მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან-ბატონის ასული და კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროსი ვაჟის დავითის მეუღლე იყო. 1606 წელს, შაჰ აბას I-მა კახეთის მეფედ ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ I დაამტკიცა, მაგრამ რადგან თეიმურაზი ძალიან ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა. 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით განჯაში მძევლად გაგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა ქეთევან დედოფალი.
შაჰ აბასმა ტყვეობაში მყოფ დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო. იმის გამო, რომ მან რჯულის შეცვლაზე უარი განაცხადა, დედოფალი წამებით მოკლეს. შაჰ აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. იგი ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს, თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძვრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდა სულმა ნაგვემი სხეული დატოვა, მაგრამ ღმერთმა სასწაული მოავლინა, წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს, მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.
წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმინდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს მისი წმინდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასევე გაგზავნილ იქნა ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.