30-მდე საფეხბურთო კლუბმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა UEFA-ში გაგზავნილ წერილზე პასუხი მიიღეს. როგორც წერილშია ნათქვამი, არჩევნებამდე 2 დღით ადრე საქართველოში UEFA-ს ორი დამკვირვებელი ჩამოვა. დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებაზე ყველა მხარისგან ინფორმაციას მოისმენენ.
„UEFA-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების (რომელიც დაგეგმილია 2015 წლის 3 ოქტომბერს) წინასაარჩევნო პროცესი წარიმართოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არსებული წესდების დაცვით.
2. რამდენადაც UEFA-ს ძალაუფლება, ჩაერიოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში, არის შეზღუდული - როგორც წესი - უეფა ვარაუდობს, რომ ორგანიზაციის წევრი ასოციაციები მსგავსი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პატივს სცემენ რელევანტურ საკანონმდებლო ჩარჩოს (მათ შორის, შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას).
3. წინასაარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის არარსებობის თაობაზე გამოთქმული პრობლემატიკის გათვალისწინებით (რომელიც აღწერილია ორ თანდართულ წერილში), UEFA-ს ადმინისტრაციიდან ორი წარმომადგენელი ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე ეწვევიან საქართველოს, რათა:
თანდართულ ორ წერილში მოყვანილი სხვადასხვა საკითხები განიხილონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მათ შორის კანდიდატებთან);
შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს სამართლიანად და დამოუკიდებლად და რომ ყველა კანდიდატს მიეცეს პრეზიდენტად არჩევისთვის თანაბარი შესაძლებლობები;
თავიდან იქნას აცილებული საარჩევნო პროცესში UEFA-ს გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის", - ნათქვამია UEFA-ს წერილში.