გამოჩენილ ქართველ პოეტსა და საქართველოს ჰიმნის ავტორს დათო მაღრაძეს, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთაც არანაკლებ იცნობენ და რომლის პოეზიაც ნათარგმნია თურქულ, ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და რუსულ ენებზე, უამრავ ნომინაციაში გაუმარჯვია და უამრავი პრემიის ლაურეატია.
დათო მაღრაძე 2011 წელს ნობელის პრემიის ნომინანტი იყო „ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის".
1997 წლიდან 2010 წლამდე ქართული „პენ კლუბის" პრეზიდენტი დათო მაღრაძე გახლდათ.
ასევე, გახლავთ პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრი
მისი პოეტური კრებული „სალვე" გამოცემულია გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე. 2009 წელს „ვერონას აკადემიამ" გადასცა ანტონ მაძრეკუს სახელობის საერთაშორისო პრემია.
2009 წელს გახდა ამერიკელ პოეტთა აკადემიის წევრი.
2011 წელს შვეიცარიის ცენტრის ეგიდით გადაეცა ტიტული კულტურის ელჩისა.
2013 წელს გამოქვეყნდა მისი პოემა „ჯაკომო პონტი" საგამომცემლო სახლის „ლადოლფის" მიერ (მთარგმნელი ნუნუ გელაძე).
2013 წლის 10 მარტს ქალაქ შილლაში (იტალია) პრეფექტურის და ორგანიზაცია „ანასილაუსის" თანამშრომლობით წარდგენილი იყო და გადაეცა „ჯოვანი პაულო მეორის" სახელობის პრემია მისი შემოქმედებისთვის, ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ჩატარდა ხმელთაშუა ზღვის ცენტრში - კალაბრიის „კასტელო რუფოს" ციხესიმაგრეში, რომელიც ლეგენდების, ისტორიებისა და მითების სამშობლოა. ღონისძიებას ესწრებოდა თავად საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე, ასევე ცნობილი ლიტერატორები და ლიტერატურის კრიტიკოსები, ცნობილი ჟურნალისტები.
ღონისძიების რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა რეპორტაჟები ცერემონიიდან, ხოლო იტალიის ნაციონალურ არხზე „რაი 3"-ზე ხანგრძლივი სიუჟეტიც მიუძღვნეს. თუმცა, საინტერესო გაგრძელება დაჯილდების ცერემონიას მაინც შემდეგ ჰქონდა... იმდენად საინტერესო რეცენზიები გამოითქვა იმ საღამოს პოეტზე, მის შემოქმედებაზე, მის სამშობლოზე, ფასეულობებზე, რომ როგორც ლიტერატურის კრიტიკოსმა ფრანჩესკა ნერიმ თქვა: „დათო მაღრაძე არ ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს, ის თავისი ფასეულობებით, შემოქმედებით, ჩვენი, ყველას მონაპოვარია! ყველას გვამდიდრებს და რაც მთავარია, გვახსენებს იმ ღირებულებებს, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირს...."
ამის შემდეგ იტალიელმა მასპინძლებმა, საღამოს ორგანიზატორებმა, ლიტერატორებმა და საგამომცემლო სახლმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, ამ დაჯილდოების ცერემონიის შესახებ გამოთქმული რეცენზიების და ზოგადად საღამოსადმი მიძღვნილი მასალების წიგნად აკინძვის და გამოცემის შესახებ, რომელიც აგრეთვე მოიცავდა პოეტის შემოქმედებას, გაცნობდა საქართველოს ისტორიას და მის მდიდარ ლიტერატურას. წიგნი იტალიურ ენაზე დაიბეჭდა და აიკინძა იტალიურ საგამომცემლო სახლში. პოეტისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო მისი წიგნად ხილვა.
რეცენზიები, ღონისძიებაზე სხვადასხვა ჟურნალებში გამოქვეყნებული მასალები, მომხსენებელთა სიტყვები, პრეფექტის, ქალაქის მერის, ლიტერატურის კრიტიკოსების მოსაზრებები, მათი დამოკიდებულება მაღრაძის და მთლიანად საქართველოს კულტურის მიმართ. მათივე გადაწყვეტილებით, წიგნს ცალსახად ეწოდა სათაურად - „დათო მაღრაძის პოეზია, როგორც ხიდი „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის"...
კრიტიკოსი და გამომცემელი ჯულიანო ლადოლფი: ევროპელებს გვგონია, რომ კონსტანტინოპოლიდან ბევრი რამ წავიღეთ, დათო მაღრაძის წიგნის კითხვისას შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მთავარი რამ იქ დაგვრჩა...