რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სასტუმრო „კონტინენტ კრონ პალასში" გაიმართა, ხოლო 4 ოქტომბერს საკონცერტო დარბაზ „არტ-ჰოლში" საზეიმო ღონისძიება ჩატარდება.
„ეს არის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. საქართველოს რკინიგზას ჰყავს ძლიერი საუკუნოვანი ისტორიის მქონე პროფკავშირი. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესება", - განაცხადა საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ნასარაიამ.
2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი „ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების" წევრი ორგანიზაციაა. ამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კავშირის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ სხვადასხვა ქვეყნის რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ნასარაია; თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი - იშაკ კოსაბიკი; მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი.