reportiori.ge - „დინოლა“, რომელმაც კანის კინოფესტივალი მოიარა, ექსკლუზიურად „რეპორტიორის“ მკითხველისა და მაყურებლისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
ინტერვიუ
„დინოლა“, რომელმაც კანის კინოფესტივალი მოიარა, ექსკლუზიურად „რეპორტიორის“ მკითხველისა და მაყურებლისთვის
19 სექტემბერი, 2015. 12:23

 

 

ახალგაზრდა 29 წლის უშგულელ რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმის სცენარი დედე, სანდენსისა და კანი კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა. ფილმი გადაღების პროცესშია, მისი დასრულება 2016 წლის თებერვალამდე უნდა მოესწროს, ათა კანი კინოფესტივალზე მისი წარდგენა მოხდეს.

 

სანდენსი ეს არის მაღალი დონის ამერიკული კინოფესტივალი, რომელიც 1981 წელს ახიობმა რობერტ რედფორდმა დააარსა დამოუკიდებელი ამერიკული კინოს განვითარებისთვის.

 

სანდენსის ინტიტუტი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიო მასშტაბით არსებული დამოუკიდებელი კინოს აღმოჩენითა და მხარდაჭერითაა დაკავებული.

 

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში. პირველად  1946 ლს 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე ჩატარდა. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.

 

ყველაზე საპატიო პრიზი ოქროს პალმის რტო საუკეთესო ფილმს ენიჭება. არსებობს სხვა ჯილდოებიც...

 

ამ ორ მასშტაბურ ფესტივალამდე, ფილმმა დედე ძალიან დიდი და რთული გზა განვლო... ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმის დინოლა სრული ვერსია გახლავთ, რომელმა უკვე მსოფლიო მოიარა, არაერთი აღიარებით....

 

 

 

 

 

ეს ორი ფილმი სვანურ ტრადიციებსა და რეალობას ასახავს... ფილმებში მოთხრობილია იმ კუთხის ისტორია, რასაც სხვაგან ვერ მოისმენთ და ვერც ნახავთ... რეჟისორ მარიამ ხაჭვანს სწორედ ამ გამაოგნებელმა ისტორიებმა გადააწყვეტინა ფილმის გადაღება, რომელიც საკუთარი ბებიისგან მოისმინა. მარიამმა ამ ისტორიების მოსმენისას დიდი დარტყმა მიიღო, მაგრამ შემდგომ რაც მოხდა, მარიამი მოგვიყვება...

 

 

 

 

 

 

 

- 2008 წელს საქართველოს თეატრისა და კინო სახელმწიფო ინსტიტუტის კინო-ტელესარეჟისორო ფაკულტეტი დავამთვარე. ჩემი პედაგოგი მიხეილ ბორაშვილი იყო.  პირველი კურსიდან დაწყებული ყოველთვის  მსურდა ფილმის გადაღება.  ერთ-ერთმა საუკეთესო სცენარისტმა ირაკლი სოლომონაშვილმა მირჩია ფილმისთვის სცენარი  თავად დამეწერა, ამაზე ადრე არასდროს მიფიქრია, მითუმეტეს სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე. 20 დღეში 85-გვერდიანი სცენარი „დედე“ დავწერე. დღე და ღამე ვმუშაობდი. მისი წაკითხვის შემდგომ პროდიუსერმა ვლადიმერ კაჭარავამ  მითხრა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადამეღო.   დაახლოებით, 15-წუთიანი ფილმი „დინოლა“ გადავიღე, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა.

 

 

 

 

 

- როგორც გიჟი და თავზეხელაღებული, რომელიც არავის ემორჩილებოდა, ისე ვიყავი ცნობილი, ჩემთან მუშაობა არავის სურდა. ბევრი შრომა დამჭირდა, რომ ბატონ ვოვას ჩემი პროექტი აეღო. როდესაც მას ვუთხარი, რომ ფილმი „დინოლა“ კანის კინოფესტივალზე მსურდა გამეტანა, რა თქმა უნდა, გაეღიმა, წარმოუდგენლად მიაჩნდა ყოველივე. საბედნიეროდ, ჩემი სიტყვები გამართლდა, კანამდეც ჩავედით და „სანდესზეც“ ვიყავით... ეს ყველაფერი კი დიდი შრომის შედეგია. ბევრი გზა განვლო „დინოლამ“ , სანამ წარმატებას მიაღწევდა.

 

- ფილმი „დედე“ სრულმეტრაჟიანი ვერსიაა მოკლემეტრაჟიანი ფილმისა „დინოლა“. ეს ორი ფილმი სვანურ ტრადიციებსა და რეალურ ისტორიებზეა აგებული. ძალიან საინტერესოა ამ ფილმის შექმნის იდეა. გვიამბეთ ეს ისტორია...

 

 

-  სვანეთში, ბებიაჩემის პერიოდში ასეთი წესი იყო, როდესაც ქალი დაქვრივდებოდა, მეორეჯერ ათხოვებდნენ, შესაძლოა, მესამეჯერაც, შვილებს კი ტოვებდნენ. დედებს მათი წაყვანის უფლება არ ჰქონდათ, რამხელაც არ უნდა ყოფილიყო ბავშვი. ბებია მომიყვა, როგორ მიატოვა დედამ, როცა გაათხოვეს, როგორ მისდევდა ფეხშიშველი თოვლში...

 

 

 

 

 

დედებს დატოვებულ შვილებს დიდი ხნის განმავლობაში არ ანახებდნენ, რადგან განშორება ძალიან რთული იყო. ეს ისტორიები რომ მოვისმინე, ასე როგორ შეიძლება-მეთქი?.. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი...  მუშაობა რომ დავიწყე და უკვე კარგად გავეცანი ყველაფერს... დღევანდელი ხედვა და მაშინდელი სრულიად განსხვავდება. დღეს ვთვლი, რომ ის ტრადიციაც, რაც  უშგულში და სხვაგანაც იყო, იმ პერიოდისთვის ძალიან სწორი იყო, ამ ყველაფერმა შობადობა გაზარდა... მოგეხსენებათ, მაშინ დაახლოებით, 15 წლიდან თხოვდებოდნენ და თუ ქალი ადრეულ ასაკში დაქვრივდებოდა, მას  პატრონი უნდა ჰყოლოდა, რადგან ქალი სვანეთში ოჯახს ვერ უძღვებოდა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც უნდა გათხოვილიყო ქალი... კიდევ მრავალი საინტერესო მიზეზი იყო... რა თქმა უნდა, ბავშვის მიტოვებასა და კიდევ ბევრ რამეს მაინც არ ვეთანხმები, მაგრამ უმეტესი რამ სწორად მიმაჩნია, სხვანაირად ვერ გადარჩებოდნენ. ამ კონკრეტულ ისტორიაზე მინდოდა ფილმი გადამეღო.

 

 

 

 

 

- ვინ უვლიდა მარტო დარჩენილ ბავშვებს, რომლებსაც დედ-მამის გარეშე უნდა ეცხოვრათ?

 

 

- ბებიები და  ბაბუები, მამის მხრიდან.

 

 

 

 

 

- თუ მაგალითად,  ქვრივი ქალი ხელახლა გათხოვებაზე უარს იტყოდა, მაშინ რა ხდებოდა?

 

 

- სისხლისღვრა, შურისძიება.. რადგან თუ ქალი უარს ეტყოდა, კაცი თავს შეურაცხყოფილად გრძობდა „დაწუნებული“ შეერქმეოდა, ეს კი მამაკაცისთვის დიდი დამცირება იყო.

 

 

- ქალის თხოვნა როგორი ფორმით ხდებოდა?

 

 

- ერთი ფორმა ასეთი იყო, რომ კაცი იარაღს ისროდა და იტყოდა, ეს ქალი ჩემი უნდა იყოსო. შესაბამისად, მთელმა სოფელმა იცოდა ეს ამბავი და პასუხსაც ელოდნენ, უარი მიიღო თუ თანხმობა... შემდეგ უკვე გაჰყვა თუ არა. 

 

ხელის მეორედ თხოვნის წესის მიხედვით, ოჯახში, სადაც  კონკრეტული ქალის თხოვნა სურდა მამაკაცს, სხვა კაცებს აგზავნიდნენ, იმათ მერე - კიდევ სხვებს. მოკლედ, მთელი სოფელი ამ ოჯახის შექმნაში ჩართული იყო, ამას ერთი და ორი ადამიანი არ წყვეტდა...ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ეს მარტო ქალის პრობლემა არ იყო, დაუკითხავად გათხოვება და ა.შ...  ერთი მოხუცმა, ბაბუად მეკუთვნის, გაიხსენა ერთი ისტორია, რომ მის ბიძას არ მოჰყავდა ცოლი,  ძმამ მისთვის ცოლი ითხოვა, თოფი გაისროლა და თქვა, რომ ეს ქალი ჩემი ძმის დანიშნულიაო. ის  კაცი სახლში გადარეული მივარდნილა ძმას, უცემია კიდეც, მაგრამ მაინც ვერაფერი გააწყო, საბოლოოდ, ის ქალი შეირთო. თუნდაც, აკვანში დანიშვნის მაგალითი ავიღოთ... კი, ქალი უფრო მეტად იჩაგრებოდა, მაგრამ ტრადიციების მსხვერპლნი მამაკაცებიც ხდებოდნენ.

 

სრულმეტრაჟიან ფილმში „დედე“ ეს ყველაფერი უფრო გავრცობილად იქნება ასახული, თუ როგორია ქალისა და კაცის ცხოვრება სვანეთში. ვცდილობ, მისი დადებითი და უარყოფთი მხარეები წარმოვაჩინო ამ კუთხით, სწორად  ვაჩვენო.  შეცდომას თუ ოდნავ მაინც დაუშვებ, და საზოგადოებას სხვა კუთხით დავანახვებ, მაშინ ისინიც სხვანაირად განეწყობიან.

 

 

 

 

 

საბედნიეროდ, დღეს ასე აღარ ხდება, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაგალითად, კაცს ცოლი რომ ეთხოვა, სხვა სოფელში ვერ მიდიოდა. უნდა სცოდნოდა, როგორი ოჯახია, როგორი გვარია, რამე დანაშაული ხომ არ ჰქონდათ ჩადენილი, აბსოლუტურად ყველაფერს აქცევდნენ ყურადღებას. რადგან კარჩაკეტილი ცხოვრება იყო, ერჩივნათ, განათხოვარი და უშგულელი მოეყვანათ, ვიდრე ისეთი ქალი, რომელიც არ იცოდნენ, ვინ იყო. სვანეთში პირად ცხოვრებაში ჩარევის პრობლემა იყო და დღესაც არის. 

 

 

ფილმში „დედე“  ერთი გოგონას ცხოვრებაა თავიდან ბოლომდე აღწერილი. ფილმი დაახლოებით  90-100 წუთიანი იქნება. ფილმის ნახევარი თითქმის გადაღებული გვაქვს.

 

 

- სად მიმდინარეობს გადაღებები?

 

 

- გადაღებები უშგულში მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ყაზბეგში გრძელდება. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, შესაძლოა, გადაღების შეჩერება მოგვიწიოს.. ამ პრობლემაზე, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვისაუბრებ...

 

 

 

 

 

 

 

 

- როგორც ვიცი, პროფესიონალი მსახიობები ფილმში  არ მონაწილეობენ, გარდა გიორგი ბაბლუანისა...

 

- გიორგი ბაბლუანი საფრანგეთიდან მყავს ჩამოყვანილი, მის გარდა, არცერთი არაა პროფესიონალი მსახიობი.  გიორგის გმირი ცოტათი განსხვავებული მინდოდა ყოფილიყო, სწორედ ის მჭირდებოდა ამ როლზე, დანარჩენი ყველა ადგილობრივი მონაწილეობს.

 

 

 

 

 

 

 

- ფილმში მონაწილეობას თავს როგორ ართმევენ?

 

 

- სხვათაშორის, ძალიან მარტივად. მე იმდენად ბევრი მაქვს ამ სცენარზე ნამუშევარი, რომ ტექსტს სასწავლადაც კი არ ვაძლევ. სიუჟეტს ვუხსნი, რომ ასეთი რამ  ხდება, თქვენი იმპროვიზაციით, მეორე პერსონაჟს რაც გინდათ, უთხარით, როგორც გინდათ, ისაუბრეთ-მეთქი... თუ იმას, რაც მინდა, ძალიან ასცდებიან, რა თქმა უნდა, შენიშვნას ვაძლევ და ტექსტსაც ვეუბნები, რა უნდა თქვან... პროდიუსერი ხუმრობს ხოლმე, თეატრის გახსნაღა დაგრჩა, იმდენად კარგად ართმევენ თავს. არ  უჭირთ, მთავარია, სწორად ავუხსნა.

 

 

 

 

- სანდესისა და კანის კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდით. იქნებ ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ...

 

 

 

- „სანდესზე“ ერთი  თვის წინ მე და პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა სცენარით ვიყავით მიწვეული. სულ შერჩეული იყო 4 ამერიკული, ერთი ფრანგული და ერთი ჩემი სცენარი.  შარშან სცენარი ასევე წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე. ათი დღის განმავლობაში გვიტარდებოდა მასტერკლასები, ვორქშოფები და ა.შ.  გავიარეთ წითელ ხალიჩაზეც. კანშიც მსოფლიოს 12 პროექტს შორის მოხვდა. ძალიან დაინტერესებულები არიან, „კანი“, „სანდენსი“ და ა.შ. ელოდებიან უკვე ჩვენს ფილმს „დედე“.

 

 

 

 

 

თუ გადაღებებს დროულად დავასრულებ და იმედი მაქვს, რომ მოვასწრებ, ფესტივალზე ძალიან დიდ იმედს ვამყარებ.

 

ვლადიმერ კაჭარავა ცნობილი პროდიუსერია და მას უცხოეთში ძალიან ენდობიან.

 

 

 

 

 

ფილმების ჯილდოებზე და დაფინანსებაზე უფრო ვრცლად რომ მოგვახსენოთ...

 

- „დინოლა“ საპილოტო ვერსია უფრო იყო, ვიდრე ფილმი, რომელმაც დაახლოებით, ჩვიდმეტი პრიზი მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის წარდგენილი იყო ევროპულ კინოაკადემიაზე, როგორც ვიცი, პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც წარდგენილი იყო და საფრანგეთშიც რამდენიმე პრიზი მოიპოვა, თვითონ საფრანგეთიც ძალიან დაინტერესდა და მიხარია, რომ ფრანგულ გემოვნებას ჩემი ხედვა დაემთხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიდი ამბიცია მაქვს, რომ კანის კინოფესტივალის ჯილდო ავიღო და ვნახოთ, რა იქნება...

 

იმ ბიუჯეტით, რაც გვაქვს, გააკეთო ოთხი სეზონი სვანეთში და ისეთი მასშტაბური ფილმი გადაიღო, როგორსაც ვიღებ, საკმაოდ რთულია...

 

 

 

 

 

დედეს“ დაფინანსება გვაქვს კინოცენტრიდან, რომელმაც გამოგვიყო 250 000 ლარი, ასევე  დოჰა ფილმ ინსტიტუტიდან“ მოვიპოვე გადაღების გრანტი საუკეთესო პროექტი“, სოფიის კინოფესტივალზე, SOFIA MEETING (ბულგარეთი) მიიღო პოსტპროდუქციის გრანტი.

 

ფილმი „დედე“- წარდგენილი იყო ბერლინალე ტალანტებში“ (გერმანია)

 

 სცენარი ფრანგულმა ინსტიტუტმა წარადგინა კანის კინოფესტივალზე თორმეტ საერთაშორისო პროექტს შორის (საფრანგეთი).

 

გალა“ (ლიტერატურული პრემია) ნომინაციაში წლის საუკეთესო კინოსცენარი“.

 

„დინოლა“- მთავარი პრიზიტროფეისაერთაშორისო ფესტივალზე DaKINO 24, (რუმინეთი),

ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემია ნომინაციაშისაუკეთესო ფილმი“ (საქართველო);

 

ევროპული კინოაკადემის ჯილდოზემოკლე ფილმებისნომინაციაში ფილმი წარადგინა ნორვეგიამ, გრიმსტადის საერთაშორისო კინოფესტივალმა (ნორვეგია),

 

 

საუკეთესო ევროპული ფილმი“, გრიმსტადის საერთაშორისო კინოფესტივალი (ნორვეგია),

 

 

ჟიურის პრიზი“, ხმელთაშუა ზღვის არეალის ქალთა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი (საფრანგეთი, მარსელი);

 

 

პრიზისაუკეთესო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის", ტიმიშოარას კინოფესტივალი (რუმინეთი);

 

 

პრიზი საუკეთესოსაერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის“ - მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-8 ფესტივალი River Film Festival (იტალია, პადოვა);

 

 

ოქროს კამერაოპერატორ კონსტანტინე (მინდია) ესაძეს, საუკეთესო კინემატოგრაფიული ფილმისათვის, მანაკი ბროდერს კინოფესტივალი (მაკედონია);

 

 

პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის და შვეიცარიის გრანპრი, საერთაშორისო კინოფესტივალიდიდორი“ (ტაჯიკეთი);

 

 

საუკეთესო ქართული ფილმი“, „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“, კინოფესტივალისესილი“, (საქართველო);

 

 

 

ესპანეთში, ბუეუს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზენომინაციაში გაიმარჯვა, - მეორე ჯილდო (1000 ევრო)საუკეთესო სცენარი – მარიამ ხაჭვანიდინოლა”, საუკეთესო ოპერატორი – კონსტანტინე ესაძე, საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი – ქეთევან კალანდაძე.

 

 

 

 

 

 

 

- რამ მოგხიბლათ ფესტივალებზე?

 

 

- იქ ისეთი ადამიანები იყვნენ, ძირითადად „ოქროს პალმები“ და „ოსკარები“ რამდენჯერმე რომ აქვთ აღებული. თავად რობერტ რედფორდის გვერდით მომიწია ჯდომა... ასევე სტივენ სპილბერგის სცენარისტი გვისწორებდა სცენარს. მსოფლიოში ცნობილმა სცენარისტებმა ძალიან ბევრი დრო დაგვითმეს, რადგან პროექტი ძალზედ მოეწონათ, დიალოგებიც კი შეგვისწორეს. მათ შორის იყო ფილმ „გულის“ („Heart”) სცენარისტიც, რომელსაც „კანში“ ჟიურის პრიზი აქვს მიღებული.

 

 

ეს ბიჭი ძალიან მომეწონა და ახლა ამოჩემებული მაქვს, რომ სცენარი მას უნდა დავაწერინო. ვნახოთ... რაღაც იდეა გვაქვს...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

- თვითონ  ფილმის სახელწოდებებზე ვისაუბროთ, „დინოლა“ და „დედე“...

 

 

 

- „დინოლა“ ეს არის ბავშვის ისტორია, „დედე“ უკვე ქალის ისტორიაზეა. „დინოლა“ სვანური სახელია - დინოლს ვეძახით პატარა გოგონას. დედე იგივეა, რაც დედა. ბებიაჩემი იხსენებდა, დედა რომ ტოვებდა და ტირილით მივდევდი, დედეს ვეძახდიო, ანუ დედას. ფილმში ეს ეპიზოდიც იქნება, ამიტომაც  დავარქვი „დედე“.

 

 

თავად ბებიათქვენი ხომ არ მონაწილეობს რომელიმე ფილმში?

 

 

-კი, „დედეს“ რამდენიმე ეპიზოდში გადავიღე. ერთ-ერთ მთავარ როლზე ჩემი ძმაც მოვიწვიე.

 

 

- რა იქნება  კანისა და სანდენსის ფესტივალების შემდგომ,  ხომ არ გეგმავთ სვანურ ისტორიებზე კვლავ გადაიღოთ ფილმები?

 

 

- ფესტივალის შემდეგ კვლავ ახალი იდეა გვაქვს, ესეც სვანურია...

 

 

- მომავალშიც აპირებთ, არაპროფესიონალი მსახიობები ათამაშოთ თქვენს ფილმებში?

 

 

- ძალიან მიყვარს ქართველი მსახიობები. მათი მონაწილეობით მინდა ერთი კარგი, ქართული ფილმი გადავიღო. აუცილებლად გავაკეთებ, უბრალოდ, ამ ეტაპზე  არაპროფესიონალები ვარჩიე, რადგან  საქართველოს სვანური ენა მინდა შემორჩეს, რადგან ის იკარგება. ერთი სურვილი ეს მქონდა. მეორე - როდესაც დაფინანსება მწირია, რთულია, მსახიობი აიყვანო, დრო დაუთმო. რომელიმე ცნობილ ქართველ მსახიობს უცბად რომ უთხრა, სვანად გადაიქეცი-თქო, მიუხედავად პროფესიონალიზმისა, მაინც გაუჭირდება. ისე ილაპარაკოს, დაჩეხოს, იმოძრაოს, მარტო სიარულის მანერა რომ ავიღოთ, სვანებს ყველაფერი განსხვავებული აქვთ. არ შემიძლია, ისეთი გმირი ავიყვანო ფილმებში, რომლებსაც ვერ ვცნობ, ვერ აღვიქვამ ისეთად, ვისზეც რეალურად ვიღებ. მე მყავს ნამდვილი ადამიანები...

 

 

მართალია, სვანებთან მუშაობა ძალიან რთულია...  ყოფილა შემთხვევა, გადასაღებ მოედანზე  10 კაცი და 5 ქალი დამიბარებია და  5 კაცი და 6 ქალი მოსულა... ამის გამო ხშირად რაღაცების შეცვლა და  იმპროვიზირება მიწევს. მახსოვს, უშგულში გვაქვს გადაღებები და  უეცრად ფილმში მონაწილეობა თითქმის ყველა ქალს მოუნდა. მე ვერ გამიბედეს და  კოსტიუმების მხატვართან მისულან და უთქვამთ, რომ უნდოდათ, თვითონაც ეთამაშათ. როდესაც უკან გავიხედე, სადაც კადრში გიორგი ბაბლუანისა და ერთი ქალის დიალოგი უნდა ყოფილიყო, შვიდნი ისხდნენ, სულ ასეთ სიტუაციებში ვარ ხოლმე. გადაღებამდე 5 წუთით ადრე ხშირად ვიგებ, რომ სხვა სცენები უნდა გადავიღო. რთულია მათთან მუშაობა, მაგრამ მიღირს. მათ ესმით, რა მინდა ვაჩვენო, მათზე კარგად ხომ ამას ვერავინ გაიგებს...

 

 

- მსახიობების დაფინანსება როგორ ხდება?

 

 

- მაგალითად, გიორგი ბაბლუანი უსასყიდლოდ დაგვთანხმდა ფილმში მონაწილეობაზე. არაპროფესიონალებს, რა თქმა უნდა, ვუხდით. მაგრამ დიდ თანხებს ვერ ვწვდებით. ელემენტარული კულტურაა, ფილმში მონაწილეს გადაუხადო. გიორგიმ თავად განაცხადა, არ მინდა, ფულს არ ავიღებო, პროექტმა ძალიან დააინტერესა და ჩამოვიდა. ჩვენ მაინც ვცდილობთ, მწირი ფინანსებიდან რაღაც მაინც გადავუხადოთ.

 

 

- სვანურ ენას ვინ თარგმნის?

 

 

სვანურს თავადაც ვთარგმნი და სხვებიც მეხმარებიან.  მსახიობებთან გადასაღებ მოედანზეც  უმეტესად საუბარი სვანურად მიწევს.

 

 

- რამდენი ხანი ცხოვრობდი უშგულში?

 

 

- უშგულში ძალიან დიდი ხანი ვცხოვრობდი, სკოლაც იქ დავამთავრე. თითქმის ყოველ ზაფხულს იქ ვატარებ, არამარტო ზაფხულს, თითქმის ყველა სეზონზე ჩავდივარ.

 

 

 

 

 

- რითი დაგაინტერესათ იმ საქმემ, რასაც დღეს აკეთებთ?

 

 

- ძალიან დაინტერესებული ვიყავი სვანური კულტურით. ჩემი მიზანი იყო, მინდოდა და მინდა, რომ სვანებზე ძალიან კარგი ფილმი სვანურად გავაკეთო. რაზეც ახლა ვმუშაობ, მთლად სვანურად არ გამოვიდა. სვანებს უდიდესი კულტურა გვაქვს, საინტერესო ხალხი ვართ, ფილმში ეს მინდა აღვბეჭდო და დავტოვო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქრება. მე კი მსურს, პატარა ისტორია დავტოვო, თუ რა ხდებოდა სვანეთში...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

- დიდი მადლობა, მარიამ,  წარმატებასა და გამარჯვებას გისურვებთ!

 

 

- მადლობა თქვენ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016