სააგენტო „როიტერის" ცნობით, თურქეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციასა და სამოქალაქო პირებზე და „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე გაამახვილოს ყურადღება.
„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნაზე და განსაკუთრებით, რუსეთის საჰაერო ძალების თავდასხმების გამო, რომელიც ჰამაზე, ჰომსსა და იდლიბზე განხორციელდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგი მოჰყვა. მათ „ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეები არ გაუნადგურებიათ", - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ, რომ რუსული ავიაციის ქმედებების გამო სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას „საინფორმაციო ომის ნაწილს" უწოდებენ.