ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც, უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვების პროცესი შეჩერდა, მიწებისათვის სტატუსის შეცვლას მასიური სახე მიეცა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში, ასეთი 61 განაცხადი დაიწერა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ბევრად უფრო ძვირია, ანუ თანახმანი არიან გადაიხადონ მეტი, მაგრამ მოძებნეს აი ასეთი ხვრელი, რომ ამ გზით მოხდეს მიწების პრივატიზება", - აღნიშნავს დეპუტატი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზურაბ ტყემალაძე ინიციატივით გამოდის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებისთვის გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორუმის ვადის ფარგლებში მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი შეჩერდება.