იოანე-პავლე მეორეს სახელობის პრემია შემოქმედებისთვის, ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის პოეტ დავით მაღრაძეს 2 წლის წინ იტალიაში გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიაზე კალაბრიის ციხესიმაგრეში შეფასებები, რეცენზიები და ზოგადად, საღამოსადმი მიძღვნილი მასალები იტალიური მხარის ინიციატივით ერთ წიგნში გაერთიანდა. „დათო მაღრაძის პოეზია, როგორც ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" - ასე ჰქვია იტალიურ გამოცემას, როემლიც ქართველი პოეტის შემოქმედების შესახებ რეცენზიებსა და ლიტერატურის კრიტიკოსების მოსაზრებებს აერთიანებს.
„პირველად რომ უცხოეთში წიგნი გამოიცა, დიდი იმედით ველოდი და დიდი ემოციები მქონდა რომ მივიდოდა ჩემი ტკივილი უცხო სამყაროში მკითხველამდე. მერე ისე წარიმართა ყოველივე, რომ დღეს უკვე გამოსცეს წიგნი იმ ყველაფერზე, რისი ეჭვებიც მქონდა. ეს ჩემთვის დიდი პატივია", - განაცხადა პოეტმა.
თანამშრომლობის ისტორია 10 წლის წინ გენუაში პოეზიის ფესტივალზე დაიწყო, როცა დავით მაღრაძის შემოქმედებით მოხიბლულმა მეგობარმა ნინო გელაძემ ლექსების თარგმნა შესთავაზა. მას შემდეგ იტალიის სხვადასხვა რეგიონში ქართველი ავტორის 4 წიგნი გამოიცა.
იტალიური წიგნი დავით მაღრაძის შემოქმედებაში ერთადერთი სიახლე არ არის. სექტემბერში პოეტის ნაწარმოებები ქართულ ლიტერატურულ გაზეთში, იტალიურ გამოცემაში „პოეტები და პოეზია", რუსულ ლიტერატურულ ჟურნალში და ებრაულ ლიტერატურულ ბლოგზე გამოქვეყნდა.
„როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსვალდ შპენგლერი წერდა, რომ ევროპის დაისი იწყება, ეს შემთხვევითი არ იყო. სინამდვილე ისეთი შეიქმნა, რომ ევროპას ადამიანური ურთიერთობები მოენატრა. იქ ყველაფრისგან დაცლილი ყოფა გახდა მოსაბეზრებელი", - განაცხადა პოეტმა.
დავით მაღრაძის უცხოენოვანი კრებულების ჩამონათვალს მალე კიდევ ერთი გამოცემა შეემატება. „ნაფეხურები წყალზე" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ლონდონში 2016 წლის გაზაფხულზე უკვე დაგეგმილია.