ამ დიდ მეცნიერზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ და უამრავ ანეკდოტს იგონებდნენ, რომლებზეც ყველაზე მეტად თავად ხალისობდა. ერთხელ მისთვის უკითხავთ: რამდენი ფსიქიატრიული დაწესებულებაა საქართველოშიო. ორი - სტაციონარული და მოძრავიო, - უპასუხია. მოძრავი რომელიღააო? მატარებელი მახარაძე-თბილისი! - მიუგია სიცილით.
გამოჩენილი ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ავლიპ დავითის ძე ზურაბაშვილი 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში დაიბადა. ავლიპის მამა დავითი, ამაღლების ეკლესიის მღვდელმსახური იყო. იმ საფრთხეების მიუხედავად, რომლებიც კომუნისტურ ეპოქაში ეკლესიურ ცხოვრებას ახლდა, ცნობილი ფსიქიატრი ცხოვრების ბოლომდე მორწმუნე იყო და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა.
1927 წელს თსუ სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ავლიპ ზურაბაშვილმა მუშაობა ფსიქიატრიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად დაიწყო. 1930-1938 წლებში ლენინგრადის ფიზიოლოგიისა და ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტების ასპირანტი და უფროსი მეცნიერ-მუშაკია. 1938 წელს მეცნიერი სამშობლოში ბრუნდება და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად ინიშნება. 1938-1964 წლებში ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგეა. იმავე, 1938 წელს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად ინიშნება.
ცნობისთვის, თბილისის ფსიქიატრიული კლინიკა 1925 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი მეცნიერი მიხეილ ასათიანია. ასათიანის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელად ლენინგრადიდან მისი მოწაფე და ასპირანტი ავლიპ ზურაბაშვილი მოიწვიეს.
თანამშრომლები სიყვარულით პაპას ეძახდნენ. „პაპა" ავადმყოფთან ურთიერთობაშიც თბილი და უშუალო იყო. პაციენტები მოუთმენლად ელოდნენ ყოველ ორშაბათს - ავლიპი შემოვლას გააკეთებს და გვნახავსო. „ფსიქიატრიის მამა" პაციენტის ჯერ ვინაობასა და წარმომავლობას არკვევდა და ამის შემდეგ გამოჰკითხავდა ხოლმე ჩივილების შესახებ.
ავლიპ ზურაბაშვილის პაციენტთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანიც იყო, თუმცა ფსიქიატრი თავისი ავადმყოფებს შესახებ არავისთან საუბრობდა. ეს კონფიდენციალური და ტაბუირებული თემა გახლდათ.
ცნობილია, რომ ავლიპ ზურაბაშვილი კრემლის არაოფიციალურ კონსულტანტ-ფსიქიატრიც იყო.
მის პაციენტთა შორის ქვეყნის იმდროინდელი ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვიც ყოფილა, რომელიც ალკოჰოლური ფსიქოზით იტანჯებოდა. ქმრის სამკურნალოდ, ზურაბაშვილი ხრუშჩოვის მეუღლემ შეარჩია. თურმე, ცკ-ს მდივანს ავლიპ ზურაბაშვილის ულვაში სტალინს აგონებდა და ფსიქიატრისთვის მისი გაპარსვა მოუთხოვია, რაზეც კატეგორიული უარი მიუღია. ზურაბაშვილმა თავისი ცნობილი ულვაში მეუღლის, შვედი ელენე ლუნდის რჩევით მოუშვა და ცკ-ს მდივნის რჩევით, მის გაპარსვას ვერ დასთანხმდებოდა.
ავლიპ ზურაბაშვილს გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 20-ზე მეტი მონოგრაფია. მღვდლის შვილმა ფსიქიატრიაში საკუთარი ფილოსოფია შექმნა. 1946 წელს ავლიპ ზურაბაშვილს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. იყო იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციისა და არაერთი საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი. მნიშვნელოვანია ზურაბაშვილის გამოკვლევები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის შესახებ. ზურაბაშვილის შეხედულებამ პარაშიზოფრენიის თავისებურებათა შესახებ, დიდი გამოხმაურება პოვა საფრანგეთში, შვეიცარიასა და აშშ-ში.
ავლიპ ზურაბაშვილი 1994 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი ავლიპ ზურაბაშვილი
ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილის დავით ზურაბაშვილის მოგონებებიდან: „სადილის დაწყების წინ პაპასა და დიდედას შორის რელიგიურ თემაზე იწყებოდა საუბარი. ისინი გვაჩვევდნენ მცნებებს, წესებს უფალზე. ახლაღა ვხვდები, რომ ეს იყო ლოცვა, თუმცა, ლოცვას კი არ კითხულობდნენ, როგორც ლოცვას, არამედ რაღაც პატარა ამბავს მოყვებოდნენ საეკლესიო ცხოვრებიდან. ასე შეგვაჩვიეს და შეგვაყვარეს ეკლესია, რადგან, თქვენ კარგად იცით, მაშინ ეკლესიის ხსენება არ შეიძლებოდა".
ავლიპ ზურაბაშვილი
დავით ზურაბაშვილის მოგონებებიდან: „დიდედამ ასეთი ამბავი მოგვიყვა: ერთხელ სკოლაში გავრბივარ. ამ დროს ბოშა მომიახლოვდა, გიმკითხავებო. ხელი რომ გავუწოდე, მითხრა: ცოლად მგელს გაჰყვები, მასთან ერთად ლამაზ ცხოვრებას გაივლი, მთელი ცხოვრება ყავას დალევ და „ბულკს“ შეჭამო. რასაკვირველია, გამეცინა - ან მგელს რატომ უნდა გავყვე ცოლად, ან ეს ყავა და „ბულკი" რაღაა-მეთქი. გავიდა დრო და გავიცანი ავლიპი. საუბრისას ვკითხე, შენი სახელი რას ნიშნავს-მეთქი. მგელსო, მიპასუხა (ლათინურად „აულიუს ლუპუს" მგელს ნიშნავს), მერე მივხვდი, რომ ბედს ვერსად გაექცევი".
მარჯვნიდან: ვასილ მჟავანაძე - ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, პეტრე გელბახიანი (უკან) - 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, ავლიპ ზურაბაშვილი, ვასილ ონიანი.
პეტრე გელბახიანი; ლევან ავალიანი - ბავშვთა ქირურგიული რესპირაციული ცენტრის ხელმძღვანელი; ირაკლი ტატიშვილი - ექიმი, აკადემიკოსი, პათანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ავლიპ ზურაბაშვილი და პოეტი იოსებ ნონეშვილი
დავით ზურაბაშვილის მოგონებებიდან: „არასდროს, სახლშიც კი არ ჰყვებოდა თავის პაციენტებზე. არასწორად მიაჩნდა, პაციენტი საუბრისას გულს თუ გაუხსნიდა, ამაზე ვინმესთან ელაპარაკა. ყოველ შემთხვევაში, საექიმო ამბებს ჰყვებოდა არა როგორც სასაცილო ამბებს. ჩვენს ოჯახშიც კი არ იყო მიღებული პაციენტის ვინაობის გამჟღავნება. ეს იყო სრულიად დახურული, კონფიდენციალური ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის.
ოთარ ფარულავა - სკულპტორი, მხატვარი. დონარა იმედაძე - მოდელი, მოცეკვავე. ავლიპ ზურაბაშვილი, კობა გურული - მხატვარი.
ერთხელ ავლიპისთვის უკითხავთ: რამდენი ფსიქიატრიული დაწესებულებაა საქართველოშიო. ორი - სტაციონარული და მოძრავიო, - უპასუხია. მოძრავი რომელიღააო? მატარებელი „მახარაძე-თბილისიო"! - მიუგია სიცილით.
ავლიპ ზურაბაშვილი, პეტრე გელბახიანი და ირაკლი ტატიშვილი - ექიმი, აკადემიკოსი, პათანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ჯუმბერ პატიაშვილი - პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი 1985-1989 წლებში და ავლიპ ზურაბაშვილი.
დავით ზურაბაშვილის მოგონებებიდან: „პაპა დეპუტატი იყო და ხშირად ესწრებოდა პარტიულ კრებებს. ერთ-ერთ შეკრებაზე თქვა - ჩვენი პარტია ბოლოკს მაგონებსო. ფსიქიატრიაო, იფიქრეს და ყველას გაეცინა, მერე ჰკითხეს, - რატომო. გარედან წითელია და, რომ გაჭრა, შიგნიდან სულ თეთრიაო. გაქანებული კომუნისტების პერიოდი იყო, მაგრამ მისთვის ამის თქმა შეიძლებოდა".
ავლიპ ზურაბაშვილი
ფსიქიატრი შოთა გამყრელიძე იხსენებდა: „თანამშრომელს შენიშვნას ან საყვედურს თითქმის არ აძლევდა. მხოლოდ ხელმძღვანელებს ეტყოდა, მოუარეთ ახალგაზრდას, რომ კარგად იმუშაოსო. ვინმე თუ რამეს დააშავებდა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში დაგვიბარებდნენ, თვითონ მიდიოდა და ეუბნებოდა, ჯერ მე დამსაჯეთ და მერე ჩემი თანამშრომელიო".
სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
მარცხნიდან მეოთხე: ავლიპ ზურაბაშვილი, მეექვსე: პეტრე გელბახიანი.
ქართველი აკადემიკოსების ჯგუფი
მარცხნიდან მეორე ავლიპ ზურაბაშვილი.
„ზურაბაშვილს ხშირად უწევდა სიმპოზიუმებზე სიარული. ერთხელ მოსკოვში გაემგზავრა და სასტუმროს ნომერში სამედიცინო ინსტიტუტის მაშინდელ რექტორ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოხვდა. კონფერენციის წინა ღამეს სააკაშვილი მეცნიერის ლაპარაკმა გამოაღვიძა. ზურაბაშვილი იჯდა, ხელში კონფერენციის მონაწილეთა სია ეჭირა და მონაწილეების სახელებსა და გვარებს ზეპირად სწავლობდა. კოლეგას ზურაბაშვილის საქციელი უცნაურად ეჩვენა, მაგრამ თეთრად გატარებული ღამის შედეგი მეორე დღეს გამოჩნდა, როცა კონფერენციის ყველა მონაწილეს სახელითა და მამის სახელით მიმართავდა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა".
მარინე თბილელი - თეატრისა და კინოს მსახიობი, ვასო გოძიაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი და ავლიპ ზურაბაშვილი.
ავლიპი...
ფსიქიატრ ზურაბ ბერიას მოგონებებიდან: „ერთხელ წნევა გავუზომე და ცოტა მომატებული იყო. თვითონაც შენიშნა ეს და მითხრა: როგორ ფიქრობ, ერთი მთლიანი აბი დავლიო თუ ნახევარიც მეყოფაო. სიფრთხილე გამოვიჩინე და ვუთხარი, - ნახევარიც გეყოფათ, მაინცდამაინც მაღალი წნევა არ არის-თქო. სწორი ხარო, მითხრა. მართალია, მე უკვე დავლიე მთლიანი აბი, მაგრამ შენი აზრი ძალიან მომეწონა და ამას გავითვალისწინებო.
გიორგი ცაბაძე - კომპოზიტორი; ირაკლი აბაშიძე - პოეტი და ავლიპ ზურაბაშვილი.
ავლიპ ზურაბაშვილი და იოსებ მეგრელიძე - ენათმეცნიერი
დავით ზურაბაშვილი იხსენებდა: „ერთხელ, ავლიპმა ერთ მეწაღეს უმკურნალა და გაწერეს. ბატონო ავლიპ, დიდი მადლობა დახმარებისთვის, მეც მინდა, რაღაცით გცეთ პატივი და, თუ შეიძლება, თქვენი ფეხის ზომა მითხარით, ფეხსაცმელი უნდა შეგიკეროთო. პაპამაც უთხრა თავისი ფეხის ზომა. უკაცრავად, კიდევ მაქვს კითხვა, - უთხრა მეწაღემ, - ქუსლი წინ გავუკეთო თუ უკანო?"
მარიკა ლორთქიფანიძე - ისტორიკოსი, პროფესორი და ავლიპ ზურაბაშვილი
დავით ზურაბაშვილი - ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილი
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - „მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტში", ასევე „საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ასოციაციის" პრეზიდენტი:
„პაპა წყნარი ადამიანი იყო, არ გვახსოვს მისი ხმამაღალი სიტყვა. ძალიან სპეციფიკური, დამახასიათებელი ხმა ჰქონდა. კარგად იცოდა თავისი ხმის მართვა. იტყოდა: შეგიძლია, ადამიანს ისე ესაუბრო, რომ ერთი თქმით მოგისმინოს და დაგიჯეროსო. არასდროს საუბრობდა ბავშვთან, როგორც დიდთან, მაღალ მატერიებზე - ბავშვი ამით არ დაინტერესდებაო. ძალიან უყვარდა ცხოველები. ჩვენ გვყავდა დიდი გერმანული ნაგაზი, სახელად „ყარათი" და იმასთან ერთად სეირნობდა ეზოში, დიდედას კი ჰყავდა პატარა ძაღლი, რომელიც პაპაზე ეჭვიანობდა და სულ უღრენდა".
წყარო: funtime.ge