საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებთან და სუბიექტებთან დაკავშირებით, ბალანსი უნდა იყოს დაცული.
„თქვენ იცით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა უეფა-ს დარღვევებთან დაკავშირებით, უეფა-მ, რასაკვირველია, ფედერაციას კონკრეტული ფაქტები მოსთხოვა. მე ერთ რამეს ვიტყვი, ზოგადად ბალანსი უნდა იყოს დაცული. არ მიმაჩნია არც ის სწორად, რომ 50 ხმიდან 40 სახელმწიფო გუნდს ჰქონდეს, მაგრამ არ შეიძლება იყოს მეორე მხარესაც, როდესაც 35 სუბიექტიდან 22 ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაშია. ეს არ არის ბალანსი, ეს არის პრობლემა, რომლის გამოსწორების საშუალებაც თავის დროზე რეზი არველაძეს ჰქონდა. სახელმწიფო ჩარევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩემი მეგობარი კახი კალაძე ვიცე-პრემიერია, კი, არის ჩემი მეგობარი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხარია, რომ არის ჩემი მეგობარი და ყოველთვის ვიამაყებ. სხვა არ ვიცი, რა ჩარევაზე საუბრობთ", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ვერც რეზი არველაძე და ვერც მამუკა კვარაცხელია ვერ იტყვიან, რომ ვინმეს დაეძალებინოს, სადმე არ წასულიყვნენ, ვინმეს არ შეხვედროდნენ და ვინმემ აიძულა, რომ მონაწილეობა არ მიეღოთ არჩევნებში.
„გავიხსენებ, მართლა როგორ ხდებოდა ჩარევები, არჩევნებამდე როგორ ხსნიდნენ კანდიდატურას კანდიდატები და არჩევნების შემდეგაც როგორც იწყვეტდნენ უფლებამოსილებას პრეზიდენტები. მგონი, ვერც რეზი არველაძე, ვერც მამუკა კვარაცხელია და ვერც ლევან კობიაშვილი ვერ იტყვის, რომ ვინმეს დაეძალებინოს, სადმე არ წასულიყო, ვინმეს არ შეხვედროდა და ვინმემ აიძულა, რომ მონაწილეობა არ მიეღო არჩევნებში", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ლევან კობიაშვილი, რეზი არველაძე და მამუკა კვარაცხელია იბრძოლებენ.