საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ხელისუფლებას ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების სათანადოდ დასჯას თხოვს. "ჩვენ პრაიმერი ჩავატარეთ 5 რეგიონში და არსად პრობლემა არ შეგვქმნია. ზუგდიდი იყო "ამოვარდნილი". ჩანდა, რომ ის იყო ორგანიზებული. ჩვენ გადავეცით შესაბამის პირებს კონკრეტული სია - სახელებით და გვარებით და გვინდა, რომ რეაგირება იყოს. თუ ადეკვატური რეაგირება არ მოხდება, ეს ყველაფერი კიდევ განმეორდება. ველოდებით რეაგირებას. არ ვსაუბრობთ მხოლოდ 100-ლარიან ჯარიმაზე", - განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე და იქვე განმარტა, რომ მათ საარჩევნო პროცესის ნორმალურად ჩატარება სურთ. გარდა ამისა, მაჭავარიანმა "მცოცავი ოკუპაციის" საფრთხეზეც ისაუბრა და ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფის შექმნა შესთავაზა. "ჩვენ შევთანხმდით, რომ მიუხედავად იმისა, "ოკუპაციის შესახებ" კანონში ცვლილებების მიღება მოხდებოდა თუ არა, ჯგუფს შევქმნიდით და ვიმუშავებდით ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა ეს ისევ შემოგთავაზოთ. მით უფრო, რომ რუსეთი აგრძელებს ამ ხაზს. თუ პარლამენტი ოკუპაციასთან დაკავშირებით ერთიანი არ ვიქნებით, გარწმუნებთ, არანაირი რუსეთთან რბილი საუბარი, არანაირი "ოკუპაციის შესახებ" კანონის შერბილება, არ უშველის იმას, რასაც ჰქვია ოკუპაცია", - აღნიშნა მაჭავარიანმა.