„ფუძეობა 2015"-ის საზეიმო ღონისძიებები ამბროლაურში 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დაიწყება და 21:00 საათზე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.
„ფუძეობა" პირველად 1988 წელს აღინიშნა და 27 წლის შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ტრადიცია კვლავ აღდგა. ღონისძიების ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა აქტივობა: სპორტული თამაშები, თეატრალური დადგმები, ქუჩის მხატვრობა, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ღია ცის ქვეშ ამბროლაურის ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართება, სადაც გადაადგილება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის იქნება დაშვებული. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით რაჭაში გიგანტური ლობიანი გამოცხვება.
ღონისძიებები გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობას ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი და „ქართული ხმები" მიიღებენ.
ქართველ სტუმრებთან ერთად „ფუძეობა 2015"-ს დანიისა და სლოვაკეთის დელეგაციები დაესწრებიან.