reportiori.ge - ''ლაშა პაპაშვილის თაღლითური სქემა გაშიფრულია''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
მთავარი თემა
''ლაშა პაპაშვილის თაღლითური სქემა გაშიფრულია''
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 15:46

სააქციო საზოგადოება „გზის მშენებელი 11" გაკოტრებულია. როგორც „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სააქციო საზოგადოების წარმომადგენელმა და ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განაცხადა, სქემა, რომლითაც „გზის მშენებელი 11" გაკოტრდა, ბანკ „რესპუბლიკას" შექმნილია და ამ სქემით დღემდე მოქმედებენ:

 

 

„მინდა, გავაჟღერო საქართველოს მოსახლეობისთვის პრობლემატური საკითხი, პრობლემატური საკითხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაც ბანკ „რესპუბლიკაში" აღებული აქვთ კრედიტები და ძალიან მძიმე ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიან, რადგან ეს ბანკი თავხედობს თავის კლიენტებზე იმ სქემის გამოყენებით, რასაც აქ გავაჟღერებ!

 

 

ის, რაც ამ ბანკმა გაუკეთა სააქციო საზოგადოება „გზის მშენებელ 11"-ს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ბევრი იურიდიული პირი თავის თავსაც დაინახავს.

 

 

სააქციო საზოგადოება „გზის მშენებელი 11" წარმოადგენდა აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე ძლიერ საწარმოს, ის იყო ყველაზე დიდი ტექნიკის, დიდი ქონების მქონე ორგანიზაცია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ტენდერების უმეტესობას იგებდა და ასრულებდა კიდეც ნაკისრ ვალდებულებებს. მაგრამ, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა 2008 წლის დასაწყისში. სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა, მათმა ნათესავ-ახლობლებმა და ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობაზე მყოფი პირების ახლობლებმა დაიწყეს მსგავსი შპს-ების ჩამოყალიბება. „გზის მშენებელი 11" იყო მათთვის ყველაზე ძლიერი კონკურენტი ორგანიზაცია და შესაბამისად, საჭირო გახდა ამ კომპანიის გაკოტრება. ამისთვის გამოიყენებს ბანკი „რესპუბლიკა", - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

ჯავახიშვილი განმარტავს, რომ 2004 წელს საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რაც სააქციო საზოგადოებას ავალდებულებდა, იმისთვის, რომ საგზაო-სამშენებლო ტენდერში მონაწილეობა მიეღო, ბანკთან ეთანამშრომლა, ჰქონოდა საბანკო გარანტია. როგორც ჯავახიშვილი ამბობს, მათ იმ დროს აირჩიეს ბანკ „რესპუბლიკასთან" თანამშრომლობა, რადგან ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მსგავს მაქინაციურ სქემაში გაებმებოდნენ.

 

 

სააქციო საზოგადოება „გზის მშენებელ 11"-ის პარტნიორი ბანკი გახდა ბანკი „რესპუბლიკა", მაგრამ ვინაიდან 2007 წელს დაიწყეს კონკურენტი ორგანიზაციების ჩამოყალიბება მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებმა,  „რესპუბლიკამ" შეწყვიტა საბანკო გარანტიების გაცემა. ბაკნი „რესპუბლიკა" დაუსაბუთებლად ეუბნებოდა უარს საბანკო გარანტიის მიცემაზე. სანამ ტენდერი დამთავრდებოდა, ბოლო დღემდე კართან ელოდებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და ხშირ შემთხვევაში სატენდერო პაკეტი წარუდგენელი რჩებოდა. ან, თუკი წარდგენილი იყო სატენდერი პაკეტი კომისიის წინაშე, საბანკო გარანტიის უქონლობის გარეშე სააქციო საზოგადოება დისკვალიფიკაციას იღებდა. ამის არაერთი მტკიცებულება გაგვაჩნია.

 

 

ბანკ „რესპუბლიკამ" „გზის მშენებელ 11"-ს გაუფორმა ხელშეკრულება და აუკრძალა სხვა ბანკებთან ურთიერთობა, სხვა ბანკებში ანგარიშების წარმოება. შესაბამისად, მე თუ სხვა ბანკში ანგარიში არ მაქვს, ის როგორ მომცემს საბანკო გარანტიას?

 

 

საზოგადოებას ამ ბანკში აღებული ჰქონდა 5 კრედიტი და „რესპუბლიკამ" გადაწყვიტა, რადგან საბანკო გარანტიები გჭირდებათ, ეს ხუთი კრედიტი ერთ კრედიტად გავაერთიანოთო. იმ ხუთ კრედიტზე ბანკი ორმაგ ჯარიმას გვირიცხავდა. ერთი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო და მეორე, რომელსაც რაში იხდიდა საზოგადოება, არავინ იცოდა. შეიკრიბა ეს 5 კრედიტი და თანხამ შეადგინა 1 მილიონ 600 ლარი.  დამატებით კიდევ გაიცა 1 მილიონ 100 ლარი და თანხამ შეადგინა 2 მილიონ 700 ლარი. იმ დღესვე „გზის მშენებელი 11"-ის დირექტორს ბატონ როსტომ მიქაუტაძეს გადახდილი აქვს მილიონი ლარი, ანუ დაფარა ერთი მილიონი ლარი. ბანკს მოვთხოვეთ საკრედიტო ხელშეკრულების ამონაწერი და გამქრალია. მილიონი მითვისებულია! ერთადერთი დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ მილიონი ლარი გადახდილია, ჩანს საწარმოს ანგარიშების ამონაწერში.

 

 

შემდეგ საწარმოს დასჭირდა საკმაოდ მნიშვნელოვან ტენდერში მონაწილეობა - თბილისის მერიას ქუვეითის პროექტის 28-მილიონიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, ხოლო ქალაქ რუსთავის მერიას 4 ცალი 4-მილიონიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ბანკმა „რესპუბლიკამ" უშუალოდ ამ ტენდერებზე გასცა საბანკო გარანტია, მთლიანად არის 34-მილიონიანი ტენდერები, ანუ, ბანკმა გასცა 640 000-იანი საბანკო გარანტია. ამ დროს საგადასახადომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამოატივტივა საგადასახადო დავალიანება. რეალურად, სააქციო საზოგადოებას არავითარი საგადასახადო დავალიანება არ ჰქონდა. მაგრამ, „რესპუბლიკამ" მილიონიან ტენდერებზე გასცა საბანკო გარანტია და 210 000-ზე არ გასცა საბანკო გარანტია, რის გამოც ქუვეითის 20-მილიონიანი და რუსთავის 4-მილიონიანი ტენდერი ჩავარდა. საწარმო აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რეალურად, იმ კრედიტიდან დარჩენილი იყო 110 000-მდე დავალიანება, ხოლო „რესპუბლიკამ" გადაწყვიტა, რომ ამ თანხაში უნდა გაეყიდა საწარმოს უძრავ-მოძრავი ქონება. ის მილიონი ლარი ხომ მითვისებული ჰქონდა? გარდა ამისა, როსტომ მიქაუტაძე იძულებული გახადა, გაეყიდა საწარმოს უძრავ-მოძრავი ქონება იმისთვის, რომ შემდგომი საბანკო გარანტიები გაეცა. ბანკმა 1 მილიონ 915 000 დააკისრა და მოსთხოვა ახალი ხელშეკრულების გაფორმება, სადაც უფრო გამკაცრდა პირობები, პროცენტები და დამატებით, ბანკმა მოითხოვა საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონების იპოთეკის დატვირთვა, გარდა ამისა - დირექტორის, მთავარი ინჟინრის, მათი შვილების ბინების იპოთეკით დატვირთვა. ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ, მაგრამ მოითხოვა და ულტიმატუმი წაუყენა", - აცხადებს ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.

 

 

ადვოკატის ინფორმაციითვე, იმ პერიოდში სააკაშვილთან დაახლოებული ფირმებმა მოიგეს ტენდერები და დააგეს თბილისი-თელავი-გომბორი გზა, რომელიც დღეს უკვე აღარ ვარგა. მისი თქმით, იმიტომ რომ „გზის მშენებელმა 11"-მა დისკვალიფიკაცია მიიღო და ტენდერი ჩაუვარდა, კომპანიას გაუჭირდა იმ კრედიტების დაფარვა, რომელიც ბანკმა დააკისრა და ბანკ „რესპუბლიკას" გადაწყვეტილებით, კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონება აუქციონზე იქნა გატანილი.

 

 

„ჩვენ გვიან აღმოვაჩინეთ, რეალურად რა მოხდა. ბანკს აქვს კორუფციული სქემა შექმნილი, რომ მიითვისოს მოქალაქეთა უძრავ-მოძრავი ქონება. ბანკს, რომელიც თვითონ არის კრედიტორი, შექმნილი აქვს წარმომადგენლობითი ორგანო, ასევე -საარბიტრაჟო სასამართლო, თავისივე დაფუძნებული. დაფუძნებული აქვს აუქციონის სახლი. თავისივე დაფუძნებულ არბიტრაჟში ბანკმა „რეპუბლიკამ" აღძრა საარბიტრაჟო პრეტენზია, თავისივე მოსამართლეებს მოსთხოვა, მიეღოთ უკანონო გადაწყვეტილება და ყადაღა გამოეყენებინათ. მითითებული იყო, რომ საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონება ბანკ „რესპუბლიკას" უნდა გადასცემოდა სარეალიზაციოდ. მან საარბიტრაჟო პრეტენზია 2009 წელის 14 დეკემბერს შეიტანა, 30 დეკემბერს კი აუქციონზე გაიტანა სააქციო საზოგადოების შენობა და თვითონვე იყიდა. ამის შემდეგ საზოგადოების პარალიზება მოხდა, შეიყვანა თავისი დაცვა და არავის მისცა უფლება, ადამიანები საკუთარ სამუშაო ოთახებში შესულიყვნენ და პირადი ნივთები აეღოთ. ხალხს მაგიდებზე გადაშლილი წიგნები და ხურდები დარჩათ! შრომის წიგნაკები დარჩათ... ამის გამოტანის უფლება არ მისცეს! ყველაფერი დალუქეს, გადაუღეს სურათები. 5000-მდე ღირებულების ნივთები, რომელთანაც ბანკს არანაირი შეხება არ ჰქონდა, არ დააბრუნეს, დალუქეს და დაიტოვეს", - აცხადებს ჯავახიშვილი.

 

 

როგორც ადვოკატი ამბობს, იმ პერიოდში (2010 წელს) ახალი კანონი შევიდა ძალაში. არბიტრაჟის გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულებული უნდა ყოფილიყო სააპელაციო ინსტანციის მიერ და ბანკი „რესპუბლიკა" იძულებული გახდა, მიემართა სააპელაციო სასამართლოსთვის. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ უშუალოდ ჩაერთვნენ საქმეში.

 

 

„მოხდა უპრეცედენტო რამ - 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, ლაშა კალანდაძის, ხათუნა არევაძის გადაწყვეტილებით, ბანკ „რესპუბლიკას" გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბანკს ეს უძრავ-მოძრავი ქონება უნდა დაებრუნებინა. ეს იყო 5 მილიონ 400 ათასის უძრავ-მოძრავი ქონება. ამას გარდა, რადგან ყადაღა გამოდგა უშედეგო, ზიანიც უნდა აენაზღაურებინა. დავიწყეთ თუ არა სარჩელისთვის მზადება, საგადასახადო სამსახური შემოვიდა და გაიტანა ის დოკუმენტაცია, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იყო. საგადასახადო სამსახურის შემოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, სააქციო საზოგადოებას უარი ეთქვა ბანკის მიმართ არსებულ მოთხოვნაზე - ამხელა თანხების დაბრუნებაზე, იმიტომ რომ, თუ დაიბრუნებდა, მაშინ სახელმწიფო წაართმევდა. ეს უკვე უაზრობამდე მიდიოდა. 2011 წლის შემოწმების აქტი შედგა და გვითხრეს, თქვენი წინა შემოწმების აქტები არის შეცდომით შედგენილი, 6 წლის განმავლობაში უნდა შეგენახათ საბუღალტრო დოკუმენტაციაო. 15 მილიონამდე თანხები დაგვარიცხეს, ოღონდ ვერ ასაბუთებენ - ამდენი უნდა გადაუხადოთ სახელმწიფოსო. იმას არ ითვალისწინებენ, რომ ისინი ჩვენს შენობაში არ შესულან, ისინი შევიდნენ ბანკ „რესპუბლიკას" შენობაში და აიღეს ის დოკუმენტაცია, რაც ბანკ „რესპუბლიკას" აწყობდა.

 

 

ამის პარალელურად დავიწყეთ მზადება სარჩელის შესადგენად, რომ დაგვებრუნებინა ჩვენი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, ზიანის ანაზღაურებით და ბანკმა დაგვასწრო -ხელმეორედ შეიტანა სარჩელი. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ არ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი, მეორედ შეიტანა. ფაქტობრივად, გამზადებული სარჩელი, საჩქაროდ დავამთავრეთ და შეგებებული სარჩელი შევიტანეთ. მოსამართლე იყო თამაზ ურთმელიძე, რომელიც საერთოდ მოხსნეს მოსამართლეობიდან. შემდეგ აღადგინეს და გადაიყვანეს ცაგერში. ამ საქმეს არცერთმა მოსამართლემ ხელი არ მოჰკიდა. როცა დააბრუნეს ურთმელიძე, მან გააგრძელა ჩვენი დავის განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია სააკაშვილის წასვლის შემდეგ, 2013 წლის 6 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კვლავ კუბლაშვილი იყო და ჩვენ ვიცოდით, რომ ურთმელიძე მისი ზეგავლენის და დიდი წნეხის ქვეშ რჩებოდა", - აცხადებს ადვოკატი ჯავახიშვილი.

 

 

მისი ინფორმაციით, ამჟამად წარმოება არის სააპელაციო სასამართლოში, სადაც საკმაოდ ნორმალური შემადგენლობა იხილავს.

 

 

„მაგრამ, რატომღაც, სააპელაციო სასამართლო თავს არიდებს საბანკო გარანტიებზე მსჯელობას, რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. ჩვენ თუ არ გვექნებოდა საბანკო გარანტია, სამუშაოს ვერ მივიღებდით. ვერც ბანკის მიერ დაკისრებულ 1 მილიონ 915 000-ს  გადავიხდიდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადასახდელი აღარ გვქონდა არაფერი, რადგან ერთი მილიონი იმავე დღეს გადაიხადა დირექტორმა, ხოლო 13 აპრილს 718 000 იქნა გადახდილი, რომელიც ბანკმა იმ წამსვე მიითვისა. რეალურად, კომპანიას ზედმეტობით ჰქონდა გადახდილი", - აცხადებს ადვოკატი.   

 

 

ცირა ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ ბანკ „რესპუბლიკას" ვიღაც მფარველობდა. მისი ინფორმაციით, აუქციონზე გაყიდული ასფალტის ქარხანა ადეიშვილის მამის მფარველობის ქვეშ მყოფმა საწარმომ შეიძინა. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ ბანკს „ნაციონალური მოძრაობა" დღემდე მფარველობს და სწორედ მათ აფინანსებს ბანკი დღემდე. 

 

 

„2015 წლის 11 მაისს რატომღაც ბანკი „რესპუბლიკა" დაგვთანხმდა, რომ სეიფები გამოგვეტანა შენობიდან, ხალხს, ვინც უხელფასო შვებულებაში იყო გაშვებული, შრომის წიგნაკები ესაჭიროებოდათ და მოგვცეს უფლება სეიფების გამოტანის. როდესაც სეიფები გავხსენით, აღმოჩნდა საგადასახადო დოკუმენტაცია. რის გამოც შემოწმების აქტი შეგვიდგინეს, რის გამოც დირექტორი დააკავეს, დაგვერიცხა მილიონობით გადასახადი, აღმოჩნდა, რომ ეს შემოწმების აქტი არ ყოფილა სრულყოფილი! ამის გამო ადამიანი ტყუილად დააპატიმრეს! მივმართეთ საგადასახადო სამსახურს, ფინანსთა სმაინისტრომ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა, რამაც იმედი მოგვცა, რომ შეგვიძლია დავამტკიცოთ სიმართლე!

 

 

ბანკი „რესპუბლიკა" აშკარად ვიღაცის მფარველობის ქვეშ იყო. ყოფილა შემთხვევები, როცა თბილისში, ერთ ღამეში აიყვანეს მთელი თბილისის არბიტრები, მაგრამ ეს არ შეხებია ბანკ „რესპუბლიკას". ბანკის არბიტრაჟი არ იყო დამოუკიდებელი!  

 

 

ეს ისეთი სქემაა, რომელიც მარტო ჩვენთვის ვერ შეიქმნებოდა. გამოდის, ის იურიდიული პირები, რომლებსაც ამ ბანკიდან აქვთ აღებული კრედიტი, ჩვენს მდგომარეობაში არიან. იხდიან ორმაგ ჯარიმას და სხვა...

 

 

ასფალტის ქარხანა, რომელიც აუქციონზე გაიტანეს და ვითომ გაყიდეს, რეალურად ადეიშვილის მამის მფარველობის ქვეშ მყოფ საწარმო „ჯეო პლაზას" მიჰყიდეს. ამ ბანკისგან დღემდე ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობა". სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ვერავინ, ვერცერთი ბანკი ვერ გაბედავდა ჰყოლოდა საკუთარი არბიტრაჟი, ჰქონოდა საკუთარი სააუქციონო სახლი, ამ ბანკის გარდა. ამხელა თანხები გადიოდა „სოსიეტე ჟენერალში" და სახელმწიფო ამაზე ხმას არ იღებდა. ბანკ „რესპუბლიკას" არავინ შეხებია და დღემდე არავინ ეხება!" - აცხადებს ჯავახიშვილი.

 

 

სააქცო საზოგადოება „გზის მშენებელი 11" დღეს 70 მილიონ ზარალზე საუბრობს. სააქციო საზოგადოება ელის სამართლიანობის აღდგენას. 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016