თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე, ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებული საქმის განხილვა მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან. ამ დრომდე დაკითხულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში აღნიშნულ დეპარტამენტში მუშაობდნენ.
დაცვის მხარის მოწმეებმა გიორგი კობაიძემ, გიორგი ქარელმა და ზურაბ წოწკოლაურმა დაკითხვისას აღნიშნეს, რომ შვიდი სპეცრაზმელის წამებას ადგილი არ ჰქონია და სპეცრაზმელები იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე რეინჯერის საწვრთნელ კურსს გადიოდნენ. აღნიშნულ საქმეში ბაჩო ახალაიას გარდა კიდევ შვიდი პირია ბრალდებული, თუმცა პატიმრობაში ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მხოლოდ ბაჩო ახალაია იმყოფება. ბრალდებულების ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.