13 ივნისის სტიქიიდან, ზუსტად სამი თვის შემდეგ, 13 სექტემბერს, ზოოპარკი კვლავ გაიხსნა. „რეპორტიორი" დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა დღეს ახლად გახსნილ პარკში, როგორ გრძნობენ თავს მისი მობინადრენი, რა ღონისძიებები გატარდა ამ ხნის განმავლობაში და რა იგეგმება მომავალში...ამ ყველაფერზე ჩვენ თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ მზია შარაშიძეს ვესაუბრეთ..
- სამი თვის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში ზოოპარკის ტერიტორია მოწესრიგდა, აქ საუბარია მხოლოდ ზედა ნაწილზე, რომელიც სტიქიამ შედარებით ნაკლებად დააზიანა. თუმცა, ეს ტერიტორია ძალიან დაბინძურებული იყო შლამით, უზარმაზარი ხის მორებით, ლოდებით.. ამ ყველაფრის გაწმენდა მოხდა. პარკის ქვედა ნაწილი, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა, ახლა ჩაკეტილია. ეს ტერიტორიას აღდგენას არ ექვემდებარება, შესაბამისად, იქ ახალი ვოლიერების განთავსება აღარ იგეგმება.ახალი ვოლიერების მშენებლობა მიმდინარეობს.
ახლა დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ზოოპარკის მხოლოდ ზედა ნაწილი მოინახულოს. გადარჩენილი ცხოველებიც ამ ტერიტორიაზე არიან თავმოყრილნი, რომლებიც სხვადასხვა ვოლიერებში გავანაწილეთ.
- დამთვალიერებელთა რაოდენობა უფრო გაიზარდა თუ შემცირდა?
- სამწუხაროდ, ოდნავ შემცირდა.. მაგრამ მაინც მოდიან. იმედი გვაქვს, ხალხის რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება. უბრალოდ, ასეთი ტრაგედიების შემდეგ ბევრს ამ ტერიტორიაზე მოსვლა უჭირს. ყველაფერს დრო სჭირდება.
- ტურისტები თუ მოდიან დასათვალიერებლად? ჩვენი ზოოპარკი, რომელიც სტიქიამ იმსხვრეპლა, მსოფლიომ გაიცნო...
- ტურისტები მოდიან, მაგრამ ისევ და ისევ იმდენი არა, რამდენიც სტიქიამდე. იმედი გვაქვს, რომ ზოოპარკს ხალხი დაუბრუნდება, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად რომ მოგვახსენოთ...
- მოგეხსნებათ, ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადადის, სადაც 48 ჰექტარია გამოყოფილი. ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პარკი. შემოღობვითი სამუშაოები უკვე იწყება. ტერიტორიის შემოსაღობად მერიამ თანხები უკვე გამოყო, ამ მშენებლობას მინიმუმ, სამი წელი სჭირდება. ცხოველების გადაყვანა ეტაპობრივად მოხდება.
- საბავშვო ატრაქციონები ახალ ზოოპარკში კვლავ განთავსდება ?
- ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ბავშვებისთვისაც იქნება რაღაც გასართობები, თუმცა არა მსგავსი ატრაქციონები, რომლებიც აქ არის და იყო. იქ სხვა ტიპის პარკი გაკეთდება. დასვენებისთვის ერთგვარი რეკრეაციული ზონა შეიქმნება, სადაც, რა თქმა უნდა, უმთავრესი ზოოპარკი იქნება. მაგალითად, ისეთი ატრაქციონები მოეწყობა, რომლებიც ბავშვების ფიზიკურ განვითარებასთან იქნება დაკავშირებული. მუშაობა ასეთი მიმართულებით გვსურს.
„რეპორტიორმა" თბილისის ზოოპარკის რამდენიმე მობინადრე მოინახულა, რომელიც 13-14 ივნისის სტიქიას გადაურჩა... პარკს უკვე ახალი მობინადრეებიც ჰყავს.
- ეს პინგვინების ვოლიერია, რომელიც სტიქიამ დააზიანა
პინგვინები დროებით ანდური კონდორის ვოლიერში იყვნენ გადაყვანილები. მათ ვოლიერში კი, სანამ შუშები შეკეთდებოდა, დროებით ჩვენი კუბური ნიანგი ცხოვრობდა. პინგვინების ვოლიერის შეკეთების შემდეგ გადარჩენილი ოთხი პიგვინი უკვე თავის სახლში გადმოვიყვანეთ...
პატარა საყვარელი პინგვინები რატომღაც ბუდიდან გამოსვლას არც კი ფიქრობდნენ, ოთხივეს ერთად მოეყარა თავი...
- ესენი აფრიკული შავფეხა პინგვინები არიან, ასე ჰქვია ამ სახეობას. სამხრეთ აფრიკის სანაპიროებზე არიან გავრცელებულნი. შესაბამისად, ჩვენი კლიმატი მათთვის შესაფერისია. ხშირად ჰგონიათ, რომ ეს ის პინგვინები არიან, ანტარქტიდაზე რომ ბინადრობენ, ეს სხვა სახეობაა, თბილი კლიმატის მოყვარულები. ჩვენს კლიმტურ პირობებს, როგორც აღვნიშნე, ძალიან კარგად ეგუებიან.
როგორც გავიგეთ, პინგვინები ძალიან მშიშარა არსებები არიან, სტიქია კი მათთვის სერიოზული სტრესი იყო. სტიქიიის შემდეგ ათი პინგვინი გადარჩა. სამწუხაროდ, მოგვიანებით ათიდან ექვსი დაიღუპა. თბილისის ზოოპარკში სულ 17 პინგვინი იყო. გადარჩენილები ახლა თავს ნორმალურად გრძნობენ, მაგრამ ჯერ კიდევ შეშინებულები არიან. ძირითადად, ბუდეებში არიან და საღამოს ჭამის დრო გამოდიან.
როგორც უკვე იცით, ჩვენმა პუდელმა „კარაკულამ", რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ ლომთან ერთად იზრდებდა და ცხოვრობდა, სიურპრიზი გაგვიკეთა.
ზოოპარკის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 სექტემბერს, რვა ლეკვი გააჩინა. აქედან, შვიდი შავია, ერთი კი თეთრი.
რადგან სიმბოლურად მოხდა, რომ მათ შორის ერთი თეთრი ლეკვი გამოერია, გადავწყვიტეთ, „შუმბას" სამახსოვროდ მისი სახელი დაგვერქვა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს, შუმბა დაგვიბრუნდა.
სტიქიის მეორე დილით, აქ როდესაც შემოვედით, „კარაკულა" მანქანაზე იჯდა ბალახიანი, ბინძური, და ძალიან შეშინებული. მერე ჩვენმა თანამშრომლებმა წაიყვანეს, „გაკრიჭეს" მოაწესრიგეს, დავარცხნეს და როდესაც დამშვიდდა, როგორც ჩანს, დრო იხელთა, სადღაც გაიპარა და ასეთი შედეგით დაგვიბრუნდა. თავიდან კი შევამჩნიეთ, რომ მოსუქდა, მაგრამ ვერც ვიფიქრებდით, ამდენი ლეკვი თუ გაჩნდებოდა, ძალიან გაგვიხარდა. ნამდვილად, სიმბოლური იყო, რომ ზოოპარკის გახსნისთვის „კარაკულამ" ასეთი საჩუქარი დაგვახვედრა. ხალხი ამბობდა, „კარაკულამ" შუმბა გააჩინაო...
- როგორ გრძნობს თავს მსოფლიოში პოპულარული „ბეგი"?
- ბავშვებს და ზოგადად დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით ბეგის ნახვა აინტერესებთ. მისი ვოლიერი წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურდა. ის სიცივეს ვერ იტანს და აუცილებელი იყო ზამთრის ვოლიერის აშენება, რისთვისაც მერიამ საჭირო თანხა გამოგვიყო. ახლა ამ ვოლიერის მშენებლობა მიმდინარეობს.
„ბეგი"ახლა სპილოების ვოლიერში ბრძანდება. ძირითადად, მთელ დღეს აუზში ატარებს, წევს და ზევით ამოსვლა ეზარება, საჭმელად ამოდის ხოლმე.
ზარმაცმა „ბეგიმ" მართლაც არ ისურვა სტუმრების ნახვა, აუზში საგულდაგულოდ დაგვემალა.
- აქ ჩვენი ზებრები ცხოვრობენ.
მათი ვოლიერი ნაწილობრივ დატბორილი იყო, თუმცა წყალდიდობამ მხოლოდ სადგომები გაანადგურა, რომელიც ქვედი ნაწილში მდებარეობდა, მათ ზემოთ ამოღწევა და გადარჩენა მოახერხეს.
ზოგადად, ეს მთლიანი ტერიტორია იარუსებად გვაქვს დაყოფილი, ქვედა პირველი იარუსი მთლიანად განადგურებულია, მეორე ნაწილობრივ განადგურდა, მესამე იარუსამდე სტიქიამ ვერ მოაღწია, ამიტომ გადარჩნენ ცხოველები.. ზებრები, მარტორქა, ირმები...ზედა ნაწილში მოახერხეს ამოსვლა. მესამეში სერვალი, ცივეტა, ფარშავანგები ბინადრობენ, სპილოები და ჩვენი ჩლიქოსნები აზავერები, ანტილოპა კანა, ფაფრიანი ცხვრები, ცხენები, პონები...
- ზოოპარკს ამჟამად რამდენი მობინადრე ჰყავს?
- ზოოპარკს სულ 876 მობინადრე ჰყავს, აქედან ეგზოტარიუმში 567 მობინადრე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პარკის ბინადარის თითქმის ნახევარი დავკარგეთ, მაინც საკმაოდ ბევრია. საერთო ჯამში სტიქიას 277 ცხოველი ემსხვერპლა. მსხვილი მტაცებლების, ფრინველების და პრიმატების ჩათვლით. საბედნიეროდ, ბევრიც გადარჩა.
- ეს გახლავთ კეთილშობილი ირემი
წყალდიდობის შემდეგ ის ჩვენი პირველი იმედის სხივი იყო, რომელიც 30 ივნისს გაჩნდა. ახალშობილს „პირა" დავარქვით.
ამჟამად თბილისის ზოოპარკი კეთილშობილი ირმის გამრავლების და კონსერვაციის პროექტში ერთვება, რაც ამ სახეობის გამრვალებას გულისხმობს. კონსერვაციის გეგმის შემუშავება და შემდეგ უკვე ბუნებაში დაბრუნება იგეგმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოში კეთილშობილ ირემს გადაშენების საფრთხე ემუქრება. ეს ახალშობილი ირემი კი, ასე ვთქვათ, „პიონერია".
- ჩვენი ცნობილი მარტორქა „მანუელა"
მისი ვოლიერიც დანგრეული იყო, მისი აღდგენა მოხდა.
- ესენი ჩვენი საყვარელი აზიური სპილოები „გრანდი" და „მალკა" არიან.
„გრანდი" არის მამრი, „მალკა" მდედრი. მამრი სპილო შარშან ერევნის ზოოპარკიდან ჩამოვიყვანეთ. მან ეშვის ამოღების საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანა. მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. მთელი საქართველო „გრანდის" ოპერაციის პროცესში იყო ჩართული. ახლა ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ, სტიქიამ მათთან ვერ ამოაღწია. ერთადერთი ისაა, რომ დროებით „მდგმური" ჰყავთ შესახლებული, „ბეგის" სახით. ამიტომ ვოლიერის მეორე ნაწილში არ ვუშვებთ, ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულები არიან.
- ამ მინით იზოლირებულ ვოლიერებში განთავისებულნი არიან ლომები და ლეოპარდები.
ვოლიერის ერთ ნაწილში ხუთი ლომი ცხოვრობს, რომელიც სტიქიას გადაურჩა. სემუელი, „კლეოპატრა" და მათი სამი ბოკვერი. ბოკვერები ხშირად მოდიან ხოლმე შუშასთან, დამთვალიერებლებს უყურებენ და აკვირდებიან.
- ლომების გვერდით ვოლიერში ორი ლეოპარდი ბინადრობს, რომელიც საჩუქრად საფრანგეთიდან მივიღეთ.
- როგორ გამოხატავდნენ ცხოველები იმ სტერსს, რომელიც სტიქიის შემდგომ გადაიტანეს?
- მათთვის, როგორც ყველა ადამიანისთვის, სტიქია საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა. მაგალითად, „ბეგი" მთელი დღის განმავლობაში იწვა, არ დგებოდა და არაფერს ჭამდა. მისთვის კი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ შეშინებული იყო და ამ მდგომარეობიდან რთულად გამოვიდა. „ბეგისთვის" ასევე აუცილებელია, რომ კანი სველი ჰქონდეს, აუზში კი არ ჩადიოდა. მითუმეტეს, ზაფხულში ძალიან ცხელი დღეები იყო, ამიტომ, თანამშრომლები წყალს შლანგით ასხამდნენ.
ჩვენი „ბეგი" საკმაოდ ანცია. იგრძნო, რომ მასზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ, წყლის შესხმის პროცესი მოეწონა და აუზში ჩასვლას აღარ კადრულობდა. საღამოს, როდესაც ყურადღების მიღმა რჩებოდა, სხვა გზა არ ჰქონდა და აუზში მხოლოდ მაშინ ჩადიოდა.
ასევე ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პინგვინები იყო, თავდაპირველად, რა თქმა უნდა, შეშინებულები იყვნენ. მათი სტრესიც გამოიხატებოდა იმაში, რომ არ ჭამდნენ, ამ უჭმელობამ და შიშმა ექვსი პინგვინის სიკვდილი გამოიწვია. გადარჩენილები თავს შედარებით უკეთ გრძნობენ.
-ხომ არ აპირებთ ზოოპარკში მემორიალის დადგმას?
- დიახ, ასეთი მემორიალის დადგმა იგეგმება, სადაც მოხსენიებული იქნება სტიქიის შედეგად დაღუპული ზოოპარკის ყველა ბინადარი და ასევე ჩვენი სამი დაღუპული თანამშრომელი.
13-14 ივნისის სტიქიის დროს თბილისის ზოოპარკის კოლექციის თითქმის ნახევარი დაიღუპა... პარკს აღარ ჰყავს წყლის ფრინველები, აფთრები (როგორც ზოლებიანი,ასევე ხალებიანი). შემცირდა დათვებისა და მგლების რაოდენობაც. გადარჩენილი სამი დათვიდან ერთი ჩვენთანაა და ორი მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი...მათი ვოლიერი არ არსებობს. პარკში ვეფხვები, იაგუარები, მელიებიც აღარ არიან. გადარჩენილია ორი მგელი.
შავარდენი, ხონთქრის ქათმები სტიქიას გადაურჩნენ. სამწუხაროდ, ყველა თუთიყუში დაიღუპა. ასევე დაიღუპნენ სირაქლემები, ჭაობის ფრინველები, წეროები, გედები, ბატები, აბისინიური ხარცხვირა, რომელიც დამთვალიერებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფრინველი იყო, აქედან სამწუხაროდ, ვერცერთი ვერ გადარჩა, მხოლოდ რამდენიმე იხვი და ბატი.
ეს არის დაღუპულ მობინადრეთა ფოტოკოლაჟი, რომელიც აღდგენილ პარკშია გამოფენილი... მაგალითად, ცნობილი მაიმუნები, რომლებიც სხვადასხვა ტელეგადაცემების ხშირი სტუმრები იყვნენ.
პრიმატები, ჰამადრილები. მტაცებლები - იაგუარი, ლომები, ვეფხვები, დათვები, რომლებიც ქვედა ხაზში, გადახურულ ვოლიერებში ბინადრობდნენ. ასევე ორი ჯიხვი, რომლებიც სტიქიის ღამეს დაიღუპნენ.
ასევე აქ იხილავთ კედელს, რომელზეც ზოოპარკის დიზაინერმა დაღუპულ მობინადრეთა სახელები დაწერა...
ზოოპარკს ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი აქვს, სადაც ტარდება შემეცნებითი, სახალისო გაკვეთილები, შაბათ-კვირას 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. გასული წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მოსწავლე გვყავდა. სწავლა ოქტომბრიდან განახლდება, ბავშვებს ისევ მივიღებთ. ზოოლოგის, ეკოლოგიის გაკვეთილები უტარდებათ. სხვადასხვა თამაშები და კრეატიული გაკვეთილები აქვთ ხოლმე. ძერწავენ, ხატავენ..., რა თქმა უნდა, ცხოველებთანაც აქვთ ურთიერთობა.
გარდა ამისა, მოხალისეების პროგრამა კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას. ნელ-ნელა ვცდილობთ, ჩვენი პირვანდელი სახე დავიბრუნოთ.
„რეპორტიორი" ზოოპარკის ეგზოტარიუმსაც ესტუმრა..
- მოდით, დავამშვიდოთ ჩვენი მკითხველი და ვუთხრათ, რომ ქვეწარმავლები ზოოპარკის ტერიტორიიდან არ გამოსულან... რადგან მრავალი მოსაზრება და ეჭვი იყო, თითქოსდა სტიქიის დროს გარეთ გველებიც გამოვიდნენ...
- ისინი, რა თქმა უნდა, გარეთ გამოსვლას ვერ შეძლებდნენ, რადგან ზედა იარუსში იმყოფებიან, სადაც სტიქიას არ მოუღწევია... შესაბამისად, შეუძლიათ, ეს ეჭვი გაიქარწყლონ...
2016 წლის გაზაფხულისთვის ახალი ცხოველების ჩამოყვანაც იგეგეგმება. დანაკლისის შევსებაში თბილისის ზოოპარკს დახმარება ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციამ აღუთქვა. ასევე სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა გაუწოდეს გაუწოდეს ხელი. თბილისის ზოოპარკი კიდევ მრავალ სიახლეს ელოდება..
ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა... „ზოოპარკმა ახალი სიცოცხლე დაიწყო".. მრავალი ახალი გეგმით, იმედით.. ცხოველები თავს უკეთ გრძნობენ, ახალი სიცოცხლეები იბადებიან.. მობინადრეები მხოლოდ კარგ ამბებსა და დამთვალიერებლებს ელიან...