მესტიის რაიონში საფუძველი ჩაეყარა „ნენსკრა ჰესის" მშენებლობას. ობიექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ "ქეი ვოთერთან" ერთად ააშენებს. სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა ერთ მილიარდ დოლარს აღწევს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზირიძის ინფორმაციით პროექტის პარტნიორი გახლავთ კორეის წყლის სახელმწიფო გიგანტი კომპანია „ქეი ვოთერი", საბანკო განხრით პარტნიორები არიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი-იბიარდი, აზიის განვითარების ბანკი-ეიდიბი და კორეის ბანკი-ქეი ექსინი. პროექტს განახორციელებს უმსხვილესი იტალიური კომპანია.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
„მივესალმები ჩვენს სტუმარს სამხრეთ კორეიდან, კომპანია „ქეი ვოთერის" პრეზიდენტს, მივესალმები ადგილობრივ მოსახლეობას, მივესალმები მინისტრებს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ამგვარი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
დღეს ვიწყებთ წინამოსამზადებელ სამუშაოებს. პირველ რიგში, ეს კომპანია ააშენებს, რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს და მობილიზებას გაუკეთებს სამშენებლო ტექნიკას.
ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი, რომლის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი. სადგური ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია, ჰესი უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტრონერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება ბევრად მდგრადი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობა ემყარება ე.წ. ბიოუთი მოდელს, ანუ, ინვესტორი ვალდებულია, ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს 35 წლის განმავლობაში და ამის შემდგე უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას!" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.