გვარდიის საგანგებო ბატალიონის მეთაურის სიმონ ხუხუნაიშვილის თვითმკვლელობის სულის შემძვრელი ისტორია
[ჟურნალ „ისტორიანის" 2014 წლის თებერვლის ნომრის გარეკანზე სახალხო გვარდიის პოლკოვნიკის, სიმონ ხუხუნაიშვილის ფოტო გამოქვეყნდა. ეს ფოტო ნათესავებმა იცნეს და რედაქციას დაუკავშირდნენ. რედაქცია შეეცადა ტრაგიკული ამბის დეტალების გარკვევას, რის შესახებაც გთავაზობთ სტატიას. ამ ისტორიას სიმონ ხუხუნაიშვილის ნათესავები მკითხველთან ერთად შეიტყობენ]
(დაიბეჭდა „ისტორიანის" 2014 წლის მაისის ნომერში, #5/41)
1919 წლის 6 სექტემბერს დღის 2 საათზე, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში, სადაც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად, გვარდიის მთავარი შტაბიც იყო განთავსებული, ამ შტაბის სხდომაზე რევოლვერის გასროლის ხმა გაისმა. როგორც მომდევნო დღეების პრესაში დაიწერა, შტაბში თავი მოიკლა გვარდიის საგანგებო ბატალიონის მეთაურმა, სომხეთ-საქართველოს ომის გმირმა სიმონ ხუხუნაიშვილმა. რა მოხდა ისეთი ამ სხდომაზე, რამაც სიმონა, როგორც მას სიყვარულით ეძახდნენ, ამ ზომამდე მიიყვანა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში საისტორიო არქივსა და იმდროინდელ პრესაში მოპოვებული ინფორმაცია და თავად ვალიკო ჯუღელის დღიურის ჩანაწერები დაგვეხმარება.
ეს ამბავი პირველად ქვეყნდება და სიმონ ხუხუნაიშვილის ნათესავებიც ჟურნალის ამ ნომრიდან შეიტყობენ მომხდარი ტრაგედიის დეტალებს.
სანამ ახალგაზრდა და პოპულარული სამხედრო მეთაურის ტრაგიკულ აღსასრულზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვა მის საბრძოლო გზაზეც ვთქვათ. სიმონ ხუხუნაიშვილი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაება ომში და აღმოსავლეთის ფრონტზე ებრძოდა გერმანიისა და ავსტრიის საარმიო ნაწილებს. რევოლუციის შემდეგ სიმონი საქართველოში დაბრუნდა და გურიაში მოხალისეთა რაზმის ოფიცერი გახდა. მისმა რაზმმა თავი გამოიჩინა თბილისში რევოლუციური ანარქიისას წესრიგის დამყარებაში. შემდეგ, რაზმთან ერთად, სიმონი პირველ ჯავშნოსან მატარებელში საკუთარ რაზმთან ერთად ჩაირიცხა. მონაწილეობდა ჩოლოქის ბრძოლაში 1918 წლის 7 აპრილს, როცა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართველებმა ოსმალურ სამხედრო შენაერთებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და მოწინააღმდეგეს შემდგომი წინსვლის შესაძლებლობა მოუსპეს. მონაწილეობდა შავი ზღვის სანაპიროზე 1918 წლის ზაფხულში სოხუმი-ტუაფსეს ოპერაციაში და აქ მიღწეული დამსახურებებისთვის განსაკუთრებული (საგანგებო) ბატალიონის მეთაურად დანიშნეს.
ბატალიონის მეთაურის რანგში სიმონმა საბრძოლო ნათლობა 1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს მიიღო. სწორედ მის მიერ განხორციელებულმა ღამის მარშმა იხსნა ეკატერინენფელდში (დღევანდელი ბოლნისი) უხეიროდ განლაგებული გვარდიის ნაწილები მარცხისგან და ქართველებმა 19 დეკემბერს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. სიმონის ბატალიონი სანდარიდან (დღევანდელი მარნეული) წამოწყებული ღამის მარშით ეკატერინენფელდში დილის 5 საათზე ჩავიდა, მტერმა კი ქართულ ნაწილებზე იერიში 6 საათზე მიიტანა. ვალიკო ჯუღელის თქმით, სიმონის ბატალიონს რომ რამდენიმე საათით დაეგვიანებინა, სრულ კატასტროფას განიცდიდნენ. ხუხუნაიშვილი გმირობის მაგალითს თავად აძლევდა საკუთარ მებრძოლებს: "სიმონა იდგა მებრძოლთა პირველ რიგში და თავისი მაგალითით ყველას ამხნევებდა. მისი წვრილი, მაგრამ მკაფიო და მტკიცე ხმა სერავდა ყინვიან ჰაერს და შორს გადადიოდა". ეკატერინენფელდში გამარჯვების შემდეგ, ხუხუნაიშვილი გმირულად იბრძოდა ბოლნის-ხაჩინისა (ახლანდელი სოფელი ბოლნისი, ქალაქ ბოლნისიდან 9 კილომეტრში) და სოფელ დაღეთ-ხაჩინისთვის მიმდინარე ბრძოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ყურში დაიჭრა, ბრძოლის ველი არ მიუტოვებია.
სიმონმა თავი გამოიჩინა 1919 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის ფრონტზე დენიკინის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში. 17 აპრილის დილას დაწყებული შეტევის დროს ის საკუთარი ბატალიონით უტევდა მარჯვენა ფლანგიდან და მნიშვნელოვანი მაღლობი დაიკავა. თუმცა შეტევის დაწყებამდე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ღამით ადიდებული მდინარე ბზიფის გადალახვა, რასაც მთელი ღამე დასჭირდა.
რა მოხდა ამის შემდეგ? რამ მიიყვანა პოპულარული და წარმატებული სამხედრო მეთაური თვითმკვლელობამდე? 1919 წლის ზაფხულში გვარდიის შტაბს საველე შტაბიდან მოუვიდა შეტყობინება სიმონ ხუხუნაიშვილის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების შესახებ. ვალიკო ჯუღელმა მოითხოვა საქმის გულდასმით გამოძიება, რათა ტყუილად არავის მოეცხო ჩირქი საუკეთესო გვარდიელის სახელისთვის. საგამოძიებო კომისია საქმიანობას განაგრძობდა, როცა ვალიკო ჯუღელი და სიმონ ხუხუნაიშვილი თბილისში, სასახლის ეზოში შეხვდნენ ერთმანეთს. სიმონმა თავი იმართლა, მაგრამ გამოტყდა, რომ ორი ყალბი ანგარიში დაწერა, მაგრამ ამ ანგარიშების მეშვეობით აღებული ფული გვარდიელებს გადასცა დამატებითი სამსახურისთვის და საკუთარ ჯიბეში კაპიკიც არ ჩაუდევს. გვარდიის მეთაურმა მას უსაყვედურა. ამასობაში კომისიამ დაადგინა, რომ მთელი „ბოროტმოქმედება" გამოიხატებოდა 5-6 ათას მანეთში (შედარებისთვის: 1919 წლის ზაფხულში ბატალიონის მეთაურის თვიური ხელფასი შეადგენდა 2500 მანეთს). თუმცა ძიება ბოლომდე არ იყო დასრულებული და გვარდიის მთავარი შტაბი იმედოვნებდა, რომ საქმეს ჯეროვნად გამოიძიებდნენ, სიმონს დაუსჯელად არ დატოვებდნენ, მაგრამ არც ბოლომდე გასწირავდნენ. მთავარ შტაბს იმედები გაუცრუვდა, როდესაც საველე შტაბმა სიმონის ორი წერილი გამოუგზავნა, სადაც იგი მეგობრებს ყალბი ანგარიშების მოპარვასა და მისი ჩვენების მსგავსი ჩვენების მიცემას სთხოვდა. ამიტომაც საველე შტაბმა სიმონის დაპატიმრება მოითხოვა.
გვარდიის მთავარმა შტაბმა სიმონი გამოიძახა და ისიც 6 სექტემბრის, დილით გამოცხადდა შტაბში, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლის შენობაში. სწორედ იქ, იმ დღეს მოიკლა მან თავი. მისი თვითმკვლელობის გარემოებები დეტალურად აღწერა ვალიკო ჯუღელმა გაზეთ „ერთობის" 1919 წლის 11 სექტემბრის ნომერში და კიდევ უფრო დეტალურად თავის დღიურში. ჯუღელის ჩანაწერები „მძიმე ჯვარის" სახელწოდებით 1920 წელს გამოიცა.
შტაბის სხდომაზე სიმონს პირდაპირ წაუკითხეს მის მიერ დაწერილი ორი წერილი და გამოუცხადეს, რომ მთავარმა შტაბმა მისი დატუსაღება გადაწყვიტა. სიმონი გაშრა და ითხოვა, არ დაეპატიმრებინათ. ჯუღელი გაბრაზდა და უპასუხა, რომ: „როგორ თუ ნუ დაგატუსაღებ? შენ თვითონ უნდა ითხოვდე დატუსაღებას და საქმის სასტიკ გამოძიებას!" მთელი ამ საუბრის დროს სიმონს მარჯვენა ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი. ყველა ხვდებოდა, რომ მას ჯიბეში იარაღი ედო. გვარდიის შტაბში სიჩუმე ჩამოწვა. ხმას ვერავინ იღებდა, ძალიან უჭირდათ მათთვის ძალიან ახლობელი და გამორჩეული გვარდიის მეთაურის ამ მდგომარეობაში ხილვა. ვალიკო ჯუღელმა გვარდიელები გვერდით ოთახში გაიწვია სათათბიროდ, რუბენ აუშტროვმა უთხრა, სიმონის გვერდით დავჯდები და იარაღის ამოღებისა და თვითმკვლელობის საშუალებას არ მივცემო. სანამ ჯუღელი და აუშტროვი ლაპარაკობდნენ, სიმონს აუღია კალამი ხელში და დაუწერია: „ძვირფასო დედა და მამა..." ამ დროს მას სტაცეს ხელი ვასო გოგიშვილმა და კოლია ორაგველიძემ და იარაღი ჯიბიდან ამოაცალეს. იარაღაყრილი სიმონი ითხოვდა, ბორკილასხმული არსად წამიყვანოთ, არ შემარცხვინოთ, ან მომკალით, ან კიდევ იარაღი დამიბრუნეთ და თავის მოკვლის საშუალება მომეცითო. შტაბის წევრები მკვდრებივით გახევდნენ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ვალიკო ჯუღელმა ისინი სასახლის ბაღში კიდევ ერთხელ გაიწვია სათათბიროდ. ჯუღელმა მათ განუცხადა: „მე მივცემ მას იარაღს და ვეტყვი: - შენ ყოველთვის გმირი იყავი და გმირად უნდა მოკვდე! მიდი, შენ თვითონ გადაწყვიტე შენი ბედი". მას ყველა დაეთანხმა და ჩათვალეს, რომ სიკვდილი სიმონისთვის ერთადერთი საშველი იქნებოდა. შტაბის წევრები შებრუნდნენ სიმონთან, ვალიკო ჯუღელმა სიმონთან ერთი-ერთზე დარჩენა ითხოვა. ხუხუნაიშვილმა ისევ ითხოვა იარაღის მიცემა, ჯუღელი დათანხმდა და უთხრა: „შენ ყოველთვის გმირი იყავი, შენ ყოველთვის იყავი ძალიან ძვირფასი ჩვენთვის, პირადად ჩემთვის კი ძმაზე ძვირფასიც კი (ვალიკო ჯუღელის ძმა ილიკო და სიმონ ხუხუნაიშვილი უახლოესი მეგობრები იყვნენ და პირველ მსოფლიო ომში ერთ შენაერთში იბრძოდნენ) და შენ უნდა დარჩე გმირად ბოლომდე. ჩვენ გაგიყვანთ მუხარინსკის ოთახში და იქ შეძლებ, გადაწყვიტო საკუთარი ბედი". სიმონმა ფანქარი და ოთახამდე გაცილება ითხოვა. ოთახში შესვლამდე ვალიკომ და სიმონმა ხელი ჩამოართვეს და გადაკოცნეს ერთმანეთი. ვალიკო ჯუღელი წერდა, რომ იგი, რომელსაც არ უტირია ძვირფასი სანდროს ცხედართან (იგულისხმება ეკატერინენფელდის ბრძოლაში დაღუპული, გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი სანდრო მაისურაძე), ბავშვივით ატირდა. ოთახში შესვლიდან სამიოდ წუთში გაისმა სროლის ხმა და გვარდიის საგანგებო ბატალიონის მეთაურმა, სომხეთ-საქართველოს ომის გმირმა თავი მოიკლა. ოთახში შესულ შტაბის წევრებს სიმონის მიერ დატოვებული ორი წერილი დახვდათ, ერთი მშობლებისადმი, ხოლო მეორე ვალიკო ჯუღელის ძმისადმი: „ილიკო!, ხელიც წამიხდა... უბედურობა მეწვია. ტყულათ დავიკარგე, ძმობა რომ შეგფიცე, მაინც არ გავტეხე და ეს არის, ვიღუპები... ვიღუპები, მაგრამ მართლათ, თქვენ კი გაიმარჯვეთ... ხა, ხა, ხა!.. ბიჭო, სარდიონს მოუარე. უკანასკნელი სალამი ყველას. სიმონა".
8 სექტემბერს სიმონის ცხედარი თბილისიდან მშობლიურ სოფელ აკეთში გადაასვენეს, მის ნეშტს მიაცილებდნენ თბილისის ყველა რაიონის გვარდიელები. 11 სექტემბერს სიმონი მიწას მიაბარეს. მის დაკრძალვას ბევრი ადამიანი დაესწრო. იქ იყვნენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის გვარდიელები, უკრავდა სამხედრო სასულე ორკესტრი. გვარდიის მეთაურმა ვალიკო ჯუღელმა კი სიმონის შესახებ დაწერილი ნეკროლოგი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „გმირი გმირულად მოკვდა! სიმონ ხუხუნაიშვილის სიკვდილი კი მუდამ ჩვენი ზნეობის გვირგვინი იქნება".
ჟურნალი ”ისტორიანი”, 2014 წლის მაისი, #5/41
ავტორი: დიმიტრი სილაქაძე