reportiori.ge - აკაკი ასათიანი: მგონი, თავად „ქართულ ოცნებასაც“ არ ახსოვს, რამხელა საქმე გააკეთა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:44
ინტერვიუ
აკაკი ასათიანი: მგონი, თავად „ქართულ ოცნებასაც“ არ ახსოვს, რამხელა საქმე გააკეთა!
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2015. 15:46


„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების 3 წლისთავს აფასებს და „ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ დადებით და უარყოფით ნაბიჯებზე „რეპორტიორთან" საუბრობს.


„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი:


- რაც სამი წლის წინ მოხდა, 2012 წლის 1 ოქტომბერს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვების თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა სახელისუფლებო პარტია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული პრეცედენტი შეიქმნა და ამას მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია, ეს „ქართულ ოცნებასა" და მის მაშინდელ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დამსახურებად ჩავუთვალოთ. ეს მოხერხდა სწორი ტაქტიკის წყალობით. ეს არის სერიოზული მონაპოვარი, რომელსაც მოფრთხილება უნდა და იმედი მაქვს, სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების წესად. იმედი მაქვს, უპირველეს ყოვლისა თავად ხელისუფლება აღარ მიმართავს არავითარ ზომებს, რომ სხვა ხერხებით შეინარჩუნოს ძალაუფლება.


- რომელ უწყებაში განხორციელებულ რეფორმას გამოარჩევდით?


- ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. თუმცა, ჩვენც გვავიწყდება ეს ამბავი და მგონი, თავად „ქართულ ოცნებასაც" არ ახსოვს დიდად, რამხელა საქმე გაკეთდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო და ყველა ვფიქრობდით, რომ გეზი გვექნებოდა სოციალური სახელმწიფოსაკენ.


ასევე აქვე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად აღსანიშნავია ატმოსფერო და ის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები შეიქმნა. არამარტო მედიას ან პოლიტიკურად აქტიურ პიროვნებებს, არამედ ზოგადად მოქალაქეებს შიში მოეხსნათ.


- რას იტყვით საგარეო კურსსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე?


 - დიახ, შეგვიძლია, წარმატებად ჩავთვალოთ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. თუ გავიხსენებთ, რა გააკეთა იანუკოვიჩმა, მის ბრიყვულ და საბედისწერო გადაწყვეტილებას თუ გავიხსენებთ, ჩვენ შეგვიძლია მიღწევად ჩავთვალოთ, რომ იანუკოვიჩივით უარი არ ვთქვით.


თავიდან თითქოს ბიზნესიც გათავისუფლდა წნეხისგან, მედიაც და შიშიც მოიხსნა. მაგრამ ახლა მივადექით იმ საკითხებს, რომლებიც ჯერაც გადაუწყვეტელია.


- რომელი უწყების მუშაობით ხართ უკმაყოფილო?


- წარმატებულად ვერ ჩავთვლი სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ ნაბიჯებს, რადგან ისინი არათანმიმდევრულია. საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა და ამის მიუხედავად ფერმერების უკმაყოფილება არსებობს. ეს ადასტურებს, რომ მაინცდამაინც გეგმაზომიერი და გაცნობიერებული გეგმით არ მოქმედებდა ხელისუფლება.


- რას ფიქრობთ ბოლო დროს მედიასივრცეში მომხდარ მოვლენებზე?


- ეჭვები გაჩნდა მედიასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ვხედავთ. რითიც გინდა აიხსნებოდეს ეს მოვლენები, რომლებიც ტელეკომპანია „იმედს", „პირველ არხს", „რუსთავი 2"-ს თუ „მაესტროს" უკავშირდება, რადგან ამდენი რამე ერთად ხდება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად და მიზანდასახულად ხორციელდება. რამდენადაც უნდა უარყოს „ქართულმა ოცნებამ" ბრალდებები, ყველა შემთხვევაში მას დაბრალდება. სხვა ახსნა ამას ჯერჯერობით არ აქვს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ძალიან ცუდია ეს, რადგან პირველი 2 წელი მედია მართლაც თავისუფალი იყო.


- მისაღებია თუ არა თქვენთვის სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ზოგადად, ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების ზეწოლისგან თავისუფალია?


- პირველი ორი წელი არ იგრძნობოდა ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან. სასამართლო იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნამდვილად არ მოსწონდა ხელისუფლებას. ავიღოთ თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ ამბის პროპაგანდისტულად გამოყენება შეიძლებოდა. შეეძლოთ ეთქვათ, რომ ეს არის დემოკრატია. ამის ნაცვლად ატყდა წივილ-კივილი და გაიძახდნენ, რამდენიმე საათში უკან დავაბრუნებთო. შეიძლებოდა თქმულიყო, რომ არ იცოდნენ, რას იზამდა სასამართლო. თუმცა, როგორც ჩანს, იცოდნენ.


- საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზეც გკითხავთ, არის თუ არა ხარვეზები ამ მიმართულებით?


- საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხარვეზები ნამდვილად არის. საყოველთაო მოთხოვნაა, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები გაუქმდეს. ხელისუფლების პასუხია, რომ ეს არის სწორი, მაგრამ გაუქმდება 2020 წელს. რატომ გაუქმდება 2020 წელს და არა 2016-ში, ვერაფერს ამბობენ. ბოლოს თქვეს, რაც რეალობა იყო. მათ დაახლოებით ასე გამოუვიდათ, რომ ახლა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მათი კოალიციის დაშლას გამოიწვევს. მათი არგუმენტი უსუსურია და ამას არგუმენტი არ ჰქვია.


- როგორ შეაფასებთ ეკონომიკაში არსებულ ვითარებას?


- ბიზნესიც უკმაყოფილოა. ვსაუბრობთ ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებაზე და ამ დროს, პირიქით, გვაქვს ერთიანი პროდუქტის შემცირება და კლება. აქვე ლარის კურსი უწყვეტად თამაშობს. ამას ხან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აბრალებენ, ხან გარე ფაქტორებს. სინამდვილეში, მაინც ჩვენი საკუთარი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია.



- კმაყოფილი ხართ თუ არა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკით?


- მათ აბრალებენ, რომ იცვლიან ორიენტაციას და რუსეთისკენ იხრებიან. პრობლემა ის არის, რომ არავისკენ და არაფრისკენ იხრებიან და საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს. ეს არის მთავარი პრობლემა. ისინი ელოდებიან უკეთეს მომენტს რუსეთთან დასალაპარაკებლად. ასეთი მომენტები თავისით არ მოდის. ის უნდა შექმნან და მის მოსვლას ხელი უნდა შეიწყონ. NATO-სთან თანამშრომლობაც ინერციით მიდის. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016