სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დასრულდა. ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა, რომ ვისაც საშუალება აქვს, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარზე ჯვრის აღმართვას დაესწროს.
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა განგებით ღვთისაგან. ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა უნდა მოსულიყო, რომ გამხდარიყო დედა იესო ქრისტესი, რომ ღვთისმშობელი ყოფილიყო საქართველოს მფარველი, საქართველო ყოფილიყო ღვთისმშობლის წილხვედრი", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, უფალი ყოველ ჩვენგანს ცნობს და იცის, რისთვის უნდა მოვიდეს ამ ქვეყანაზე, რა ბედი ექნება მას. პატრიარქის თქმით, უფალი ხედავს მომავალს, ისევე როგორც ხედავს წარსულს.
„შევთხოვთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიფაროს საქართველო, არ აიღოს ხელი ჩვენი ცოდვების გამო ჩვენზე", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების ბოლოს პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, 12.00 საათზე მახათას მთაზე მშენებარე ტაძარზე ჯვრის აღმართვას დაესწროს. ვისაც კი ამის საშუალება აქვს.
პატრიარქი, სასულიერო პირებთან ერთად, მახათას მთაზე გაემართა, სადაც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარზე ჯვარი აღიმართება.