საოცარი ამბავი მოხდა გერმანიაში. ბუნესლიგის პირველობაზე ერთმა ფეხბურთელმა 9 წუთის განმავლობაში მოწინაღმდეგის გუნდს 5 გოლი გაუტანა. მართალია, ფეხბურთი გუნდური თამაშია, მაგრამ ყველა ცალკეულ ეპიზოდს ჰყავს თავისი შემოქმედი. ალბათ, გუნდის მწვრთნელი, ჟურნალისტები და მაყურებელი ამ ფეხბურთელს სამართლიანად მიიჩნევენ თამაშის გმირად, ხოლო მოწინაღმდეგე გუნდის მეკარის მიმართ გამოხატულ გრძნობათა შორის ყველაზე ჰუმანური კი, სიბრალული იქნება. დიახ, დიახ, მცველებს და მეკარეს დაბრალდებათ ეს წაგება.
საკვირველია, როდესაც ლარის გაცვლითი კურსის უხეირო სტიქიური და კონტროლს მოკლებული ცვლილებები მიმდინარეობს და მის უშუალო „შემოქმედს" ვერ პოულობენ. თუ ლარზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, მაშინ ლარის დრეიფი დოლარის მიმართ მისი შემოქმედების ნაყოფია და მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
ახლა გაიძახიან, ეროვნულ ბანკს კანონით არ ევალება გაცვლითი კურსის სტაბილიზაციაო. ნეტავ როდის დაანებებენ ასეთ სისულელეების ლაპარაკს თავს. თუ გევალება მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და ბაზარზე ფულის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნება, მაშინ, ისმება კითხვა - ფულის გაცვლითი კურსი რა თვისებებით ხასიათდება ისეთით, რომ მონეტარული პოლიტიკის ფარგლებიდან გამოდის?
მოკლედ, ჩვენი მასმედიის გადამკიდეს მრავალი აბდაუბდის მოსმენა გვიხდება. დადგა დრო, რომ მოსახლეობის ასეთ მუდმივი დეზინფორმირებულობისათვის საზოგადოებამ პასუხი მოსთხოვოს.
პროფესორი დავით იაკობიძე