მწერალი ნოდარ დუბაძე თითოეული ქართველისთვის ახლობელი და საყვარელი შემოქმედია. 14 ივლისს მას 87 წელი შეუსრულდებოდა.
მისი ნაწარმოებები სავსეა სიყვარულით, ჰუმანიზმით და იუმორით, თუმცა ამ იუმორშიც უდიდესი სევდაა ჩადებული. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები მკითხველმა ზეპირად იცის, სხვადასხვა ფრაზები კი ლამის ანდაზებად და აფორიზმებად არის ქცეული.
„არტინფო" მწერლის უნიკალურ გამონათქვამებს გთავაზობთ.
***
კაცი რომ დედაზე შეიგინება, ის ჩასუნთქვის ღირსიც კი არ არის.
გავუფრთხილდეთ სიტყვებს. სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს. სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.
ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს - უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება.
ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს... უკვე რამდენი ხანია,დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით...
პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში.
არაფერი არასდროს ისე სამარცხვინოდ და თავისმომჭრელად არ ითვლებოდა საქართველოში, როგორც უპატიოსნება და ქურდობა. მარტო ის რად ღირს, რომ ქურდს მეგრულად მახინჯი ჰქვია და ეს მახინჯი საქართველოში ერთიც რომ იყოს, მაინც უნდა გადაშენდეს, რამეთუ ქართული ანდაზა ღაღადებს: „ას მშენებელს ერთი მნგრეველი აუთავდებაო".
არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით.
სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.
ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.
ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.
კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს.
ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება.
რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს... თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა... ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულნი წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ. რა კარგი იქნებდა ცა რომ სარკე იყოს...
ერი და ერისკაცი ერთმანეთს ჰგვანან, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.
ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკუთრხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.
სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.
ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.
ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.
ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია, მაგრამ შენ არ შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მითუმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, ის ქვა ბაბუაშენია. ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო.
ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ... ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით...
საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.
ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს - მინდა ისეთი პატარა ერის შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქოდეს, ხოლო სხვას - ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!
დაბადება - თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.
უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.
ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილი შესაკეთებელი, სხვადასხვა ფირმისა, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს. ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით - გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა - ამას არაფერი ეშველებაო - და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე.
საოცარია ხელოვნება - მხოლოდ მას შეუძლია მოითმინოს და შეიფაროს სულით ავადმყოფთა მრავალმილიონიანი არმია, კაცობრიობის თითქმის მესამედი. განა სხვა რომელიმე პროფესიას აქვს ამის უნარი, არა, იგი ნორმიდან ერთი სანტიმეტრით, ერთი გრადუსით გადახრილ ადამიანს კი ვერ ითმენს. ხელოვნება და პოლიტიკა კი მთელი 180 გრადუსით გადახრილ ადამიანებს ხშირად გენიოსის შარავანდედით ამკობს და თაყვანს სცემს. აი, რა არის ხელოვნება - გარდა ჭეშმარიტი ტალანტებისა, სულით ავადმყოფთა თავშესაფარიც არის. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი სულიერი ცხოვრების სამყაროს მიეკუთვნება და არა მატერიალურს.
უკან ჩამორჩენილი მწერალი წინ მიმავალ ხალხს ვერაფერს სულიერ საზრდოს ვერ მიაწვდის. არაფერს ზებუნებრივსა და არარსებულს მწერლობა არ ქმნის. მწერლობა ხალხის წიაღში ეძებს განძს დღენიადაგ, პოულობს მას და შემდეგ ხალხსავე ეუბნება მხატვრულ ფორმაში მისსავე სიბრძნეს და სიკეთეს. ხალხის სულიერი აღზრდა, სულის სისპეტაკე და სიწმინდე ბევრად არის დამოკიდებელი მწერლობაზე. ჩვენ, მწერლებს, არანაკლები ზრუნვა მოგვიწევს საკუთარი სულის სიწმინდისა და სისპეტაკის სრულყოფისათვის. ამ ბოლო დროს ერთობ მომრავლდა, ეგრეთ წოდებული, დოკუმენტური პროზა და სიმართლეს ამოფარებული ლიტერატურული წუნი. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ყველა სიმართლე და მართალი ამბავი ლიტერატურა როდია. სიმართლემ და ამბავმა, ვიდრე იგი ლიტერატურად იქცეოდეს, ისეთივე დიდი და მძიმე გზა უნდა გაიაროს, როგორიც იყო გზა გოლგოთისაკენ... მწერლობა სიმინდის ყანა არაა, შიგ რომ შეხვიდე, გლახა მოვჭრათ და მხოლოდ კარგი დავტოვოთ. იმ მიწაზე, რომელზეც ცუდი ბალახი არ ამოდის, კარგიც არ იხარებს. მწერლობა უფრო მსხმოიარე ხესა ჰგავს, რომელზედაც მებაღე მკვახე ნაყოფს დამწიფებას არ აცლის, მწიფეს ჰკრეფს, დამპალი კი ცვივა და ნეშომპალად იქცევა.
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მიწაში ვერ აღწევს, ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო - ცაში წავიდე.
წყარო „არტინფო"