reportiori.ge - „რუსთავი 2“-მა ანგარიში გახსნა და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:10
მედია
„რუსთავი 2“-მა ანგარიში გახსნა და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 15:30


ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „საქართველოს" წილების დაყადაღების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა:


 

„გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, ხელისუფლებამ „რუსთავი 2" დახურა. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ვიყენებდით ალტერნატივის შემთხვევაში. ტელევიზია არის კონსიგნაციული ბიზნესი. ის როცა ყიდის თავის სარეკლამო დროს, რამდენიმე თვის შემდეგ მას აქვს შემოსავალი. ამ რამდენიმეთვიანი პაუზის ამოსავსებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო მომსახურება. ბუნებრივია, ყველა ვითარებაში ჩვენ ვიყენებდით ბანკს. მოგეხსენებათ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყველა გზა ჩაგვკეტვოდა და ამოგვაგდეს ჯანსაღი კონკურენციიდან. დღეს შეგვეზღუდა ერთადერთი, ალტერნატიული გზა, გვქონდეს დაფინანსება მაშინ, როცა რთული პერიოდები გვიდგას. ეს ერთადერთი გზა არის ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ მოვიზიდეთ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ვაპირებთ კონტრაქტის გამოქვეყნებას, მოვიზიდეთ ადამიანისგან, რომელიც, დიახ, არის დავით კეზერაშვილის ნათესავი. მაგრამ, ჩვენ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ სხვა ინვესტორი. მოვიზიდეთ ის ინვესტორი, რომელიც წამოვიდა ჩვენს წინადადებებზე. ეს არ არის წილი „რუსთავი 2"-ში. „რუსთავი 2"-ის წილების გასხვისება არ შეიძლება, ამაზე ადვოკატები ისაუბრებენ. შეიძლებოდა მხოლოდ „რუსთავი2"-ის მფლობელი კომპანიის შპს „საქართველოს" წილების გასხვისება და ეს მოხდა კანონის სრული მოთხოვების დაცვით. ამის შემდეგ „რუსთავი 2" მიიღებდა 6-მილიონიან ინვესტიციას, რომელიც არ იქნებოდა არც მისი ვალი და არც მისი პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაში მოიგებდა სასამართლო პროცესს, იგი წაიღებდა „რუსთავი 2"-ს, ოღონდ კიდევ უფრო მეტი - 6 მილიონი დოლარით გაზრდილი აქტივით. არავითარი კანონიერი თუ უკანონო მფლობელის საკითხი არ დადგებოდა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ბოლო გზაც გადაკეტილიყო ჩვენთვის", - განაცხადა გვარამიამ.


ამასთან, გვარამიამ განაცხადა რომ „რუსთავი 2"-მა გახსნა ანგარიში და მოუწოდა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ.


„მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება. ის ღუპავს ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას, დემოკრატიას. ხელისუფლებამ „რუსთავი 2" დახურა. ის, როგორ მოვიქცევით ჩვენ, ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება მხოლოდ ჩვენი დახმარება. და, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება.

 

მოსახლეობას, პირველად ამ სამი წლის განმავლობაში, მივმართავ დახმარებისთვის. „რუსთავი 2" ამ ბრძოლაში მარტო ვერ გაიმარჯვებს. ეს არის ბრძოლა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისთვის და დემოკრატიისთვის. მინდა, პირველად ვთხოვო საზოგადოებას, ერთი ლარიც კი ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანია. გახსნილია ანგარიში და დაეხმარეთ „რუსთავი 2"-ს - თავისუფალი აზრის შენარჩუნებას!" - განაცხადა გვარამიამ.



ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „საქართველოს" წილებიც დააყადაღა.



ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს" წილების გასხვისება. კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია „საქართველოში" მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლისძმის დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.


სალიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.



„გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი ეს იყო ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა, ხოლო მეორე და უმთავრესი მიზანი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო. სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა „რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა ტელეკომპანია „საქართველოს" წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებულ იქნა „რუსთავი 2"-ისთვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმემილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე", - განაცხადა პაატა სალიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016