reportiori.ge - ანზორ ბალუაშვილი: პროკურატურის რეფომირება კარზეა მომდგარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:37
ინტერვიუ
ანზორ ბალუაშვილი: პროკურატურის რეფომირება კარზეა მომდგარი
30 სექტემბერი, 2015. 16:34


- რატომ გახდა მაინცდამაინც დღეს აქტუალური პროკურატურის რეფორმირების საკითხი? ამ შეკითხვით ვიწყებთ საუბარს ცნობილ სამართალმცოდნესთან, იუსიციის სახელმწიფო მრჩეველთან, გენერალ ანზორ ბალუაშვილთან.

 

- ჯერ ის ვთქვათ, რომ ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა. საბჭოთა კავშირში ერთიანი სამართალდაცვითი სისტემა მოქმედებდა, რომელიც მკვეთრად ცენტრალიზებული იყო. საქართველოს პროკურატურა კი ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი გახლდათ და მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურატურას ემორჩილებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში განვითარებულმა მოვლენებმა (პოზიტიურმაც და ნეგატიურმაც) ამ სისტემის პრაქტიკული დაშლა და დეზორგანიზაცია გამოიწვია.


ამის წანამძღვრები იყო ზღვარსგადასული კორუფცია, რომელიც სამართალდაცვით სტრუქტურებს უკურნებელი სენის მეტასტაზებად მოედო; მსოფლმხედველობის რადიკალური შეცვლა, ზნეობრივი ღირებულებების დევალვაცია, ეკონომიკური კრიზისი, სოციალური პირობების ძალიან დაბალი დონე, სიდუხჭირე და, რაც ყველაზე უფრო ტრაგიკული იყო, ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის დაკარგვა.


ამ სიტუაციაში მოექცა სამართალგამოყენებითი ორგანოები და მათ შორის პროკურატურაც.


აუცილებელი გახდა რეფორმების განხორციელება.


თქვენს მკითხველებს უთუოდ ახსოვთ, რომ ხალხის მიერ ერთსულოვნად არჩეული ეროვნული ხელისუფლება პრაქტიკულად დაუპირისპირდა თავის თანამებრძოლებს (მიზეზებზე აქ ნუ ვილაპარაკებთ, დავაფიქსიროთ როგორც ფაქტი), რასაც კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივად დამხობა მოჰყვა. ქვეყანა ჩათრეული იქნა სამოქალაქო ომში.


ესეც არ გვეკმარა და აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და თვით ეროვნული არსებობა.


ასეთ ვითარებაში რეფორმების განხორციელებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.


ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ნეგატიური მოვლენების მოძალების პირობებში სახელმწიფოს მაშინდელმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ შეძლო საფუძველი ჩაეყარა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის და, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გააკეთა ამ ქაოსიდან ქვეყნის თუნდაც დროებით გამოსაყვანად.


1995 წლის არჩევნების ჩატარების და კონსტიტუციის მიღების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა პროკურატურის აუცილებელი რეფორმირების საკითხი, რომლის დამუშავება დაევალა სამართლის სფეროში ყველაზე უფრო კომპეტენტურ სპეციალისტებს.


- მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს.


- დიახ. ისეთებს, როგორებიც იყვნენ გია მეფარიშვილი, ქალბატონი მზია ლეკვეიშვილი, თედო ნინიძე, სხვები და სხვები. ამ საქმეში ჩართული იყვნენ პრაქტიკოსი იურისტები.


მაგრამ ამ მრავალფეროვან შემადგენლობაში, სამწუხაროდ, თავი იჩინა პირველობისადმი სწრაფვამ, დაჩემებამ, რომ მავანის წარდგენილი „რეფორმატორული წინადადებები" სხვებისაზე უკეთესი იყო.


მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიღებული იქნა ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ, რაც გარკვეულწილად წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.


1998 წლიდან მოყოლებული ასპარეზზე გამოდიან ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები, რომლებიც არად დაგიდევდნენ არც ეროვნულ, არც კულტურულ, არც ეკონომიკურ, არც ისტორიულ მემკვიდრეობასა და ფასეულობებს და მოითხოვდნენ ისეთი ნოვაციების შემოტანას, რომელთა განხორციელება მათი მზაკვრული გეგმის შემადგენელი იყო.


ამან, პირდაპირ გეტყვით, დაქსაქსა და ერთმანეთს დაუპირისპირა სამართალგამოყენებით საქმიანობაში მომუშავე ძირითადი კადრები, ისეთი დისონანსი შეიტანა, რომ სისტემაში მომუშავე ადამიანებმა სიძულვილით დაუწყეს ერთმანეთს ცქერა. აქედან დაიწყო „შავი ვარდების" პერიოდი, რომელსაც შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლება განახორციელებდა და რომელიც თაობათა შორის ბიოლოგიურ ზიზღსა და ყველაფრის დაშვების ექსკლუზიურ უფლებაში გამოიხატა.


- და რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვით ამართლებდნენ.

 

- არადა, არავითარი კავშირი არ ჰქონდა ადამიანის უფლებათა დაცვასთან.


ამან გამოიწვია კარდინალური, გაუმართლებელი და, ვფიქრობ, მავნებლური ცვლილებების შეტანა არსებულ კანონმდებლობაში. შექმნა ისეთი ვითარება, როცა ჩვენი მოქალაქე ყოველგვარ უფლებას მოკლებული აღმოჩნდა. არად დაგიდევდნენ არც მის ბუნებრივ თავისუფლებას, არც მის საკუთრებას, არც მის წარსულსა და დამსახურებას ქვეყნის წინაშე. შემოიღეს და დაამკვიდრეს ავადსახსენებელი „ჩარეცხილობის" ყველაფრის უარმყოფელი პრინციპი. ხოლო პროკურატურა ნაცვლად იმისა, რომ გაეხადათ კანონიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი, აქციეს მონსტრად, ისეთ დაწესებულებად, რომელსაც თვით სასამართლო ორგანოებიც კი დაექვემდებარა.


სასამართლო გახდა იმ აკვიატებული და ავადმყოფური მოთხოვნილების აღმსრულებელი, რომლის მიხედვით საჭირო არ იყო კრიმინალური თუ სხვა სახის სამართალდარღვევის ფაქტების ყოველმხრივი, ობიექტური გამოკვლევა. მთავარი იყო ერთი პირის და მასთან დაახლოებული გარემოცვის ნება, რომ სახელმწიფოს თითქოსდა დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად სავსებით კმაროდა  ადამიანების დასჯა.


ასეთი პრაქტიკა დაინერგა და ასობით ათასი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაისაჯა.


საყოველთაოდ შემოღებული იქნა უაღრესად ნეგატიური პრინციპი სასჯელთა შეკრებითობის, რომლის მიხედვით მცირე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება 30 წლით ჩამჯდარიყო ციხეში.


- იმ პერიოდში ხალხში გავრცელდა ასეთი ფრთიანი ფრაზა: სასამართლო პროკურატურის ნოტარიული კანტორაა.


- საბედნიეროდ ამ საშინელებას 2012 წლის ოქტომბერში ბოლო მოეღო. ბუნებრივია, დაიწყო მუშაობა პროკურატურის რეფორმირებაზე, შეიქმნა სახელმწიფო კომისია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ხელშეწყობით და მეცნიერ-პრაქტიკოსთა მონაწილეობით. ხანგრძლივი და დაკვირვებული მუშაობით მომზადდა დოკუმენტი, რომელიც მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.


აქ მოცემულია მთელი სპექტრი - მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის, პროკურატურის კვალიფიციური კადრებით შევსების, საგამოძიებო და საზედამხედველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების და ა.შ.


- პარლამენტმა მიიღო კანონი. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ხელს შეუწყობს იმ ხარვეზების (არცთუ იშვიათად - სერიოზული ნაკლოვანებების) აღმოფხვრას, რომლებიც იმთავითვე თან დაჰყვა პროკურატურის საქმიანობას. ხოლო გამჟღავნდა თუნდაც თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადის დარღვევაში, რასაც საზოგადოების რეზონანსული რეაქცია მოჰყვა.


- ვიმედოვნებ, რომ საკანონმდებლო ნოვაციები აღმოფხვრის იმ ნეგატივს, რომელიც თქვენს მიერ ხსენებულ და სხვა არაერთ საქმეს თან ახლავს. ჩვენს ინტერვიუში თქვენ დარწმუნდით, რომ ძალიან ლოიალური ვარ პროკურატურის მიმართ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, უკვე მოუთმენელია ხარვეზებზე, არაკომპეტენტურობაზე საუბარი, თუ ძირეულად, ინსტიტუციურად, კარდინალურად არ გარდაიქმნა თვით სისტემური საქმიანობა. მხედველობაში მაქვს პროკურატურის მიერ არსებული კანონის მოთხოვნების შესრულებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში ამ სისტემაში ზეობდა და, სამწუხაროდ, გრძელდება. პროკურატურამ ჯეროვანი ყურადღება არ მიაქცია სასამართლოში შინაარსით რთული სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს მოქმედი საპროცესო კანონის, კერძოდ 185 მუხლის მოთხოვნის ელემენტარულ დაცვას (საქმის განხილვის უწყვეტობის შესახებ), კანონის ამ იმპერატიული მოთხოვნის იგნორირებამ კი კატასტროფამდე მიიყვანა მართლმსაჯულება. ამიტომაც აღმოვჩნდით ამ სავალალო მდგომარეობაში. ყოველივე ამან და სხვა გარემოებებმა, რომლებზეც ჯერ არ ვსაუბრობ, ვითარება ისე დაძაბა, რომ ხალხში თავზარდაცემამდე დაამცირა სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ამ უმნიშვნელოვანესი ბერკეტის რეიტინგი და მისდამი პატივისცემა.


- მაშასადამე, ამ კერძო ფაქტმაც დაადასტურა, რომ რეფორმა აუცილებელი იყო?


- ისეთივე აუცილებელი, როგორიც თავის დროზე ამნისტია. პირადად მე მის განხორციელებას მხარს ვუჭერდი, როგორც ახალი ეტაპის დასაწყისს ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ იმ ფონზე, როცა საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ჯერ კიდევ მტკიცედ არ იყო დამკვიდრებული, როცა დაბალი იყო ადამიანების შეგნება და ხალხში სამართლებრივი ნიჰილიზმი მძლავრობდა, რომლის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში მის მიმართ დესპოტური დამოკიდებულება იყო, ამნისტია, შეიძლება ნაადრევიც ჩანდა, ნეგატიური მოვლენების შემცველი, უპირველეს ყოვლისა კი, კრიმინოგენული ვითარების გამწვავების კუთხით. მაგრამ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, უდავოდ მაღალი მრწამსის მქონე და განათლებულმა ადამიანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ ნეგატივიზმის სიმწვავის გასანეიტრალებლად. რა თქმა უნდა, აქ არ უნდა დავივიწყოთ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და მის მიერ პრინციპული კურსის განხორციელება.


დღეს ჩვენ რეალურად ვიმყოფებით დემოკრატიული, ევროპული სტილის პროკურატურის ჩამოყალიბების წინა პერიოდში. მე მგონი, ამ საფუძველზე დაყრდნობით საქმეც უკეთესად წარიმართება.

 

- საერთო პრინციპები გასაგებია. შეიძლება კონკრეტულ მაგალითზე აგვიხსნათ? მაგალითად, გარიგების პრაქტიკა, რომელიც ლამის საყოველთაოდ იყო გამოყენებული, დარჩება?


- გარიგების პრაქტიკაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში სამეცნიერო წრეებში და პრაქტიკოსებს შორის ხშირად ვმსჯელობდით ამერიკელი იურისტების პოზიციაზე, რომელიც, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, ასე იყო ჩამოყალიბებული: სამართლებრივ სისტემაში არაფერი არ შექმნილა იმაზე საშინელი, რომელსაც საპროცესო გარიგება ჰქვია. იგი არის სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო წესით დაშვებული რეკეტისა და კორუფციის უბრწყინვალესი გამოვლინება. სახელმწიფომ მოიცილა წვრილ-წვრილი კორუფციონერები და თვით იქცა კორუმპირებულ მონსტრადო.


ამ ბელგიურ სისტემას (ბელგიაში განხორციელდა პირველად) სათანადო დასაბუთებაც აქვს, და გამოიყენება მაშინ, როცა დანაშაულის ჩადენით პიროვნებას და სახელმწიფოს განსაკუთრებული ზიანი, ვნება არ მიყენებია. სამართალში მიცემულს შეუძლია დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდით, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებით გამოისყიდოს თავისი დანაშაული, რაც სასამართლოს მისცემს უფლებას, გამოიჩინოს მისდამი (სამართალში მიცემულისადმი) ლმობიერება.


ეს მხოლოდ გარკვეული კატეგორიების ისეთ დანაშაულს ეხება, რომელიც დაკავშირებული იყო პიროვნების მიმართ განხორციელებული მსუბუქი ძალადობის, ასევე, სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი არცთუ მნიშვნელოვანი დანაშაულის შემთხვევებში, და არა მკვლელს, ნარკოტიკების გამსაღებელს, პედოფილს და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენს.


საქართველოში, ყველას ახსოვს, რომ გარიგების გამოყენების დროს, ასეთი გრადაცია უგულებელყოფილი იყო, ხოლო ამ გზით მიღებული თანხა სად მიდიოდა, ვის მიერ და რისთვის იყო გამოყენებული, დღემდე დაუდგენელია. პროკურატურას, როგორც ჩანს, სამწუხაოდ, არ ჰყოფნის არც ცოდნა, არც გამოცდილება აღნიშნული სახის დანაშაულის დეტალურად გამოკვლევისთვის.


იგი, ალბათ, გადატვირთულია და ყველაფერ ამისადმი ხელი არ მიუწვდება.


- დარჩება ეს ნორმა რეფორმირების შედეგად?


- სადავოა. შესაძლებელია დარჩეს გარკვეული ცვლილებებისა და დაზუსტების შემთხვევაში, ისე, რომ მართლაც წაადგეს ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დაცვის რეალურ მოთხოვნებს.

 

- კიდევ რას დააკონკრეტებდით?


- მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს დავუმატებდი, რომელიც ნიშნავს ბრალმდებლისა და ბრალდებულის დაცვის მხარეების აბსოლუტურად ერთნაირ პირობებში ჩაყენების უზრუნველყოფას. დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ დაკავების პირველივე წუთებიდან ეჭვმიტანილის დაკითხვის უფლება მიეცეს მხოლოდ სასამართლოს. გამოძიება წარიმართება სასამართლოს ზედამხედველობით, მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულისა და მისი ადვოკატის (ადვოკატების) მონაწილეობით და ორივე მხარის უფლების უზრუნველყოფით მოიპოვონ მტკიცებულებები, ან გამოითხოვონ ისინი.


მოკლედ რომ ვთქვა, დაკავებული და თვითმხილველები მიჰყავთ სასამართლოში და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება გამოძიება.


ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.


- ხომ არ დაკვირვებიხართ, რომ გართულებულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები დღევანდელი ხელისუფლების უუნარობით ხსნიან და უტევენ ყველა დაშვებული თუ აკრძალული ხერხითა და საშუალებით?


- ზღვარსგადასული უზნეობისა და ყველაფრის კადრების დემონსტრაციაა მათი „ოპოზიციონერობა".


ჩემი აზრით, მსოფლიოში დღეს არსებული ურთულესი ვითარება იმის შედეგია, რომ აშშ-მ და ევროპამ ვერ გაითვალისწინა ვნების ის შედეგები, რომლებიც მოჰყვებოდა მათ მიერ გამოგონებულ და ამოქმედებულ ე.წ. ხავერდოვან, გნებავთ, ფერად რევოლუციებს. განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთიდან დომინოს პრინციპით ამოქმედებულ სახელმწიფო გადატრიალებებს, როცა ბოთლიდან ელვის უსწრაფესად ამოვარდა ჯინი - მართვადი ქაოსი და ასიათასობით ადამიანი შეეწირა „დემოკრატიის" ძალადობრივი დანერგვის მცდელობას აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ევროპას ლტოლვილთა ისეთი ცუნამი მიაწყდა, რომ ლამისაა წალეკოს იქ არსებული მშვიდობა და კეთილდღეობა. ისლამური სახელმწიფოს კაციჭამიები კი მთელ მსოფლიოს ატერორებენ.


შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სულ ახლახან ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსკოვს ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა სირიის კრიზისის პრობლემაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების საკითხებზე მოსალაპარაკებლად.


ყველა ეს პრობლემა თავისებურად აისახება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა უნდა შეიკრას მოსალოდნელ საფრთხეებთან საბრძოლველად, დესტრუქციული ძალები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სახით  გააქტიურდნენ ერის გასახლეჩ მოქმედებაში.


გულის ამრევია, როცა უსმენ მათ გააფთრებულ შეტევას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, საქართველოს დღევანდელ მთავრობაზე.


პირდაპირ გეტყვით, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კარგი სალმის მეტი არავითარი ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ რახან სიტყვამ მოიტანა, გეტყვით იმას, რაც ვიცი და მანაც იცის. ფართო საზოგადოებამ კი - არა.


1980-იან წლებში, როცა იური ანდროპოვმა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განახორციელა ეკზეკუცია ე.წ. საქმოსნების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ედებოდა სახელმწიფო ქონების დატაცება, საქართველოში ამ „სადამსჯელო ექსპედიციას" ასობით ადამიანის დაპატიმრება მოჰყვა.


მაშინ თბილისის კამოს სახელობის მექანიკურ ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ მუშაობდა სრულიად ახალგაზრდა კაცი _ ბიძინა ივანიშვილი. მუშის თანამდებობიდან დაიწყო და ქარხანაში საქმიანობის მეცხრე წელს უკვე სერიოზულ და საპასუხისმგებლო უბანს ხელმძღვანელობდა.


დარიეს მაშინ ხელი ამ ქარხნის წამყვან სპეციალისტებს და ციხეში უკრეს თავი. ბრალად წაუყენეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გატაცება, რაც სასჯელის უმაღლეს ზომას _ დახვრეტას ითვალისწინებდა. მოვლენებს გავუსწროთ და ვთქვათ, რომ ანდროპოვის სიკვდილმა გადაარჩინა ეს ბრალდებულები ამ სასჯელს.


ანზორ ბალუაშვილი იმ დროს გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა და მოუწია გარკვეულ საქმეებზე ზედამხედველობის განხორციელება. იგი პირადად გახდა მოწმე, როგორ დარეკა სახელმწიფო უშიშროების საკავშირო კომიტეტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, გენერალ-ლეიტენანტმა მოსკოვიდან და იკითხა: ნუთუ მაგ ქარხანაში არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც მაქინაციებში არ იყოო გარეული?

 

უპასუხეს, რომ არის ერთი ასეთი, სრულიად ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თოთო ბავშვის ცრემლივით წმინდა იყო.

 

ბიძინა ივანიშვილზე უთხრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ზარდალიშვილმა, რომელსაც ეს ინფორმაცია კომიტეტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსისგან კალე ხვიტიასგან ჰქონდა მიღებული.


- დიახ, ასე იყო. უფრო მეტიც, ამ ქარხნის თანამშრომლები გაოგნებულები იყვნენ იმით, რომ ეკონომიკურად შეჭირვებული ახალგაზრდა როგორ უძლებდა ყოველგვარ ცდუნებას, თუნდაც ამიტომ ვცემ პატივს ამ პიროვნებას, - განაგრძობს ბატონი ანზორი, - რომელმაც უმწიკვლოდ განვლო თავისი შრომითი გზა. საქართველოში ქონება არ უშოვია, მილიარდზე მეტი კი დაახარჯა. დაუფასეს? რას არ აკადრებენ! ძნელია მონომახის ქუდის ტარება! იობის მოთმინებით იტანს კარგად დაფინანსებული და გაწვრთნილი პროვოკატორების გესლის ნთხევას.

ამასთან დაკავშირებით ერთი ფაქტი მახსენდება. საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის პირველ მოადგილედ ნამუშევარი ახალგაზრდა კაცი დიმიტრი ჩიკვაიძე საქართველოში „საქნახშირის" მმართველად გადმოიყვანეს. ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო. ერთხელ მოწმე გავხდი, როგორ დაიჩივლა:


- რა ვქნა, რა მოვუხერხო ამ ხალხს, სულ უკმაყოფლო რომ არისო?!


მეშახტეების ერთ ჯგუფზე ამბობდა, ამ პროფესიის ადამიანები მთელ კავშირში ყოველმხრივ ფასდადებულები იყვნენ.


ერთმა ღირსეულმა ადამიანმა, რომელიც „მუდმივად მზარდი მოთხოვნილების" ფენომენის ბუნებაში კარგად იყო გარკვეული, ასე უპასუხა:


- ჩემო დიმიტრი, ბედნიერი ხარ, რომ ასეთები ცოტა გყავს, შენი ახალი „ვოლგა" რომ გაყიდო და იმ ფულით დიდი ნადიმი მოუწყო მათ, სუფრას ჩიტის რძეც რომ არ აკლდეს, მაგრამ თითო კაცზე ნახევარი შემწვარი „ტაბაკა" მოდიოდეს, მაინც და მაინც ამ წვრილმანს გამოეკიდებიან და მეორე დღესვე ხელმძღვანელ ორგანოებში გააგზავნიან „ანონიმკას": მთლიანი „ტაბაკა" გვეკუთვნოდა და ამ უზნეო პიროვნებამ ნახევარი დაგვაკლოო.


ჭირთათმენის პერიოდი უდგას ბიძინა ივანიშვილს.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ იგი ახალგაზრდობაშიც, როცა თბილისში საქმიანობდა, და მაშინაც, როცა მოსკოვში გადავიდა და მილიარდერი გახდა, მოქმედებდა დადგენილი სამართლებრივი და მორალური ნორმების სრული დაცვით.


მაღალი ზნეობის ადამიანია.


ესაუბრა არმაზ სანებლიძე


P.S.

ასე იყო მაშინ, მაგრამ ახლა რომელი „ნახევარტაბაკა" დააკლო ხალხს ბიძინა ივანიშვილმა?

 

სოციალიზმის ეკონომიკურ პროგრამაში ჩაწერილი ხალხის მუდმივად მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ამოცანა, დღევანდელ ვითარებაში, როგორც ჩანს, „ნაცების" - „მთავარი ოპოზიციური ძალის" - სამოქმედო პროგრამაში მუდმივად მზარდი დაუკმაყოფილებლობის განწყობილების ხალხში გასავრცელებელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამოცანად ტრანსფორმირდა.

ა.ს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016