობაც დამეკისრა. მგონი, მაქსიმალური მონდომებით ვიმუშავეთ მე და იმ გუნდმა, რომელიც კახეთის ადმინისტრაციაში დამხვდა, მათ შორის, ისეთმა პატრიოტმა ადამიანებმა, როგორიც ცხონებული მედეა მეზვრიშვილი იყო. 4 წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმეც გავაკეთეთ, მაგრამ, როცა მოთხოვნილება და შესაძლებლობა ერთმანეთს სცილდება, ძნელია, ყველაფერს სანიმუშოდ გაართვა თავი. ვთხოვ ჩემს თანამემამულეებს, მომიტევონ, თუ რამე ისე ვერ გავაკეთე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, როგორც ყველას გვინდოდა და როგორიც უმდიდრესი და უდიდესი ისტორიის მხარეს - კახეთს ეკადრებოდა.


იმ პერიოდს, რა თქმა უნდა, თავისი დაღი დაასვა პანკისის ხეობაში გართულებულმა მდგომარეობამ. ეს უმძიმესი თემა ცალკე განსახილველია.


- მაგრამ სწორედ იმ პერიოდში, იმავე პანკისის ხეობაში, მდინარე ხადორზე, ჩინეთის კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო 28 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.


- რომელმაც საბოლოო ჯამში იმ დროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კახეთის მხარის ელექტრომომარაგების საკითხი. ეს მოხდა მაშინ, როცა „თბილსრესის" ენერგობლოკების მწყობრიდან რეგულარული გამოსვლა კომაში აგდებდა ჩვენი დედაქალაქის სოციალური მნიშვნელობის მქონე ობიექტებს და მოსახლეობას, ხოლო რაიონებში უშუქობა პრაქტიკულად ნორმად იყო დამკვიდრებული.


ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწორედ ამ პერიოდში საფრანგეთის, უკრაინის, პოლონეთის, ავსტრიის რეგიონებთან დამყარებული ურთიერთობის საფუძველზე 2002 წელს კახეთი ევრორეგიონული ასამბლეის წევრად იქნა მიღებული, რამაც დადებითი გავლენა იქონია ჩვენი რეგიონის ყველა სფეროზე.



ბევრი უტრიალეს, მაგრამ ვერ გატეხეს

 

- ცნობილია, რომ ყოფილი ხელისუფლება ცხოველური ზიზღით იყო გამსჭვალული ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ვარდების რევოლუციამდე" წარმატებული იყვნენ. როგორ გადაურჩა კახეთის გუბერნატორი ნაცების" რეპრესიებს?


- ჯერ ერთი, არ გადავურჩი, მაგრამ ჩემი პრობლემები ჭუჭყიანი საცვალივით გარეთ არ გამომიფენია. ჩემს ტკივილს მე თვითონ მოვერიე. არადა, მეც და ჩემს ოჯახს მაშინდელმა ქარტეხილმა გადაგვიარა და დაღიც დაგვასვა სერიოზული.


- საქმე ხომ არ აღუძრავთ თქვენ წინააღმდეგ?

 

- არა, მაგრამ დაკითხვაზე რამდენიმეჯერ დამიბარეს, მათ შორის, პანკისის ხეობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით - ჩემი გუბერნატორად მუშაობის პერიოდში არავისთვის არავითარი მიზეზი არ მიმიცია, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში ჩემთვის ბრალი რომ წაეყენებინათ, თუ არ შეთითხნიდნენ რამეს. ამის მცდელობა, რა თქმა უნდა, ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.


- ზოგიერთმა იმ პერიოდში თავი გამოისყიდა დიდი ფულის გადახდით. თქვენთვის არ შემოუთავაზებიათ ამგვარი გარიგება?

 

- არა. არ შემოუთავაზებიათ. სამი თვე შინ ვიჯექი უმუშევარი. მაშინ დამირეკეს მეგობრებმა და მკითხეს, რას აკეთებ მანდ, კახეთში რომ ზიხარო? „ბოჩკებს" ვრეცხავ, ჩემი ეზოდან ხმაური რომ გამოვიდეს, თითქოს საქმით ვარ დაკავებული-მეთქი.


ერთი წელიწადი დავრჩი და წლის თავზე დავბრუნდი საქართველოში.


ამჟამად კომპანია „სონეთკონტრაქტმშენის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.


_ გამოცხადებული ტენდერის მოგების შედეგად საშუალება მოგვეცა, გორის უღელტეხილზე აგვეშენებინა ფირმა „სოკარის" ბენზოგასამართი სადგური; 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენთან ხელისუფლება შეიცვალა, რამდენიმე რესტორანი ავაშენეთ თბილისში; 2013 წელს კი ყოფილ აკადემქალაქში, ალექსიძის №12-ში დავიწყეთ თოთხმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა (პლიუს 2 მიწისქვეშა სართული - მანქანების სადგომი), რომელიც დღეისთვის უკვე დამთავრებულია და 14 ოჯახი უკვე შესახლებულია.


- „ნაციონალების" საყვირი ტელევიზიების მიერ გავრცელებული საინფორმაციო პროპაგანდისტული კამპანია ამტკიცებს, თითქოს საქართველოში ყოველგვარი ინვესტიციის შემოტანა შეწყდა, თქვენი მაგალითი ამ გავრცელებულ ხმებს არ შეესაბამება.

 

- დიდ ტყუილს ავრცელებენ, აბსურდია!


ახლახან აზერბაიჯანელი ინვესტორების დაკვეთით იმავე ალექსიძის ქუჩაზე დავიწყეთ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. დღეს უკვე მეხუთე სართულამდე ვართ ასულები.


ვილაპარაკეთ დღევანდელ მშენებლებში დამკვიდრებული შავი" და თეთრი" კარკასების მავნე პრაქტიკაზე. ბიძინა სონღულაშვილი სავსებით იზიარებს ცნობილი ქართველი მშენებლის - ომარ მარგველაშვილის პოზიციას, რომელიც მან საქართველო და მსოფლიოში" ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში გამოთქვა.

 

ბიძინა სონღულაშვილი დარწმუნებულია, რომ შენობა უნდა ბარდებოდეს ყველა სამშენებლო სამუშაოს სრულად დამთავრების შემდეგ. ასეთი მოთხოვნა სამართლებრივად უნდა იყოს გამყარებული.

 

პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო, გაიხსენა ამ ბოლო დროს ხშირად გამეორებული ქართული ანდაზა ბიძინა სონღულაშვილმა: სახლის აგება მხოლოდ პროფესიონალმა მშენებელმა უნდა ითავოსო. და არა ისე, როგორც ამჟამად ხდება, როცა რუსთაველის პროსპექტზე ქალაქისკენ ზურგით შებრუნებულ გაუგებრობას წამოჭიმავენ ან უარესი, როცა, ფული მაქვსო და იყიდიან სოციალური მნიშვნელობის მქონე ნაგებობას, გამოშიგნავენ და ასე დატოვებენ, ან პროფილს შეუცვლიან, როგორც ეს გააკეთეს ცნობილი პედიატრის - პიმენ ყურაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შემთხვევაში მელიქიშვილის ქუჩაზე, ან როცა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე აგებულ ისტორიულ შენობაში ბავშვთა საავადმყოფოს ნაცვლად მთაწმინდის რაიონის გამგეობას განათავსებენ.

 

ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულიდან ისე შორს მოიცილეს, როგორც მათი სამკურნალო დაწესებულებები _ ქალაქის დასალიერში, ლუბლიანას ქუჩის ბოლოს.

 

ქალაქის მშენებელ პროფესიონალ მეპურეებს" გულიც, ხელებიც და განზრახვაც სუფთა უნდა ჰქონდეთ.

 

 

 

ესაუბრა არმაზ სანებლიძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016