"საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში დღეს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს სამინისტროს საქმიანობის მიმდინარეობა და მოქმედი პროექტები გააცნო. მინისტრის თქმით, უპირველესი მიღწევა სამინისტროს საქმიანობის პერიოდში არის ის, რომ ნდობა დევნილებსა და სამინისტროს შორის აღდგენილია. დავით დარახველიძის განცხადებით, განვლილი პერიოდის განმავლობაში სამინისტროს მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით 552 ოჯახია დაკმაყოფილებული. 876 ოჯახს კი განვლილ პერიოდში საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საცხოვრებელი ფართი გადეცა, რომელიც მათ მიერ იყო დაკავებული. მინისტრის თქმით, დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პრობლემის მოგვარებისთვის, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც, ახალი მშენებლობები იწყება, რისთვისაც სამინისტროს უკვე 183 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გამოეყო. ახალი სასწავლო წლიდან დევნილებს საშუალება მიეცემათ ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს უნივერსიტეტში, ფასიან ფაკულტეტებზე 200 ლარიანი ფასდაკლებით ისწავლონ. მინისტრმა ასევე დევნილთა დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ სექტემბრიდან ევროკავშირის დაფინანსებით, დევნილთა შემოსავლისთვის ზრუნვა დაიწყება.