reportiori.ge - „Дружба народов“ - ქართული ლიტერატურის თავგამოდებული პროპაგანდისტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„Дружба народов“ - ქართული ლიტერატურის თავგამოდებული პროპაგანდისტი
ავტორი:
24 სექტემბერი, 2015. 14:38


გასული კვირის ხუთშაბათს თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში, დღევანდელი საქართველოსთვის ერთობ მოულოდნელი ღონისძიება გაიმართა: საბჭოთა პერიოდში (1939 წელს) მოსკოვში დაარსებული ჟურნალ „Дружба народов"-ის 2015 წლის მე-8 ნომრის პრეზენტაცია.


რატომ მოულოდნელი?


იმიტომ,რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ დათესილი და ნალოლიავები რუსოფობიის ყვავილნარი ჯერ არ დამჭკნარა, თუმცა ფურცლები შემოეძარცვა შესამჩნევად.


ეს ერთი.


მეორე - იმიტომ, რომ იმავე საბჭოთა ქვეყანაში აღიარებული ხალხთა მეგობრობა კომუნისტურ პროპაგანდად მოინათლა და მის გახსენებასაც კი (აღიარებაზე არაფერი რომ არ ვთქვათ) რეტროგრადობის, ანტიეროვნულობის ბეჭედი დაუსვეს ნეოლიბერალებმა და ნაციონალისტებმა.


მანამდეც ასე იყო, ოცდახუთი წლის წინათ, „ხალხის მტრად" და „მოსკოვის აგენტად" გამოცხადების პრაქტიკას თუ გავიხსენებთ.


ახლა ხომ გულში გვყავს ჩაკრული აქეთ სომხეთი და იქით - აზერბაიჯანი!


რუსეთზე ხმას როგორ ამოვიღებ...


ახლოა დროებამ ჰქმნა, და ბრჭყალებში ჩასვა „ხალხთა მეგობრობა" - არა როგორც ჟურნალის სახელწოდება, არამედ თვით ცნება მეგობრობისა ხალხთა შორის.


ბრჭყალებში ჩასმა - თავდაჯერებულის ირონია და დაკნინება რისამე (ან ვინმესი).


თუმცა ეს თქვენც იცით.


შესანიშნავად.


შეცვლილმა დროებამ და ღირებულებათა ჩანაცვლებამ ჟურნალსაც თავისი დაღი დაამჩნია.


ნეგატიური.


უწინ ჟურნალ „Дружба народов"-ის ყოველი ნომრის ტირაჟი 2 მილიონი ეგზემპლარი იყო.


ეს მაშინ, როცა ხალხები ერთ საერთო სოციალისტურ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ფაქტის აღსანიშნავად ვიხსენებთ მხოლოდ და არა ნოსტალგიური - ეს რა დაგვემართა! - განწყობილების მოძალების გამო.


შესადარებლად.


დაინგრა იმპერია და ნანგრევებში, უწინარეს ყოვლისა, იდეები მოჰყვა - რაგინდ მაღალი ღირებულებისა.


დაკნინდა მასებისთვის გამიზნული ლიტერატურისადმი მოთხოვნილებაც და შეფასების კრიტერიუმიც, დაეცა კართან დაფენილი ფეხსაწმენდის დონემდე. მკითხველთა რაოდენობამ კატასტროფულად იკლო და ამჟამად „დრუჟბა ნაროდოვ" ორი ათასი ეგზემპლარი იბეჭდება.


ამდენიღა.


სხვა მიზეზებიც იქნებოდა უთუოდ, მაგრამ არც რედკოლეგიას, არც სარედაქციო საბჭოს მთავარი რედაქტორის - ალექსანდრე ებანოიძის წინამძღოლობით არ უღალატია არც საკუთარი პრინციპებისთვის, არც ისტორიული გამოცდილებისთვის და მასკულტურის სიტყვამრუშობის ბაზრობაზე ხელნაკეთი პროდუქციის არცერთი ნიმუში არ გაუტანია.


ამიტომაც არ შეხებია არც ლიტერატურის დევალვაციის, არც ჟურნალისტიკის სიყვითლისკენ ფერისცვალების პროცესი.


ჟურნალი „Дружба народов" რჩება დამოუკიდებელ ლიტერატურულ-მხატვრულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გამოცემად, ქართული ლიტერატურის თავგამოდებულ პროპაგანდისტად. წლევანდელ მერვე ნომერშიც ეს კეთილშობილური მისია ბრწყინვალედ არის შესრულებული.


ამ ნომრის პრეზენტაცია გაიმართა იმ საღამოს, რომლის შესახებ ინფორმაცია წერილის დასაწყისში მოგაწოდეთ.


ჟურნალის პირველი ასეთი ნომერი (სპეციალური) ინიცირებული იყო სარედაქციო კოლეგიის მიერ. იმხანად რედაქციას მხარი დაუჭირა რუსეთში ქართველთა საზოგადოებამ. ამჯერად ინიციატორად სახელმწიფო სტრუქტურა მოგვევლინა, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ბეჭდვითი სიტყვისა და მასობრივი კომუნიკაციების სააგენტო. საინტერესოა, რომ ამავე სააგენტომ წლეულს მხარი დაუჭირა თანამედროვე ქართული მოთხრობების კრებულის გამოცემას „კავკასიონის ქედს მიღმა".


მისაბაძი მაგალითია.


- დღევანდელი ღონისძიება, - თქვა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრე ებანოიძემ „საქართველო და მსოფლიოს" კორესპონდენტთან საუბარში, - სასიამოვნო მოვლენების შედეგია, იმ მოვლენებისა, რომლებშიც აისახა ინტერესი ქართული ლიტერატურის მიმართ რუსეთში და უფრო ფართო მასშტაბითაც. ამავე დღეებში თბილისში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია,რომლის ორგანიზატორები არიან თბილისისა და გერმანიის უნივერსიტეტები თემაზე პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურა. ამ კონფერენციაზე მეც ვარ მიწვეული.


- ინტერესი არის?

 

- რა თქმა უნდა! პირდაპირ გეტყვით, რომ შეიძლება იყოს მხოლოდ მინიმალური დოზები, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე ფონდსა და კულტურული ურთიერთობებით დაკავებულ ორგანიზაციას აქვს სურვილი, აღადგინონ, გააუმჯობესონ და დაათბონ ქართულ-რუსული ურთიერთობა. 2 წლის წინათ ჩამოსულები ვიყავით საქართველოში ვლადიმერ მიაკოვსკის საიუბილეო ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად, და როცა მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ფონდ „რუსული სამყაროს" წინაშე წარვდექით ჩვენი ანგარიშით ამ მივლინების შესახებ, დაგვარწმუნეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი იდეა მხარდაჭერილი იქნებოდა. ზუსტად ასე გვითხრეს.


- არ გთრგუნავთ ის ნეგატივიზმი, რომელიც დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არის ფესვგადგმული?

 

- რას ნიშნავს „არ მთრგუნავს" და არ მაშფოთებს?! ჩვენ შორის კონფლიქტების დროს მოსკოვის პრესაში ხშირად ვაქვეყნებდი წერილებს, ვცდილობდი, ამეხსნა და დამეცვა საქართველოს პოზიციები. მინდა, გითხრათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების მთელი ამ 25 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ გადადგმული იყო ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პრორუსულად განწყობილ ნებისმიერ ადამიანს (ჩემ თავს კი ასეთად მივიჩნევ) ხელიდან აცლის არგუმენტებს. პირდაპირ გეტყვით: მე არ მაქვს სერიოზული და პატიოსანი არგუმენტები რუსეთის ზოგიერთი ქმედების ასახსნელად.


- აღიარებულია, რომ ლიტერატურა პოლიტიკის გარეშე დგას, მაგრამ ზემოქმედებს პოლიტიკაზე. მიგაჩნიათ, რომ დღევანდელის მსგავსი ღონისძიებები, დღეს და ხვალ თუ არა, პერსპექტივაში მაინც ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის კონფრონტაციის დაძლევას?

 

- პოლიტიკური კლიმატის ცოტათი მაინც დათბობას ხელს თუ შეუწყობს, არ იქნება ცუდი. დიდი ზეგავლენა და სერიოზული შედეგები რომ მოჰყვეს, ამაში დარწმუნებული არ ვარ. საჭიროა რაღაც რადიკალური ღონისძიებების განხორციელება, რომლებისთვისაც ჯერჯერობით არც რუსეთი არის მზად, არც - საქართველო. ბუნებრივია, უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაწყვეტა. ძალიან მტკივნეული საკითხია.


არმაზ სანებლიძე

 

P. S. ბატონმა ალექსანდრემ დანანებით აღნიშნა, რომ გაუცხოების პოლიტიკამ, უარყოფითად იმოქმედა ჟურნალის საქმიანობაზე, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ შესამჩნევად შესუსტდა მთარგმნელობითი საქმიანობა, რის გამოც მერვე ნომერში სრულად ვერ წარმოჩნდნენ ახალი თაობის პოეტები, და ამის მიზეზი მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობის გაცივება არ არის.

 

სარედაქციო წერილში, რომლითაც ჟურნალის ეს ნომერი იხსნება, ნათქვამია: „ჩვენი თხოვნით, ლიტერატორებმა, რომლებიც საქართველოსთან არიან დაკავშირებულები, გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები და მოგონებები. განყოფილება „სიზმრები საქართველოზე" მკითხველს წარუდგენს „ოცნებათა საქართველოს, ნადიმივით გულუხვს, და საქართველოს სევდიანს...

 

უცვლელი რჩება „სიცოცხლის ნიჭი და ნიჭი უკანონო სიხარულისა", რომელიც ახასიათებს ამ ქვეყანას და მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს ყველა გაჭირვების დაძლევაში".

 

P.P.S. ამ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრია ჩვენი სახელოვანი შემოქმედი რეზო გაბრიაძე. საშა ებანოიძე და რეზო გაბრიაძე გასულ პარასკევს შეხვდნენ ერთმანეთს მარიონეტების თეატრთან არსებულ კაფეში, მაგრამ ეს უკვე ცალკე თემაა.

 

 

 

 

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016