reportiori.ge - შესაძლოა, გორში სტალინის ძეგლი კვლავ აღიმართოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:54
რეგიონები
შესაძლოა, გორში სტალინის ძეგლი კვლავ აღიმართოს
ავტორი:
26 სექტემბერი, 2015. 22:30


გორში 2010 წელს აღებული სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი შესაძლოა ისევ აღიმართოს. აღნიშნულზე 2 ოქტომბერს, გორის მერის მიმართვით, ქალაქის იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. პროექტი უკვე მზადაა. ადგილიც შერჩეულია. ძეგლი სტალინის სახლმუზეუმთან ახლოს მდებარე სკვერში 1,35-მეტრიან კვარცხლბეკზე უნდა დაიდგას.


„ამ თემას უამრავი სპეკულაცია მოჰყვა და ის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბინძურად ხორციელდება. საუბარია იმაზე, რომ ეს ძეგლი მუზეუმთან უნდა იდგეს და საკმაოდ ბევრი ტურისტული ჯგუფი მიიზიდოს. რასაკვირველია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ, ქედს იხრიან სტალინის პიროვნების წინაშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა გააჩნია, რომელიც სტალინიზმის იდეასთან იყოს რაიმეთი დაკავშირებული.

 

დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის საჭირო ამ თემაზე აჟიოტაჟი და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული", - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი.


აქვე ვოლსკი აცხადებს, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამონათქვამიც ახსენდება. (მარგველაშვილმა 2013 წელს პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს განაცხადა, რომ ის სტალინის ძეგლის დანგრევის მომხრე არ არის და საუკუნის შემდეგ სტალინი აღქმული იქნება როგორც ერთ-ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მოიგო.)


„ერთნი სპეკულირებენ იმით, რომ სტალინის კულტის მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური დამოკიდებულება არსებობს; მეორენი სპეკულირებენ იმით, რომ ის ერთადერთი დიდი, მსოფლიო მასშტაბის ქართველი იყო; მესამენი ამტკიცებენ, რომ სტალინის ძეგლის მუზეუმთან დადგმა ტურისტების მეტ ყურადღებას მიიქცევს და კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანია. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის გამონათქვამიც მახსენდება. ასევე მაგონდება ბარელიეფი, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში ერთ სახლზეა და წერია, რომ აქ ცხოვრობდა სტალინი და ის ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს. ისტორიული პიროვნებების მიმართ არსებობს დამოკიდებულება, რომელსაც სახელმწიფო პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვადასხვა აზრი უნდა გაერთიანდეს ერთ რაციონალურ გადაწყვეტილებაში. ჩემი ოჯახიც არის სტალინის კულტის პერიოდში დაზარალებული, 23 წელი ბაბუაჩემი დაუმსახურებლად იყო გადასახლებული. ასე უამრავი იჯახია დაზარალებული და ამას საკამათოს არავინ ხდის", - დასძენს ვოლსკი.


რა იგეგმება გორში - სტალინის ძეგლის ხელახლა აღმართვა თუ მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატის დადგმა - სწორედ ამაზეა კამათი და დაპირისპირება გორის საკრებულოში. 9-წევრიანი საკრებულოდან გორის მერის ინიციატივას მხარი მხოლოდ ორმა - "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" - დეპუტატმა არ დაუჭირა. სხვები მიიჩნევენ, რომ ერთი - სტალინის ძეგლის დადგმა საზოგადოების მოთხოვნაა, მეორეც - მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულებითაც, რადგან ვიზიტორების დიდი ნაწილი სწორედ სტალინის სახლმუზეუმს სტუმრობს და იქ ძეგლის აღმართვა მათ კიდევ უფრო მიიზიდავს. ამ არგუმენტის საპასუხოდ ძეგლის აღმართვის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნაა განისაზღვროს სტალინის ძეგლის სტატუსი - მას დაერქვას სამუზეუმო ექსპონატი და არა ძეგლი და ის დაიდგას არა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სკვერში, არამედ მუზეუმის ტერიტორიაზე, როგორც საბჭოთა ეპოქის სიმბოლო.


"თავისუფალი დემოკრატების" წევრ თამარ თედლიაშვილის თქმით, საკრებულოში მოთხოვნა მერის, ზურაბ ჯირკველაშვილის სახელით შევიდა და განცხადებაში გარკვევით წერია, რომ საკრებულომ არა სამუზეუმო ექსპონატზე, არამედ სტალინის ძეგლის დადგმაზე უნდა იმსჯელოს, ეს კი მიუღებელია, რადგან ქარტიის მიხედვით საბჭოთა სიმბოლიკების აღმართვა აკრძალულია.


"ორი წელია დღისით (ძეგლის) კვარცხლბეკის მშენებლობა ნელ-ნელა ხდებოდა და მათ პასუხი არავინ მოსთხოვა," - აცხადებს თედლიაშვილი.


საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკელი" დავით რაზმაძე, რომელიც ძეგლის დადგმის მომხრეა, ამბობს, რომ ძეგლის მონტაჟისთვის ქალაქის ბიუჯეტში თანხა "ნაციონალების" დროს იყო გამოყოფილი.


"მომხრე ვარ, რომ ძეგლი კულტურის სამინისტროს გადაეცეს და როგორც სამუზეუმო ექსპონატი, ისე განთავსდეს მუზეუმის ტერიტორიაზე. სააკაშვილის დროს სტალინისტები იმალებოდნენ, ახლა ვეშაპები არიან და დიდი მოთხოვნები აქვთ. ეტყობა, მერიასაც ცოტა ეშინია. ეს საკითხი საბოლოოდ კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და ყველა თავიდან იცილებს. სხვათა შორის, 21 დეკემბერს, როდესაც მე საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი, ბიუჯეტში უკვე მითებული იყო და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უკვე ჩაწერილი იყო ის, რომ 25 ათასი ლარი გამოიყოს სტალინის ძეგლის მონტაჟისათვისო.

 

ახლა კი ჟურნალისტებთან მჯიღს იცემენ, კულუარებში კი ხალხს ეუბნებიან, ჩვენ ფულიც კი ჩავდეთ მის დადგმაზეო და ტერიტორიაც ანალოგიურ ადგილზე იყო გამოყოფილი, სადაც დღესაა საუბარი," - აცხადებს რაზმაძე.


"ნაციონალური მოძრაობის" წევრის მინდია გოდერძიშვილის თქმით, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი არ ყოფილა, ამიტომ არ იცის, იმდროინდელ ბიუჯეტში "ნაციონალებს" ჰქონდათ თუ არა სტალინის ძეგლის დადგმა გადაწყვეტილი. მისი თქმით, ვიღაცები სტალინის ძეგლის დადგმით იწერენ საარჩევნოდ ქულებს, მისთვის კი ეს თემა მეათეხარისხოვანია.


"მოუკვდეს პატრონი ძეგლსაც და ძეგლომანიასაც, როდესაც ხალხს დიდი სოციალური პრობლემები აქვს," - აცხადებს გოდერძიშვილი.


გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძის განცხადებით, სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი იმიტომ არ არის მეათეხარისხოვანი, რომ საზოგადოების ძალიან დიდი მოთხოვნაა და ისინი ვალდებულები არიან, განიხილონ - 20 ათასამდე ხელმოწერაა შემოსული და საკრებულო ვალდებულია, საკითხი განიხილოს. ხოლო რა გადაწყდება, ეს 2 ოქტომბერს გაირკვევა. კობერიძის თქმით, პეტიცია შესულია ძეგლის დადგმაზე და ამიტომაც მერის განცხადებაში ძეგლია მითითებული და არა სამუზეუმო ექსპონატი.


"საზოგადოების ძალიან დიდი მოთხოვნაა. დაახლოებით, 20 ათასამდე ხელმოწერაა შემოსული, პარალელურად ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიგზავა წერილი, რადგან ბრძანებაა, რომ სახვითი ხელოვნების მონუმენტის, მათ შორის ძეგლების დადგმაზე გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს.

 

ჩვენი მთავარი მიზანი ის არ არის, რომ ვიღაცას ძეგლი დავუდგათ. აქ პრორუსული განწყობა არ არის და ეს არასწორად გაგებული ნუ იქნება. საუბარია ტურიზმის განვითარებაზე. ყველაზე მეტი შემოსავალი სტალინის სახლმუზეუმს შემოაქვს, ყველა ითხოვს მუზეუმის დათვალიერებას. ამ პიროვნების მიმართ როგორი აზრიც უნდა არსებობდეს, ისტორიაა და ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესია. ჩვენ საკითხი იურისტებთანაც განვიხილეთ და ქარტიასთან წინააღმდეგობაში არ მოდის," - აცხადებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე.




წყარო:   „რეზონანსი"


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016