სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობს. ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.
უწმინდესი სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას და მიმდებარე სოფლებიდან ჩასულ მრევლს შეხვდა. შემდეგ კი პატრიარქმა გორისა და ატენის ეპარქიის მმართველთან, მიტროპოლიტ ანდრიასთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მავთულხლართებთან გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ვანიშვილის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.
უწმინდესმა 84 წლის დავით ვანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა, ჯვარი, სანთლები და ვერცხლის სამაჯურები წარწერით „უფალო, შეგვიწყალენ", ასევე ოჯახს გარკვეული თანხაც გადასცა.
პატრიარქმა დავით ვანიშვილს სთხოვა, რომ პატრიარქის ნაჩუქარი სანთლები ოჯახში ყოველდღიურად აანთონ.
„ძალიან ცუდ დღეში ვართ აქეთ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში. უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩვენგან ოსური სოფელი წინაგარაა. პურზეც და მარილზეც ამ სოფელში მივდივართ. თუმცა, იქ რუსულ ფულს გვთხოვენ, საიდან უნდა მოვიტანო რუსული ფული, ჩვენ მხოლოდ პენსიას გვაწვდიან ამ ღობიდან და ის ქართული ფულია. ლარით მარილსაც კი არ გვაძლევენ. ახლა ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, აქ რომ მოვედით და გესაუბრებით, საღამოს შეიძლება მოვიდნენ რუსები და ამის გამო პასუხი მოგვთხოვონ", - განაცხადა უწმინდესთან საუბრისას დავით ვანიშვილმა.
პატრიარქმა მავთულხლართების მიღმა მოქცეული ოჯახი დალოცა და დააიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.
დღესვე პატრიარქი ნიქოზსა და შინდისსაც ეწვევა.