ხვალ, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, სალიტანიო ანჩისხატი საქართველოს დალოცავს.
ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალიტანიო ანჩისხატს თვითმფრინავით მცხეთა-თბილისის თავზე ლოცვით შემოატარებენ და აფხაზეთის საზღვარზე წააბრძანებენ.
„წმინდა მიწიდან (იერუსალიმიდან) ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი 27 სექტემბერს (ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოს დალოცავს თვითმფრინავიდან - დილით 09:30 საათისთვის ნატახტარის აეროდრომიდან სალიტანიო ანჩისხატს მცხეთა-თბილისის თავზე, გარეშემო სპეციალური რეისით შემოატარებენ და საქართველოს სიგრძივ გადაფრენის შემდგომ მესტიის აეროპორტში ჩააბრძანებენ.
მესტიის აეროპორტიდან ავტოტრანსპორტით ხატს აფხაზეთის საზღვარზე ჯერ კოდორის ხეობაში მიაბრძანებენ და შემდგომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ენგურის ხიდზე ხატს დახვდებიან ადგილობრივი სასულიერო პირები და მრევლი, სადაც ერთობით აღავლენენ პარაკლისს საქართველოს გამთლიანებისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისათვის", - აცხადებენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფიდან.
მათი ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმინდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით „სიწმიდეები გვიხმობენ".
„წლევანდელი მოლოცვა განსაკუთრებულია იმითაც, რომ სულ ახლახან წმინდა მიწაზე - იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის, ღვთისმშობლის მიძინების, ლოდის წმიდა გიორგის ადგილების მოლოცვის შემდეგ სალიტანიო ანჩისხატი მორწმუნეებმა ისტორიული ანჩის (ტაო-კლარჯეთის) გავლით თბილისში ჩამოაბრძანეს. ამ ანჩისხატობას სალიტანიო ანჩისხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტრადიციულად მოილოცა და ჯგუფის ხელმძღვანელი და მომლოცველები დალოცა", - განმარტავენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფში.