* * *
მე მაქვს ოცნება, რომ შენი მზერა
დარჩეს ჩემს გულში ნათელ ვარსკვლავად
და ეს ვარსკვლავი არასდროს ჩაქრეს
და მუდამ იყოს ცაზე კაშკაშად.
ნუთუ, ეს ფიქრი არ ამიხდება
და ეს ცხოვრება გაივლის ზღაპრად,
მე მაინც ვიტყვი - წამო, შეჩერდი,
მშვენიერი ხარ, არ გაქრე არსად...
ეს ახალბედა პოეტ შონ აბრამის პირველი ლექსია, რომელიც 17 წლის ასაკში დაწერა. ეს სიტყვები მან საკუთარ სიყვარულს მიუძღვნა და აქედან დაიწყო მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა პოეზიაში. შონ აბრამი მისი ფსევდონიმია... პოეტის ნამდვილი სახელი და გვარია თორნიკე რობაქიძე. გარდა ლექსებისა, ჩანახატებსაც წერს, ბავშვობიდან ხატავს კიდეც. ახლა 20 წლისაა. ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა, თავადაც არ იცის, რატომ... ეს სფერო არ აინტერესებს. როცა მაგისტრატურაზე ჩააბარებს, ფერწერის შესწავლა სურს. ამჟამად ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელში კონსულტანტად მუშაობს. თავისუფალ დროს საკუთარ სამყაროში იკეტება, სადაც წერს და ხატავს.
- ლექსების წერა ემოციურ ფონზე დავიწყე, როდესაც ერთ გოგონაზე სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული. ამას სიყვარულის ემოციურ ფონს დავარქმევდი... იმის მერე წერას დღემდე ვაგრძელებ... თავისუფალ დროს ვცდილობ, ჩემი შინაგანი მდგომარეობა გადმოვცე... ლექსად, ჩანახატად...
* * *
ჩემი არ არის ეს სამყარო,
ამიტომაც ვიკეტები საკუთარ თავში.
რათა შევქმნა სამყარო,
რომელიც იქნება ჩვენი.
* * *
ფრთამოტეხილი ჩიტივით
ვცხოვრობ
და თბილ ქვეყნებში
ვერ მივფრინავ, აქვე ვიზამთრებ.
- მრავალი ხელოვანი ადამიანი ფსევდონიმით მოღვაწეობდა... თქვენც ასე არჩიეთ.... შონ აბრამი - რა იმალება ამ ფსევდონიმის მიღმა?
- ყველაფერს იმ გოგონას ვუკავშირებდი, ვისთანაც ასეთი ღრმა გრძნობები მაკავშირებდა, რომელმაც წერისკენ მიბიძგა, ფსევდონიმიც მას დავუკავშირე. მისი სახელისა და გვარის ინიციალები გავაერთიანე და ეს ფსევდონიმი მივიღე.
- იმ გოგონამ ამის შესახებ იცის?
- დიახ, რა თქმა უნდა, იცის.
- მის მიმართ გრძნობები ახლაც გაქვთ?
- ახლა მხოლოდ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. თუმცა, წერას ბოლომდე მივყვები და სულ ასე იქნება... უბრალოდ, როგორც თილისმა, მინდა, რომ არასდროს დავკარგო.
* * *
როცა ცუდად ხარ,
მე იმაზე ახლოს ვარ შენთან,
ვიდრე შენი მელანქოლია.
მხოლოდ იმიტომ აღარ გიყვირი სიყვარულს,
რომ არ „შევწუხდეთ".
- პოეზია თქვენი შემოქმედების ერთი ნაწილია, მეორე ნაწილი კი - ხატვა...
- ბავშვობაში პიონერთა სასახლეში დავდიოდი. იმის მერე სწავლა ამ მხრივ აღარ გამიგრძელებია. მაგრამ თავს არასდროს ვანებებ, დღემდე ვხატავ, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია... ხატვის დროს სხვა ადამიანად გარდავიქმნები ხოლმე. თუ მკითხავთ, ამ ორ შემოქმედებას საერთო რა აქვს, გეტყვით, რომ სიყვარული, საკუთარი გაუცნობიერებელი სამყარო... ალბათ, ყველა ადამიანი ასეა, მუდამ საკუთარი თავის შესწავლაშია... სამყაროს მიმართ პროტესტიც არის ორივეგან... მარტოობაც... შინაგან მდგომარეობას ფერებით გადმოვცემ. ნახატებს სახელებს არ ვარქმევ და არასდროს დავარქმევ, რადგან მნახველმა ისე უნდა აღიქვას და მიიჩნიოს, რა ასოციაციასაც გამოიწვევს მასში, სახელიც თავად უნდა შეურჩიოს. ზოგჯერ თავადაც არ ვიცი, რას ვხატავ... ერთ წელიწადში ვგეგმავ ნახატების გამოფენას.
- რომელი ფერი ასახავს თქვენთვის სევდას?
- მუქი ლურჯი, რომელიც იდუმალებასა და ჩაკეტილობასთან ასოცირდება.
- ზოგადად, თქვენს შემოქმედებას სევდა წითელ ხაზად გასდევს...
- ყველაფერი ხასიათიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. პიროვნების გაორებასავით მაქვს თითქოს... საზოგადოებაში სხვა ადამიანი ვარ... საკუთარ თავთან მარტო როცა ვრჩები, სხვა პიროვნება ვხდები. იქ უკვე ჩემს სამყაროში შევდივარ, სადაც წერას ან ხატვას ვიწყებ... ნებისმიერი ცხოვრებისეული მომენტი მიქმნიდა საბაბს, რომ მეწერა. თუნდაც, ცხოვრების რომელიმე ტრაგიკული სიუჟეტი, რაც მერე ჩემს შემოქმედებაში გადამიტანია...
ოთხი თვის წინ მამა გარდამეცვალა და ამანაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შემატა სევდა ჩემს შემოქმედებას. პოეზია ოდნავ დამეხმარა ამ ტკივილის გადატანაში, თუმცა არც წერა და არც ხატვა ამ ტკივილის გადასატანად საკმარისი არ არის... საერთოდ ასეა, ცოცხალი ადამიანების მიმართ თითქოს იმდენად დიდ ყურადღებას არ ვავლენთ, თუნდაც სათანადო სიყვარულს, იმავე მშობლის მიმართ. როდესაც საყვარელ ადამიანებს ვკარგვათ, მაშინ ვნანობთ. ვხვდებით, ეს ყველაფერი გვიანაა. მამა განსაკუთრებულად მიყვარდა, ის ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და ახლაც ასეა... ვფიქრობ, ამას ყოველთვის გრძნობდა...
მამა.
მე ყველაფერი გავაკეთე
შენს დასახატად
ყველაზე დრამატული ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში, მამაჩემის გასვენებაა...
- რომელიმე მწერალმა ან პოეტმა თუ მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე ზეგავლენა?
- ჯერ წერა დავიწყე და შემდეგ გავეცანი დიდი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას. ქართველ მწერლებს, რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცნობდი, შემდეგ ვერლიბრული ჟანრის მიმდევრებს გავეცანი და წერა ამ სტილით განვაგრძე, სადაც უფრო ვხედავდი ჩემს თავს. მაგალითად, როგორც რატი ამაღლობელი, ზვიად რატიანია. მათ რაღაც მხრივ ჩემზე გავლენა იქონიეს. პროტესტის გრძნობა საზოგადების გარკვეული ნაწილის მიმართ, საზოგადოების ნაწილისგან გამოყოფა და თავისუფლებისკენ სწრაფვა...
გამორჩეული ჟანრის მიმდევრები მიყვარს. ადრე ძალიან გატაცებული ვიყავი სტივენ კინგით, თითქმის ყველაფერი გადავიკითხე. ბუკოვსკის „ბინძური" ლიტერატურით, ბეგბედერის ოდნავ ეგოიზმით, ცინიზმით... რემარკით და მრავალია კიდევ ასეთი... ყველაფერი, რასაც ვკითხულობ, ქვეცნობიერში ილექება და უნებურად ვხვდები, რომ გარკვეული ზეგავლენა მოუხდენიათ ცხოვრებისეულ შეხედულებებზე, თუნდაც შემოქმედებაზე.
- რატომ გინდათ საზოგადოების ნაწილისგან გამოყოფა?
- ამპარტავნობის, ქედმაღლობის, სიამაყის გრძნობისგან გათავისუფლება და მათი დატოვება მინდა... მე კი არ ვამბობ იმას, რომ ეს გრძნობები ჩემში არ არსებობს, მაგრამ მათგან გაქცევის სურვილი მაქვს... და უბრალოებისკენ წასვლა... ჩემი და ადამიანების...
* * *
ეს სამყარო სავსეა იაფფასიანი ურთიერთობებით.
ეს ურთიერთობებია
ყველა საზოგადოებრივი შეკრების ადგილას.
უბრალოდ, როდესაც ორზე მეტი ადამიანი საუბრობს,
შეუძლებელია, ეს საუბარიც იაფასიანი არ გამოვიდეს.
ამიტომ ,თუ ის ერთიც არ ჩანს ხოლმე, ვისთანაც საუბარი მსურს,
მაშინ ვლაპარაკობ საკუთარ თავთან.
- წიგნის კრებული გამოცემული გაქვთ?
- სწორედ ახლა ვაპირებ... დაახლოებით, ოქტომბრის ან ნოემბრის დასაწყისში. სრულიად უფასოდ, გამომცემლობა „ბუქსითი" მიბეჭდავს. წიგნის სახელწოდებაა „4". ეს ციფრი ჩემი ცხოვრების კონკრეტულ ეპიზოდებს დაემთხვა. ციფრი 4-დან იწყება ლექსების კრებულის ისტორია, ის გრძნობებიც, ემოციებიც იმ დღიდან მომდინარეობს.
ამ წიგნში ჩანახატის მსგავსი რამდენიმე პროზაული ნაწარმოებიც იქნება.
- საზოგადოების დიდი ნაწილი შონ აბრამს არ იცნობს....
- არ იცნობს, გარდა „ფეისბუქისა". ალბათ, ეს კრებულიც დამეხმარება იმაში, რომ ხალხი ჩემს შემოქმედებას გაეცნოს. ჩემმა მეგობრებმა შონ აბრამის არსებობის შესახებ არ იციან, ორი ადამიანის გარდა. არც ჩემმა ოჯახმა იცის, რომ ვწერ...
საბოლოო ჯამში შონ აბრამის ვინაობა მაინც გასაჯაროვდება.
- სად შეიძლება მოვუსმინოთ უშუალოდ შონ აბრამს და გავეცნოთ მის პოეზიას?
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში გვქონდა პოეზიის საღამო. პოეზიის საღამოები სამ-ოთხ თვეში ერთხელ გვაქვს ხოლმე და ალბათ, ასეც ვცდილობთ ჩვენი შემოქმედების გაცნობას სხვებისთვის.
ადრე შავი ზღვის უნივერსიტეტში, და აკადემიის სარდაფში გვქონდა პოეზიის საღამო.
- თქვენს ერთ-ერთ ლექსში შევხვდებით ასეთ ფრაზას - „რადგან ლექსები მხოლოდ სიტყვათა გროვა არ არის"... სწორედ აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, თქვენთვის, როგორც ხელოვანი ადამიანისთვის, რა არის ლექსი და ზოგადად პოეზია?
- პირველ რიგში, საკუთარი თავისგან გათავისუფლება იმისგან, რაც გაწუხებს. რომელიმე დრამატული მომენტის მასში გადატანა და გახსნა... თითქოს კარგი არ არის, რომ ამას სხვას აჩვენებ, მაგრამ პოეზიაში შეფარული ხერხით შეგიძლია იმის გაკეთება, რომ თითქოს არ ასაჯაროვებ... და როცა ამ ნაწერს სხვა კითხულობს, ზოგჯერ თავის ცხოვრებას, საკუთარ თავს ხედავს მასში... ბოლომდე მაინც ვერც ახსნი, თუ რა არის პოეზია და არც უნდა ეცადო მის ახსნას...
დამწყვდეული სულები
არსებობენ დამწყვდეული სულები,
საკუთარ სხეულს მიჯაჭვული არსებები.
ისინი ვერ თავისუფლდებიან
პასუხისმგებლობის მარწუხებისგან.
ვერ გაურბიან საკუთარ თავს და დგანან ზღვარზე.
საკუთარი უსუსურობის და მაღალი თვითშეგნების გისოსებში.
მათ არ ყავთ პატრონი.
მათ არ ყავთ განმათავისუფლებელნი.
ამ სულებს შეუძლიათ სიყვარული და არა სიძულვილი.
რადგან მათ მიერ განცდილი სხვისი სიძულვილი,
საკუთარი თავის უარყოფას და დამცირებას გულისხმობს.
ოცნებები ოცნებებად რჩებიან მათში
და არაფერი ხდება რაც მათ სულებს გაანთავისუფლებს.
- როგორ ფიქრობთ, ხელოვან ადამიანს საზოგადოების წინაშე რა მოვალეობა აკისრია?
- ხელოვანმა ნებისმიერი ეპოქიდან რაღაც უნდა გამოიტანოს და თავისი კვალი დატოვოს. ნებისმიერ შემოქმედებაში შეგიძლია ამის ასახვა.
- თქვენც გსურთ ამ ეპოქაში კვალის დატოვება?
- ჯერ საკუთარი თავიდან უნდა გამოვიდე... ყველაფერი საკუთარი თავით იწყება. მერე კი ალბათ ამასაც ვეცდები...
- გოგონას, რომელმაც წერისკენ გიბიძგათ, პირადად მიუძღვენით რომელიმე ლექსი?
- დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა იმ გრძნობითვე არ მიპასუხა. წელიწადნახევრის შემდეგ გავიცანი სხვა გოგონა, ჩვენ ერთად ვიყავით... მის მიმართაც მქონდა გრძნობები, შემდეგ დავშორდით... სწორედ იმ გოგონას მივუძღვენი ეს წიგნი, რომელიც გამოიცემა.
- ეს ნახატი სიყვარულით იმედგაცრუებაზე, მოგონებებზეა, ძველ და კიდევ უფრო ძველ გრძნობებზე, რომლებმაც თავიანთი მნიშვნელობა დაკარგეს, თუმცა მაინც ჩემს გვერდით არიან...
- თუ არის რაიმე აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც გეხმარებათ შემოქმედებით მუშაობაში?
- ხატვის ან წერის დროს მიყვარს სასმელი, ბევრი სიგარეტი და მუსიკა... ხატვის დროს განსაკუთრებულად მჭირდება განმარტოება. თუ ვინმეა ოთახში, კონცენტრაციას ვერ ვახდენ. კაფეშიც შემიძლია ვიჯდე და ვხატო. ცოტაოდენი სასმელი თავდაჯერებულობასა და თავისუფლებას მმატებს. სახლში აუცილებლად ზეთებით ვხატავ, ფანქრით ჩანახატებიც ბევრი მაქვს.
- თქვენი თაობის ახალგაზრდებზე რა შეხედულებები გაქვთ, რა მოგწონთ ან რა გაღიზიანებთ მათში?
- არ მომწონს ის, რომ ახალგაზრდების ერთი ნაწილი ყველაფერს ზედაპირულად უყურებს... სიყვარულს, ხელოვნებას... პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს პატივს არ სცემენ, ფიქრობენ, პროვინციელია და მორჩა... რეალურად კი თავად ავლენენ პროვინციალობას. სოციალურ ქსელზე ზედმეტი დამოკიდებულება არ მომწონს... მაგრამ მეორე ნაწილი ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან, რომელთა ფასეულობებიც მაღალ თამასაზე იწევს.
ზოგადად ადამიანებს გულწრფელობა გვაკლია. ერთმანეთის პატიება გვიჭირს... ერთმანეთს ვებრძვით, სხვისი ცხოვრებით ცხოვრება მოგვწონს... მგონია, ეს ყველაფერი რომ დავთმოთ, ცხოვრება უფრო ლაღი იქნება. მაგალითად, ტრანსპორტში ადამიანების დამოკიდებულება ყველაზე კარგად ჩანს, თუნდაც მეტროში, სადაც ძალიან დეპრესიული და აგრესიული სიტუაცია იქმნება ხოლმე. რამდენიმე ადამიანს თუ დაინახავ გაღიმებულს. თაობათა შორის ბრძოლა დღესაც გრძელდება. ჩემმა მეგობარმა მიამბო, რომ მეგობრებთან ერთად ტრანსპორტით მგზავრობისას, ახალგაზრდები იცინოდნენ, უფროსმა თაობამ შენიშვნა მისცა, რატომ იცინით, რა გაქვთ სასაცილოო... უფროსი თაობის შეურაცხყოფა ამით ნამდვილად არ მინდა... რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც უყვარს ახალგაზრდებიც, მათი სილაღეც და ა.შ. მაგრამ ჩემი მეგობრის მოყოლილი სიტუაციის მსგავსს ხშირად შევსწრებივარ - ბავშვები იციან, უფროსები კი ეჩხუბებიან, რატომ ხალისობენ, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში... მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სულ დათრგუნვილებმა ვიაროთ? ბევრი პოზიტივიც არსებობს ირგვლივ, ის უნდა ვეძებოთ და ამით გავიხაროთ... სამყაროში ყველაფერი ცუდად არ არის...
- ყველა ხელოვანი ადამიანი თავისივე შექმნილ სამყაროში ცხოვრობს... ოდნავ რომ შეგვახედოთ, რა ხდება იქ, შიგნით?
- იქ თავისუფლება და კიდევ რამდენიმე ადამიანია, თვითონაც არ იციან, რომ ჩემს სამყაროში არიან, მაგრამ სულიერად მუდამ იქ ცხოვრობენ... და კიდევ ხეები...
* * *
რატომ არ ვარ ხე,
რომელიც იდგმებოდა შენი
სახლის წინ
და როცა კი გამოხვიდოდი
ეზოში,
ყოველთვის იფიქრებდი
ჩემზე.
რატომ არ ვარ ხე,
რომელსაც ეჭირებოდა
შენი სახლის საძირკველი და
როცა მთელი სამყარო დაინგრეოდა,
მე გადაგარჩენდი შენ.
რატომ არ ვარ ხე,
რომლის ტოტები შემოვიდოდნენ შენს ფანჯარაში და ყოველ
ღამე
დაგიწვებოდნენ გვერდით.
რატომ არ ვარ ხე,
რომლის ჩამოვარდნილი
ფოთლებით
გავაკეთებდი ბილიკს ჩემთან
მოსასვლელად.
რატომ არ ვარ ერთი უბრალო ხე,
რომელსაც მთელი სხეულით
დაეყრდნობოდი, როცა ცუდად იგრძნობდი
თავს,
....
- ხეების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ, რაც კარგად ჩანს თქვენს შემოქმედებაში... რასთან ასოცირდება ისინი თქვენთვის?
- შემოდგომაზე - მარტოობასთან, გაზაფხულზე - სიცოცხლესთან, ზამთარში - ტკივილთან, ზაფხულში - ემოციურ ჩახუთულობასა და ურთიერთობასთან... ხეები ჩემთვის ადამიანებივით არიან, რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ და განიცდიან...
* * *
თუ შეუძლიათ ჩემს ლექსებს ფრენა,
გაფრინდნენ ქარში.
არ გაეხლართონ,
ხეებში.
მივიდნენ ადამიანებთან,
რომლებსაც სტკივათ გული.
ჩაეჭიდნონ მათ
ნერვიულ სისტემას და დაამშვიდონ,
რომ არ არიან მარტონი.
არ დაბრუნდნენ ლექსები უკან.
არც დარჩნენ მათთან.
იმოგზაურონ მათ
და გააკეთონ რაც კი შეუძლიათ
სხვათა სიმშვიდისთვის.
- რომელ ხეში ხედავთ საკუთარ თავს?
- ყველაზე გაშიშვლებულ ხეში, რომელიც გაზაფხულზეც კი არ ყვავის ხოლმე...
* * *
მე ვისწავლე
იმ ადამიანებისგან გაქცევა,
რომლებიც მიყვარს. და მე მივრბივარ ყოველ
წუთს
ქშენა-ქშენით,
ვიღვრები ოფლად,
და არც კი ვიცი, რას
მომიტანს ეს საქციელი.
მე ვისწავლე,
მანამდე შევქმნა ტკივილი,
სანამ ის მოვა,
ხელებს ჩამჭიდებს და
მეტყვის :
„მე აქ ვარ, შენს უძილო ღამეში".
მე ვისწავლე,
როგორ უნდა ვიარო ქუჩაში
მარტო,
როცა ერთადერთი ლამპიონი
ჩემთვის მთვარეა
და ვარსკვლავები უფრო
ტკივილისგან გამონაყარი.
მე ვისწავლე
სისულელეების წერა,
და დიდი სიჩუმე
ყოველ საღამოს...
მე ვისწავლე,
რომ არ უნდა დავაბა ადამიანები
სიყვარულის თოკით და ვისაც წასვლა სურს,
უნდა გავუშვა.
ეს ქალი ყველაზე ლამაზი და სევდიანია. რაღაც იდუმალი მარტოობის განცდებით...
- ეს ნახატი მამაჩემის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დავხატე. დედაჩემს რატომღაც ეს შავებში მოსილი ქალი არ მოეწონა. თუმცა ნახატი სრულიად გაუაზრებლად დავხატე.
- ერთი თვის წინ გადავაკეთე და ეს მივიღე... საბოლოო ჯამში, მაინც სევდიანად დარჩა. მაგრამ ვიზუალურად ცოტა ხალისი შეემატა... რომ ყველაფერი დაკარგული არ არის...
გზა
ყველა გზა
შენთან მომავალი
უკვე დამინგრიე.
ფრთა.
ყველა ფრთა,
შენთან მოსაფრენი
უკვე მომაჭერი.
ზღვა.
ყველა ზღვა,
შენთან მოსაცური,
უკვე ამოაშრე.
მე,
ადგილზე
გაქვავებული ცვილის ფიგურა გავხდი,
რომლის თვალები მრავლისთქმელია,
თუმცა უმოქმედო.
შენ,
იმ მუზეუმში ცხოვრობ,
რომელშიც მე
უნდა გავდნე.
ჩვენ,
ვეღარასდროს ვიქნებით,
მთვარესთან ახლოს.
ღმერთები შეცდნენ,
ამიტომ ყველაფერს ღრმა წარსულში დატოვებენ.
მე უნდა გავუძლო,
ამ ყველაფერს.