სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ხელმძღვანელის ზურაბ ბიწაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მიერ მისი გათავისუფლება ჟურნალისტებმა უთხრეს.
როგორც ბიწაძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, იგი იმყოფებოდა ფეხბურთის ფედერაციაში, თუმცა, გათავისუფლების ოქმი ვერ ნახა.
„არ ვიცი, რას მივაწერო ჩემი გათავისუფლება. სამართალს ვიცავდი და სამართლიანად ვიქცეოდი და ეს აღმასკომის წევრებს უნდა ჰკითხოთ, რატომ გადაწყვიტეს ჩემი მოხსნა. უნდა ვნახო, რა მიიღეს, რა გადაწყვიტეს, რატომ, რისთვის, არ ვიცი. ბატონი სიჭინავას დროსაც ხდებოდა აღმასკომის გადაწყვეტილების შეცვლა, მაგრამ ეს არ გამხდარა მოხსნის საფუძველი და დღეს რა მოხდა, არ ვიცი. აღმასკომი არის გარანტორი დამოუკიდებლობისა და მან ასეთი გადაწყვეტილებები წესდების მიხედვით უნდა მიიღოს და არა იმის მიხედვით, ვინ რას უკარნახებს. ტრიბუნალზე ფაქტობრივად არცერთი მხარის მიმართ მიკერძოებული გადაწყვეტილება არ მიმიღია, ორივე მხარეს გავუუქმე, რადგან ორივე დელეგატი წესების დარღვევით იყო წარდგენილი. არც ის ვიცი, გურიის დელეგატის საქმე როგორ განიხილეს, არც ამაზეა ოქმი ფედერაციაში. როგორც ჩანს, წელიწადნახევარი მათთვის სასურველი კანდიდატი ვიყავი და ახლა აღმოვჩნდი არასასურველი", - აღნიშნა ბიწაძემ.
კითხვაზე, ხომ არ აქვს ეჭვი, რომ ეს უკავშირდება ტრიბუნალის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას გურიის დელეგატთან დაკავშირებით, დავების განმხილველი კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, ეს ნიშნავს პირდაპირ ჩარევას დამოუკიდებელი ორგანოს მუშაობაში.
„არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩემი გათავისუფლება გურიის ფედერაციის დელეგატის წარდგენას უკავშირდება. ტრიბუნალის მუშაობის გარანტი ფეხბურთის ფედერაციაა. აღმასკომის გადაწყვეტილებების გაუქმება ხდებოდა ადრეც, წელსაც მოხდა, მაგრამ აღმასკომს არც კი უცდია, რაიმე ფორმით დამკავშირებოდა, ან
რომელიმე მედიატორს და მოეთხოვა გარკვეული მოსაზრებების გათვალისწინება. დღეს თუ ეს მოხდა, იმიტომ, რომ ვიღაცის აზრები არ გავითვალისწინე, ეს არის აშკარა ჩარევა. ეს არის გაფრთხილება ფედერაციის ნებისმიერი სუბიექტისთვის, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც გარკვეულ სუბიექტებს აწყობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უბრალოდ მოხსნიან. მოხსნა იყო ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას ამ შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ გააჩნდა. ვერც წესდებით, ვერც დებულებით სხვანაირად ფეხბურთის ფედერაცია ჩემს საქმიანობაში ვერ ერევა. დავის შემთხვევაში ის ჩვეულებრივ მხარეს წარმოადგენს. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები ერთხმად გამოვლენ ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, დაგმობენ და ისინი, როგორც მომავალი პრეზიდენტები, დადგებიან გარანტორად, რომ დამოუკიდებელი ორგანოს მუშაობა იქნება გარანტირებული და აღიარებული", - აცხადებს ბიწაძე.
მისი თქმით, სამართლებრივ დავას აუცილებლად აპირებს მას შემდეგ, რაც გაიგებს, რა გახდა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი.
„თუ ეს გადაწყვეტილება იქნება ყოვლად უსამართლო და არასწორი, სამართლის დამცველი ადამიანი უსამართლობას არ შევეგუები. თუ საფუძველი სამართლიანი იყო, რა თქმა უნდა, ამას არ შევეწინააღმდეგები. მე ამ თანამდებობას იმიტომ დავთანმხდი, რომ ვიცოდი, დამოუკიდებელი ვიქნებოდი და ჩემს საქმეში ვერავინ ჩაერეოდა. გუშინდლამდე ასე იყო. დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და შემდეგ სამართლებრივ დოკუმენტებს ვითვალისწინებთ. ამიტომ არსებობს ყველა ფედერაციაში დამოუკიდებელი დავების განმხილველი ორგანო. შეიქმნა, მუშაობდა და ყველა კმაყოფილი იყო, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში დავა გადაწყვეტილი იყო. დღეს აღმოჩნდა, რომ იმიტომ, რომ რაღაცა სწრაფად გადავწყვიტეთ, გავითვალისწინეთ, რომ არჩევნები მოსულია, აღმოჩნდა, რომ ვიღაცებისთვის ჩემი კანდიდატურა მიუღებელია. ჩემთვის ამ წუთას ჩემი გათავისუფლება დაუსაბუთებელია იმიტომ, რომ ოქმი არ არსებობს", - აცხადებს ბიწაძე.