კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი მევენახე გელა გრიშენკოს მიერ ვაზის გაჩეხვას პოლიტიზირებულ პროცესს უწოდებს. გელა გრიშენკოს აქვს 75 მეასედი ვაზი და მან ტელევიზიების საკეკლუცოდ მხოლოდ 20 ძირი ვაზი მოჭრა, განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
"მას ამავე დროს აქვს ახალი გაშენებული ვაზი, დაახლოებით 2 ან 3 წლის, როგორც ადგილზე სოფლის რწმუნებულიც მეუბნება, მას სურდა ვაზის გამოხშირვა. ამასთან ერთად აღსანიშნავია ის, რომ გელა გრიშენკო და დედამისი ნუნუ გრიშენკო ამ აქციების დროს გვერდიდან არ მოშორებიან "ნაციონალურ მოძრაობას" და ბატონ ღვინიაშვილს. ნუნუ გრიშენკო ჰყავდა ღვინიაშვილს წაყვანილი პარლამენტის ცნობილ სხდომაზე, როგორც მათი დიდი ქომაგი და მხარდამჭერი. ასე რომ, ეს პროცესი იყო პოლიტიზირებული", - განაცხადა შიოლაშვილმა.
მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც გაჩეხილი ვაზი იყო, არ ეკუთვნოდა გელა გრიშენკოს.
"ტერიტორია გვაჩვენეს, სადაც იყო ვაზი გაჩეხილი. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის ამ ადამიანს, ეს ეკუთვნის დომენჭაშვილ გოდერძის, რომელსაც 25 მეასედი ვაზი ჰქონდა ადრეული ჯიშის. მან ეს ადრეული ჯიში ადრევე დაკრიფა და იმ ადგილზე ბატონ გოდერძის რქაწითელის ჩაყრა სურდა და ამისათვის გადაჭრა ეს ძველი ვაზი. სამწუხაროდ, ტელევიზიებმა ჩვენ, როგორც მაყურებელს და მსმენელს შემოგვატყუეს ისე, თითქოს ეს ვაზი იყო დღეს გაჩეხილი და ეს ვაზი იყო გაჩეხილი იმისთვის, რომ აღარ სურდა ვინმეს ვაზი. ეს არის ცალსახა პროვოკაცია. ეს არის დადგმული სპექტაკლი", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი