გამოცემა „Eurasianet" ბიძინა ივანიშვილის შესახებ მოლი კორსოს სტატიას აქვეყნებს. „გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი", - ამ სათაურით მასალაში ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ამ თვის ბოლოს მოსალოდნელი მისი თანამდებობიდან წასვლა, ქვეყანას ძლიერ პოლიტიკურ პერსონალიებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.
ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ ქართველი პოლიტოლოგების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ივანიშვილი უარს იტყვის თავის ფორმალურ წოდებაზე, მაინც დარჩება კულისებიდან მოქმედ ძალად.
როგორც მოლი კორსო წერს, თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მაშინ საქართველო ამ თვის ბოლოსთვის ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომლის ძალაუფლება პრეზიდენტის ძალაუფლებაზე მეტი იქნება, ახალ პოლიტიკურ ერას დაიწყებს.
სტატიის თანახმად, ივანიშვილის განცხადებით, რომელიც 24 ნოემბრისთვის დატოვებს თანამდებობას, საქართველოს ევროპული სტილის მთავრობას დაუტოვებს.
„თუმცა, დღესდღეობით ძალიან ცოტა რამ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, მთავრობას საკუთარი სტრატეგია ჰქონდეს და დიდად არავინ ცდილობს იმ მოსაზრების გაფანტვას, რომ ერთადერთი, ვისაც კონტროლის სადავეები აქვს ხელთ, მილიარდერი პრემიერია. არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ამყარებს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება უახლოეს ხანებში - პირველი ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტის არქონაა, რომელსაც შესწევს ძალა შეავსოს ივანიშვილის წასვლის გამოწვეული ვაკუუმი და მეორე - თავად პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი პირადი ქონება, რომელიც „ფორბსის" მონაცემებით 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, იმის გარანტიაა, რომ ის კვლავინდებურად გააგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ პროცესებზე", - წერს ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ არც ღარიბაშვილსა და არც მარგველაშვილს გარდა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მუშაობისა, პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ. ჯამში, ორივეს ხელისუფლებაში საქმიანობის გამოცდილება ერთ წელსა და ცხრა თვეს ითვლის.
„44 წლის მარგველაშვილი უფრო მეტად ივანიშვილის კარგი მეგობრის სტატუსითაა ცნობილი, ვიდრე თავისი 9-თვიანი განათლების მინისტრობით. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დიდ ნაწილში, თუ არა მთლიანში. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, მარგველაშვილმა პრემიერთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. მისივე თქმით, ივანიშვილი გავლენას მოახდენს მარგველაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაპრეზიდენტების შემდეგ", - წერს მოლი კორსო.
ავტორი აღნიშნავს რომ, ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა. მას ასევე მოჰყავს NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები, რომლის თანახმადაც, გამოკითხული 3 838 რესპონდენტიდან 71% არ არის თანახმა, რომ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვოს.
„ქართველი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ივანიშვილის განცხადების გავლენით, ირაკლი ღარიბაშვილს უკვე პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცება უკვე გადაწყვეტილია. პერსონალიებზე ასეთი ფოკუსირება ნიშნავს, რომ თუ ახალ პრემიერ-მინისტრს სუსტად ჩათვლიან, მაშინ მთელი ყურადღება მისი ხელისუფლების მოაზრებული წყაროსკენ - ამ შემთხვევაში, ივანიშვილისკენ იქნება მიმართული", - წერს მოლი კორსო.